4 ივნისს, აგრესიის მსხვერპლი უდანაშაულო ბავშვების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა დევნილი ბავშვები „მთაწმინდის პარკში“ გაასეირნა. დევნილმა ბავშვებმა ფერადი ცარცით, მშვიდობის თემაზე, სხვადასხვა ნახატები შეასრულეს და „მთაწმინდის პარკში“ არსებული ატრაქციონებით უფასოდ ისარგებლეს.
1982 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 4 ივნისი აგრესიის მსხვერპლი ბავშვების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. 4 ივნისის აღნიშვნა მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას იმ ემოციური თუ ფიზიკური ძალადობის შესახებ, რომლებსაც უდანაშაულო ბავშვები განიცდიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს დღე ადასტურებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვალდებულებას, დაიცვას ბავშვები და მათი უფლებები.
(R)