„ჩოხატაურის კულტურის სახლის მშენებლობა დაგეგმილი იყო 70-იან წლებში, შემდეგ ის მიწასთან გაასწორეს და აქ არაფერი იგეგმებოდა. ეს არის ძალიან დიდი შენაძენი ჩოხატაურის რაიონისთვის, მთლიანად გურიისთვის და საქართველოსთვის, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაიონებში კულტურული ცხოვრების აღორძინება და განვითარება.
აქ ბავშვები ივლიან, იქნება წარმოდგენები, შესაძლებელია კინოფილმების ჩვენებაც. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზაფხულის პერიოდში, აქედან წასული ოჯახები დაბრუნდნენ და იყოს სრული კულტურული ცხოვრება, ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, ნახონ ფილმები, დაესწრონ წარმოდგენებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივებისთვის, რადგან შესაძლებელია, ბევრი წრე მოეწყოს, აქ იქნება ბავშვების განათლება კულტურის მიმართულებით და მინდა, ჩოხატაურელებს მივულოცო ეს დიდი შენაძენი”, _ ეს განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასული წლის 19 ნომებერს, ჩოხატაურში ხელოვნების სასახლის გახსნაზე გააკთეა.
გახსნიდან რამდენიმე დღეში, შპს “ვექტორის” მიერ ორი მილიონ ოთხას ოთხმოცდაცხრამეტ ათას ლარად აშენებულ სასახლეში “გურია ნიუსმა” უამრავი ხარვეზი აღმოაჩინა.
ფანჯრები, რომლებიც არ იღება, ვენტილაცია მხოლოდ ფოიესა და დარბაზში; “თაგვების საპატივცემულოდ” დატოვებული საჰაერო კარებსა და იატაკს შორის _ რომ არაფერი ვთქვა იმაზე, რომ შენობას არც საგრიმიორო აქვს, არც გასახდელი და არც სარეპეტიციო დარბაზი.
მიუხედავად იმისა, რომ მშენებლებმა ამ ყველაფრის გამოსწორების პირობა დადეს და ინსპექტირების ჯგუფმაც შესაბამისი რეაგირება დაანონსა, გაირკვა, რომ პრობლემებმა მოკლების ნაცვლად, იმატეს _ შენობაში წყალი ჩადის, დაზიანებულია ფასადი, შიდა კედლებს უკვე ბზარი აქვს. ვერანდებზე არსებული თუნუქი უკვე დაჟანგულია და იატაკის კერამიკული ფილებიც ბევრ ადგილზეა გატეხილი. დარბაზში არსებულ სკამებზე ნუმერაცია ჩამოცვენილია.
როგორც ხელოვნების სასახლის დირექტორმა თემურ კოროშინაძემ გვითხრა, ყველა ხარვეზი დასურათებულია და მშენებელ კომპანიას გაეგზავნა, რომელსაც ვალდებულება აქვს 2 წლის განმავლობაში ყველა პრობლემა გამოასწოროს.
თუმცა, ეს პრობლემები დღეს არ დაწყებულა და შესაბამისად, ყოველდღე მატულობს
როგორც კულტურის ცენტრის სამეურნეო ნაწილის გამგე ტარიელ ცენტერაძე ამბობს, შენობაში წყალი უკვე აღარ ჩამოდის, რადგან დაზიანებული სახურავი პირადად შეაკეთა.
_ რამდენიმე დღის წინ ვიყავი ბათუმში. შევხდი კომპანიის ხელმძღვანელს, გადავეცი ფოტოები, რომლებზეც ყველა ხარვეზია აღბეჭდილი და მითხრეს, რომ მალე ყველაფერი მოგვარდება, _ აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას ცენტერაძე.
