“გურია ნიუსს” დახმარებისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვიანში მცხოვრებმა ივლიანე მანთიძემ მიმართა, რომელსაც სასამართლო დავა აქვს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან მიწის საიჯარო სამართალურთიერთობის ფაქტის აღიარების თაობაზე.
საქმე ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ განიხილა, რომელმაც გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 24 აპრილს, მანთიძის სასარგებლოდ გამოიტანა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც მიმდინარე წლის 24 აპრილითაა დათარიღებული, ვკითხულობთ: “ივლიანე მანთიძის სარჩელი დაკმაყოფილდეს _ აღიარებულ იქნას ლანჩხუთის რაიონის გამგეობის 2003 წლის აგვისტოს #52 დადგენილების საფუძველზე ივლიანე მანთიძესა და ლანჩხუთის გამგეობას შორის წარმოშობილი განუსაზღვრელი ვადით მოქმედი მიწის საიჯარო სამართალურთიერთობის ფაქტი მიწის ნაკვეთზე 20,5 ჰა (მდებარე ლანჩხუთი, ნიგოითის თემი, სოფელი ჭყონაგორა);
სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს ივლიანე მანთიძის სასარგებლოდ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება ასი ლარის ოდენობით”.
თავის მხრივ, ქონების ეროვნული სააგენტო, მოსარჩელის მოთხოვნას, რომ ლანჩხუთის რაიონის გამგეობის 2003 წლის აგვისტოს #52 დადგენილების საფუძველზე აღიარებული ყოფილიყო მანთიძესა და გამგეობას შორის წარმოშობილი განუსაზღვრელი ვადით მოქმედი მიწის საიჯარო სამართალურთიერთობის ფაქტი 20,5 ჰა მიწის ნაკვეთზე, სასამართლო პროცესზე არ იზიარებდა იმ მოტივით, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფაქტს.
20 ჰექტარი მიწის ფართობი, რომელსაც მანთიძე, მისი თქმით, დღესაც პატრონობს და საიჯარო გადასახადსაც იხდის, დავის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც ამ ფართობში ჩქაროსნულმა ავტომაგისტრალმა გაიარა.
“ამ ფართობში გაიარა სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის ავტობანის მშენებლობამ, რამაც ჩემს კუთვნილ ფართობს ორი ჰექტარი მოკვეთა, სადაც საქონლის სადგომი და სატბორე მეურნეობა მქონდა მოწყობილი, _ ამბობს ივლიანე მანთიძე, _ ერთ დღეს, ჩემს ეზოში წითელი ლენტებით მონიშნული ტერიტორია დამხვდა. როცა მოვიკითხე, რას ნიშნავდა ეს, მეზობელი ტერიტორიის მეპატრონეებმა მითხრეს, რომ გზის ტერიტორიაზე მოხვედრილი მიწის ფართობია და აუდიტი აწარმოებს აღრიცხვას, რომ მაგისტრალის გაყვანით გამოწვეული ზარალი აანაზღაურონ. თუმცა, საქართველოს გზების დეპარტამენტისგან მაშინ პასუხად მივიღე, რომ ვერ მივიღებდი კომპენსაციის თანხას, რადგან, თურმე, მიწის მოსარგებლედ არ ვითვლებოდი. თანხა, რომლითაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალი შენდება, საქართველოს მიღებული აქვს უცხოური ფონდიდან იმ პირობით, რომ მაგისტრალის გაყვანით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება მოხდება სამართლიანი და ღირსეული კომპენსაციის პირობებში. თუმცა, მათ ჩემთან მიმართებაში, დაარღვიეს საერთაშორისო ხელშეკრულების ეს პუნქტი.
სწორედ ამის შემდეგ, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მივმართე სარჩელით. სასამართლოს პირველმა ინსტანციამ დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი და მოიჯარედ განუსაზღვრელი ვადით მაღიარა.
თუმცა, გარკვევით არ შემიძლია იმის თქმა, რა იქნება შემდგომში, რადგან სასამართლო გადაწყვეტილებაში წერია, საქმე შეიძლება გასაჩივრებულიყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან თოთხმეტ დღეში. ეს დრო უკვე ამოწურულია, მაგრამ არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ რა პოზიცია უკავია ამჟამად ქონების სააგენტოს “, _ ამბობს მანთიძე.
თუ რას აპირებს აღნიშნულ დავასთან მიმართებაში ქონების ეროვნული სააგენტო, ამის დასადგენად სააგენტოს პრესსამსახურს მივმართეთ, სადაც რამდენიმე დღის დაგვიანებით გვითხრეს, რომ მათ საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს:
“ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ივლიანე მანთიძის სარჩელი, რასაც ქონების ეროვნული სააგენტო არ იზიარებს. ჩვენ უკვე საქმე გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში”, _ გვითხრა სააგენტოს პრესსამსახურის თანამშრომელმა ნიკა ქამუშაძემ.
ივლიანე მანთიძე ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ მას არანაირი შეტყობინება არ მიუღია სასამართლო დავის გაგრძელებასთან დაკავშირებით. თუმცა, მას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ძალადობს და ართმევს ქონებას, რომელიც მას ეკუთვნის კანონიერად:
“ირკვევა, რომ ეს არ არის საკმარისი. ამას ჭირდება თურმე მეორე ინსტანცია, სააპელაციო სასამართლო, შემდეგ უზენაესი და ბოლოს სტრასბურგი. 70 წლის ვარ და ამას დრო რომ დაჭირდება, მე ამდენ ხანს ვიცოცხლებ?! ან გამაგებინონ მაინც სასამართლო დავა რომ გრძელდება.
დავესესხები ამერიკელ ჰენრი დევიდ ტოროს სიბრძნეს და მივმართავ ხელისუფლებას: “თუ სახელმწიფო საღი აზრის საფუძველზეა მოწყობილი, მაშინ სირცხვილია იყო ღარიბი და უპოვარი და თუ სახელმწიფოს მოწყობა საღ აზრს არ ეფუძნება, მაშინ სირცხვილია იყო მდიდარი და წარმატებული”. ქართულად რომ ვთქვათ, მგონი ასეა _ ქვეყანა იქცეოდა და ტურას ქორწილი ჰქონდაო”. ხალხი გახადეთ ღარიბი და უპოვარი, თქვენ კი ტურებივით ქორწილებს აწყობთ”, _ დასძენს მანთიძე.