იტალიელი ფრანჩესკო ტრეჩი საქართველოში უკვე მეხუთედ, საქართველოს შესახებ დაწერილი წიგნის პრეზენტაციის გამო ჩამოდის.
„საქართველოს ისტორია“ ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც 23 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.
„გურია ნიუსი“ ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ იმის შესახებ თუ რას გეგმავს ფრანჩესკო ტრეჩი საქართველოში ვიზიტისსა და აპირებს თუ არა მომავალში კიდევ ესტუმროს ჩვენს ქვეყანას.
_როდის და რატომ გადაწყვიტეთ საქართველოზე წიგნის დაწერა?
_საქართველოს შესახებ წიგნის დაწერა 17 წლის წინ გადავწყვიტე, როდესაც ჟურნალში საქართველოზე სტატია წავიკითხე. მას შემდეგ თქვენს ქვეყანაზე ვარ შეყვარებული და ჩემი კვლევები მივუძღვენი. 4-ჯერ ვარ საქართველოში ნამყოფი და მეხუთედ ჩამოვდივარ.
_რითი მოიხიბლეთ ყველაზე მეტად საქართველოში?
_ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ანტიკურმა ანბანმა და ენამ, ქართველი ხალხის ღირებულებებმა _ მეგობრულობამ და სტუმართმოყვარეობამ, ქალაქების სილამაზემ და პეიზაჟებმა. საქართველოს მივიჩნევ როგორც ჩემს იდეალურ სამშობლოს.
_არის თუ არა რამე მსგავსება ქართველებისა და იტალიელების ხასიათებს შორის?
_ჩვენ მოძმე ერები ვართ. იტალიელებს ქართველების მსგავსად უყვართ ჭამა და დალევა. იტალიაში ცხოვრება დაუნდობელია და არა ისეთი წმინდა, როგორც საქართველოში სტუმარი.
_აპირებთ საქართველოს შესახებ კიდევ დაწეროთ რამე ან გადათარგმნოთ რომელიმე ქართული ნაწარმოები?
_ეს წიგნი იტალიურ, ფრანგულ და ინგლისურ წყაროებზე დაყრდნობით დავწერე. მე არ მითარგმნია ქართულიდან. სამწუხაროდ, ჯერ ქართულად ვერ ვლაპარაკობ, მაგრამ ვაპირებ ვისწავლო და იმედი მაქვს მომავალში ქართულად საუბარს შევძლებ.
_რამდენ ხანს აპირებთ საქართველოში დარჩენას და რა გეგმები გაქვთ წიგნის პრეზენტაციის გარდა?
_23 ივნისს, ილიას უნივერსიტეტში წიგნის პრეზენტაციის შემდეგ საქართველოში მოგზაურობას ვაპირებ. ვარძია, ახალციხე, ბათუმი, ოზურგეთი, ქუთაისი, ზუგდიდი, მესტია და კახეთი უნდა მოვინახულო. ძალიან მიყვარს თქვენი ქვეყანა; კიდევ ერთხელ ვისარგებლებ ამ შემთხვევით და მოვინახულებ.
_თუ გეგმავთ საქართველოში იტალიის, ან იტალიაში საქართველოს შესახებ ლექციების ჩატარებას ქვეყნების დაახლოების მიზნით?
_რასაკვირველია; იტალიის დიდ ქალაქებში ჩემი წიგნის დაახლოებით 30 პრეზენტაცია ჩავატარე. ქართველები უნდა გაიცნონ იტალიელებმა და ევროპელებმა. ვიმედოვნებ, რომ ისინი მალე იქნებიან აქ, საქართველოში.
_როგორც ვიცით, თქვენ საქართველოს საპატიო მოქალაქეობის ერთ-ერთი კანდიდატად დაგასახელეს, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს სტატუსი?
_სამწუხაროდ, საპატიო მოქალაქე არ ვარ და თუ ოდესმე გავხდები ძალიან გამიხარდება. მას შემდეგ რაც 2003 წელს პირველად ჩამოვედი საქართველოში თავი ისე ვიგრძენი როგორც საკუთარ სახლში, ქართველებმა ისე მიმიღეს, როგორც მათი ქვეყნის მოქალაქე.
_გაქვთ გადაწყვეტილი კიდევ როდის ეწვევით საქართველოს?
_საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები რადგან მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.
ამავე თემაზე:
ვინ არის იტალიელი, რომელმაც „საქართველოს ისტორია“ იტალიურად თარგმნა