ცენტერაძისთვის უცნობია, როდის იქნება ეს “მალე“. კონკრეტულ თარიღს ვერც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა გვისახელებს, რომელიც “გურია ნიუსის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოზეც აკეთებს კომენტარს, რომელზეც სახურავიდან ჩამოსული წყლისგან გაფუჭებული ოთახის ჭერი კარგად ჩანს:
„ხელოვნების სასახლეში წყალი არ ჩამოდის. ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, წყალმა სახურავიდან მართლაც გამოჟონა, მაგრამ ეს ხარვეზი მშენებელი კომპანიის მიერ აღმოიფხვრა, თუმცა აღნიშნულმა გამოიწვია თქვენს ფოტოზე აღბეჭდილი დაზიანებები, რომელთა აღმოფხვრა კომპანიის ვალდებულებაა და შეასრულებს კიდეც. არშესრულების შემთხვევაში, ამოქმედდება საჯარიმო სანქციები. იმედია, აქამდე საქმე არ მივა. ამ განცხადების საფუძველს არა მხოლოდ სახელშეკრულებო პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებები მაძლევს, არამედ კომპანიის ხელმძღვანელების განწყობაც, რომლებსაც რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე,” _ გვითხრა კუჭავამ.
_ ბატონო ირაკლი, ეს პრობლემები ხომ ერთი დღის არ არის?! როგორც ხელოვნების სასახლის თანამშრომლებმა გვითხრეს, ხარვეზების ამსახველი ფოტოები პირადად ჩაუტანეს მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელს. რატომ არ მიწერეთ ამის შესახებ ოფიციალურად კომპანიას და დაზიანებული სახურავი კულტურის ცენტრის თანამშრომელმა რატომ შეაკეთა?
_ ვინ შეაკეთა, იქნებ დაგვიკონკრეტოთ…
_ ტარიელ ცენტერაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მან შეაკეთა… უფრო მეტიც, მან პირადად ჩაიტანა ფოტოები ბათუმში. კანონი სხვა რამეს ითვალისწინებს.
_ ცენტერაძე მშენებლობის ზედამხედველი იყო და აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, კომპანიასთან მოილაპარაკეს.
_ რას ნიშნავს მოილაპარაკეს? ის კულტურის ცენტრის თანამშრომელია, გამგეობა უხდის ხელფასს და კომპანიის გაფუჭებული საქმე მას რატომ ეხება?
_ იმას ნიშნავს, რომ, ალბათ, კომპანიამ დაიქირავა და გასამრჯელო გადაუხადა ანდა ენთუზიაზმით შეასრულა. ჩვენ კომპანიასთან გვაქვს საქმე და არა კულტურის ცენტრის თანამშრომლებთან.
_ საქმეს მაგაშია… რატომ არ თხოვთ კომპანიას ხარვეზების დროულად გამოსწორებას, ვალდებულებების შესრულებას კანონის შესაბამისად?
_ კიდევ გიმეორებთ, რომ კომპანიასთან შესაბამისს სამსახურებს აქვს კომუნიკაცია და ხარვეზები აღმოიფხვრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამოქმედდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ხელოვნების სასახლე შეუფერხებლად ფუნქციონირებს და ალამაზებს ჩვენს მუნიციპალიტეტს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლისგან განსხვავებით, შპს “ვექტორის“ ხელმძღვანელი სოსო მამულაშვილი ამბობს, რომ მან პრობლემების შესახებ არაფერი იცის და აღნიშნავს, რომ არ არის ვალდებული კითხვებზე პასუხი გაგვცეს:
_ ბატონო სოსო, თქვენ მიერ რამდენიმე თვის წინ აშენებულ შენობაში წყალი ჩავიდა, კედლებიდან ბათქაშები უკვე ცვივა. თუნუქი დაჟანგულია… ხარვეზების გამოსწორებას კულტურის ცენტრის თანამშრომელი ცდილობს და არ თქვენ. რითი დაიმსახურეთ ასეთი სასათბურე პირობები?
_ არ ვიცი, არ ვარ საქმის კურსში.
_ თქვენთვის ხარვეზების შესახებ ინფორმაცია არავის მოუწოდებია?
_ დეფექტები რომ არის კი ვიცი, მაგრამ ვინ აკეთებს არ ვარ საქმის კურსში.
_ თუ იცით, რომ დეფექტებია, რატომ არ ასწორებთ? რატომ არ ასრულებთ ვალდებულებებს?
