შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეზე ვიდეოჩანაწერები მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც გამოძიების შუალედური შედეგები გახდება ცნობილი.
“ვიდრე არ იქნება გამოძიების შედეგები, ვიდრე არ იქნება ჩვენება და არ შეჯერდება საერთო სურათი, მანამდე შუალედურ შედეგებს ვერ გამოვაქვეყნებთ. ჩვენ ვიხილეთ მუხთარლის განცხადებები ცალკეულ საკითხებზე, ამიტომ სრული სურათისთვის საჭიროა გვქონდეს დეტალური ჩვენება. ვიდეოკამერები არის საქმის ერთი კომპონენტი, ჩანაწერების გარდა დაკითხულია ასეულობით მოწმე”, _ განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, საქართველომ აზერბაიჯანულ მხარეს აფგან მუხტარლის დაკითხვის თხოვნით მიმართა და პასუხს ელოდება.
აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის აზერბაიჯანში დააკავეს. მას ბაქოს საქალაქო სასამართლომ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.