“ორი წელი გავიდა იმ საშინელი ღამიდან. ყველას გვახსოვს თითოეული მსხვერპლის ისტორია. სტუდენტი გოგონები, დაკარგული ბიჭები, მამაკაცები და ქალბატონები, მოხუცები თუ ახალგაზრდები… ტრაგიკული ბედის მქონე ზოოპარკის თანამშრომელი ქალბატონი, მეორე დღეს ვეფხვის მსხვერპლი მამაკაცი… და გმირი მაშველი ზურაბ მუზაშვილი! _ 13 ივნისის ტრაგედიის ორი წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება ვიცეპრემიერი კახი კალაძე:
“გვახსოვს რა ხდებოდა ცხოველების თავშესაფარში და ზოოპარკში, ეს ყველაფერი, თითქოს ფილმში თუ კოშმარულ სიზმარში ნანახს გავდა, იმდენად წარმოუდგენელი იყო ასე პირისპირ დაჯახება სტიქიასთან რეალობაში.
ტრაგედიით, მსხვერპლით თავზარდაცემული თბილისი მზიურის მოხალისეებმა გამოიყვანეს შოკიდან. ეს იყო საოცარი ერთობის, სამოქალაქო შეგნების, ადამიანობის დემონსტრირება. ჩვენ, ვინც წლებია მრავალ უბედურებასთან ვიდექით პირისპირ, თითქმის ჩვევაში რომ გადაგვივიდა ეგოიზმი, გაუტანლობა ან ნიჰილიზმი საერთო საქმის მიმართ, უცებ ავღმოჩნდით ახალ რეალობაში.
დაკარგულს ვერაფერი აგვინაზღაურებს, სიცოცხლეს ვერავის დავუბრუნებთ, მაგრამ იმედი, რომ ჩვენს გვერდზე დიდი, თავდადებული ადამიანები არიან გვიმსუბუქებს ტკივილს.
ხსოვნა იყოს ყველა დაღუპულის.
მადლიერება ყველას ვინც სტიქიას და მის შედეგებს შეებრძოლა” _ წერს კალაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.