_ ვაკეთებთ. „ფოკუზნიკი“ ხომ არ ვარ, ერთ დღეში გავაკეთო?!!
_ პრობლემები რამდენიმე დღის კი არა, რამდენიმე თვისაა…
_ ცოტა ლოგიკა ჩამოგეყალიბებინათ.
_ ჩვენი ლოგიკის დაწუნებას, კითხვებზე პასუხი გაგვცეთ არ ჯობს?
_ რას ნიშნავს არ ვაკეთებ, ხელი ავიქნიო და “ფოკუზი“ იქნება?
_ ბატონო სოსო, წყალი რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა.
_ წყალი რომ ჩამოვიდა, გაკეთებულია.
_ თუმცა, ეს თქვენ არ გაგიკეთებიათ _ სამუშაო შეასრულა ადამიანმა, რომელიც კულტურის ცენტრში მუშაობს და რომელსაც ბიუჯეტიდან ვუხდით ხელფასს. არადა, ამის გაკეთების ვალდებულება თქვენ გაქვთ…
_ რაებს ლაპარაკობთ, საერთოდ აზრზე ხართ?
_ აზრზე რომ ვართ, იმიტომაც გისვამთ შეკითხვებს…
_ კითხვები დაუსვით იმას…. _ გვითხრა მამულაშვილმა და ტელეფონი გაგვითიშა.
ამ საუბრიდან რამდენიმე წუთში კი ისევ დაგვიკავშირდა:
_ თქვენ გგონიათ, ვისაც კითხვებს დაუსვამთ, ყველამ აუცილებლად უნდა გაგცეთ პასუხი? _ კითხვა დასვა მამულაშვილმა და ჭკუის დარიგებასაც არ მოერიდა.
_ ბატონო სოსო, საუბარია ორ მილიონნახევარ ლარზე, ხალხის ფულზე და ჩვენ ვალდებულები ვართ გავარკვიოთ, როგორ დაიხარჯა ეს ფული..
_ ააა, ეს მართლა თქვენი ფულია?! იცით, ჩემი პირადი ფული რამდენია დახარჯული?!
_ რას ნიშნავს თქვენი პირადი ფული? „ატკატზე“ საუბრობთ?!
_ ვერ ხართ თქვენ თქვენს “მატორზე“, _ ჩვეულ „ტაქტიკას“ მიმართა მშენებელმა და ტელეფონი ისევ გათიშა.
ამ ყველაფერთან ერთად, აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიღება-ჩაბარების კომისიამ გასულ წელს ეს შენობა ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ ჩაიბარა.
ჯერ კიდევ გასულ წელს, ტენდერში გამარჯვებული შპს “საქართველოს ექსპერტთა კოლეგიის“ ექპერტები ჩვენთან საუბრისას ამბობდნენ, რომ მშენებლობის დროს მნიშვნელოვანი ხარვეზები აღმოაჩინეს და შესაბამისად, მშენებელს თანხაც _ დაახლოებით 50 000 ლარიც დააკლეს:
_ მშენებელს არ ჰქონდა ის სამუშაო შესრულებული, რაც მითითებული იყო და ამიტომ დააკლდა თანხა. ჩვენ თითქმის 1 თვის განმავლობაში ვმუშაობდით მანდ და იმ ხნის განმავლობაში ბევრი ხარვეზი გამოსწორდა ჩვენი მითითებით. რაც არ გამოსწორდა, იმაზე თანხა დააკლდათ, _ ამბობდა ჩვენთან საუბრისას კომპანიის ხელმძღვანელი გოჩა გუბელაძე.
თუმცა, ჩაბარებიდან რამდენიმე თვეში ფაქტები ცხადყოფს, რომ პრობლემები იმაზე მეტია, ვიდრე ჩანს. პირველ რიგში კი ის, რომ კანონი ყველასთვის არ კანონობს და შპს „ვექტორს“ სასათბურე პირობებს უქმნიან, რომლითაც ხელოვნების სასახლის თანამშრომელთა აზრით, შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.