ე.წ. ციანიდის საქმეში პროკურატურის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის განცხადებით, მან საქართველო დატოვა. ამის შესახებ ირაკლი მამალაძემ საზოგადოებრივთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის დატოვების მთავარი მიზეზი მედიის საშუალებით მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები გახდა.
„ქვეყანა დავტოვე. ჩემი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ გავაკეთებ განცხადებას, სად ვიმყოფები“, – განაცხადა ირაკლი მამალაძემ.
„შეუძლებელია გაუძლო იმ წნეხს, ზეწოლას, რომელიც ჩემს მიმართ არის მომართული მედიასაშუალებების მხრიდან. საუბარი მაქვს „რუსთავი 2-ზე“ და იმ სრულიად გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე, რომელიც გავრცელდა ჩემს წინააღმდეგ. თითქოს პროვოკატორი ვყოფილვარ წინა წლებში, სააკაშვილის დროს. 2004 წელს „რუსთავი 2-ში“ ვმუშაობდი და საინტერესოა, ვისზე ვაგროვებდი კომპრომატებს“, – განაცხადა ირაკლი მამალაძემ საზოგადოებრივთან საუბრისას.
მამალაძის თქმით, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს საქმის მთავარი მოწმის უფლებების დაცვას. შესაბამისად, ის ქვეყანაში მანამდე არ აპირებს დაბრუნებას, სანამ, მისი თქმით, ცილისმწამებლებს პასუხი არ მოეთხოვებათ, ან პირიქით, მათ მიერ გაჟღერებული ფაქტები არ დადასტურდება.
ირაკლი მამალაძის თქმით, საქართველო 25 ივნისს, გამთენიისას, 04:00 საათზე დატოვა.