საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, თემქაზე მომხდარი სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი, რომელსაც წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, გახსნილია.
როგორც “გურია ნიუსს” უწყებიდან აცნობეს, დამნაშავე პირების ვინაობა დადგენილია.
“მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულში მხილებული პირების დასაკავებლად”, _ აცხადებენ შსს-ში.
შეგახსენებთ, რომ გურამიშვილის გამზირზე, ”აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან” გუშინ ოთხი ადამიანი დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებულები უნივერსიტეტში მიმდინარე სპორტული ღონისძიებიდან გამოდიოდნენ, რა დროსაც მათ 2 პირი თავს დაესხა და ცივი იარაღით დაჭრა.
მათივე თქმით, დაჭრილთაგან ერთი სპორტსმენია, 3 კი გულშემატკივარი. მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია, 2 – მსუბუქად, კიდევ ერთს სხეულზე ნაკაწრები აღენიშნება.