„ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინანტი ფილმი “მანდარინები” იტალიაში კიდევ ერთი პრესტიჟული პრემიის მფლობელი გახდა. San Fedele-ს პრემია წელს 61-ედ გაიცა და იგი სწორედ ქართველ რეჟისორს, ზაზა ურუშაძეს ხვდა წილად.
იტალია მსოფლიოს მასშტაბით წლის საუკეთესო ფილმს 1956 წლიდან ირჩევს და პრემიას ანიჭებს. გამოკითხვაში ჩართული არიან როგორც კინოკრიტიკოსები და კულტურული სფეროს წარმომადგენლები, ასევე რიგითი მაყურებლები. გამარჯვებული კი წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ერთი კონკრეტული ფილმი ხდება.
წლების მანძილზე San Fedele-ს პრემია ისეთ გამოჩენილ კინემატოგრაფისტებს აქვთ მიღებული როგორებიც არიან: ფედერიკო ფელინი, ფრანჩესკო როსი, პიერ პაოლო პაზოლინი, ინგმარ ბერგმანი, მილოშ ფორმანი, აკირა კუროსავა, რობერტო ბენინი, პედრო ალმადოვარი, სტივენ სპილბერგი და სხვა.
ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე მილანშია მიწვეული, სადაც, როგორც საპატიო სტუმარს და პრემიის ლაურეატს, San Fedele-ს კინოთეატრში ცნობილი იტალიელი სკულპტორის Mimmo Paladino-ს მიერ შექმნილ სკულპტურას გადასცემენ.
1tv.ge