თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენაში, წარსულში განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი ბექა შენგელია დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებული ირმა ყოჩიაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბექა შენგელიამ და ირმა ყოჩიაშვილმა ამ უკანასკნელის დედის მკვლელობა განიზრახეს. 2016 წლის 19 ოქტომბერს, ბექა შენგელიამ და ირმა ყოჩიაშვილიმ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად ლუბა ყოჩიაშვილი მისსავე საცხოვრებელ სახლში მოკლეს, გვამი ჩანთაში მოათავსეს და ავტომანქანით გადაიტანეს ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში, სადაც სხეული დაანაწევრეს, ხოლო შემდეგ ქ.თბილისის შემოვლითი გზის მე-13 კილომეტრზე მდებარე ყოფილ ნაგავსაყრელზე დაწვეს.
სამართალდამცველებმა ბექა შენგელია და ირმა ყოჩიაშვილი 2016 წლის 3 ნოემბერს დააკავეს. ბექა შენგელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, მსხვერპლის სხეულის ორგანოს სხვაგვარად გამოყენების მიზნით), ხოლო ირმა ყოჩიაშვილის სისხლის სამართლის კოდექსის 111 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბექა შენგელია დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე განაჩენით სასამართლომ ირმა ყოჩიაშვილი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.