“ვიმეორებ, რომ კონსტიტუციის პროექტი კარგია”, _ ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ დღს განაცხადა. მისი თქმით, ვენეციის კომისიის მესიჯია ის, რომ ყველა მხარე ესაუბროს ერთმანეთს.
„ვიმეორებ, რომ კონსტიტუციის პროექტი კარგია. რა თქმა უნდა, არსებობს რიგი საკითხები, რომლის გაუმჯობესება შესაძლებელია, მაგრამ მთლიანობაში ეს კარგი ტექსტია და მე ძალიან მსურს, რომ ეს პროექტი მიღებული იყოს რამდენიმე და არა ერთი პარტიის მხარდაჭერით, რათა კონსტიტუციამ საჭირო ლეგიტიმურობა მიიღოს. ეს არის ჩემი მესიჯი: ყველა მხარე კონსტრუქტიული უნდა იყოს, უნდა ესაუბრონ ერთმანეთს და შეეცადონ კომპრომისს მიაღწიონ“, _ განაცხადა ჯანი ბუკიკიმ.
ამასთან, ვენეციის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ის დღეს ოდნავ ოპტიმისტურადაა განწყობილი, ვინაიდან შესაძლო კომპრომისისთვის საფუძველი არსებობს. როგორც ბუკიკიომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ თქვა, კარგი და კონსტრუქტიული დიალოგი ოპოზიციურ პარტიებსა და უმრავლესობას შორის ხელს შეუწყობს პროცესს.
„ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ამ პროცესში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენენ, ვინაიდან ისინი მიუკერძოებლები არიან და ისინი ფიქრობენ, რომ მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ საკითხის გადაჭრაში. როგორც იცით, მე უამრავი შეხვედრა ჩავატარე და შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ოდნავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვინაიდან ჩემი აზრით, არსებობს საუძველი შესაძლო კომპრომისისთვის. გუშინ მე მხარეებს დიალოგისკენ მოვუწოდე, მხარეებმა უნდა ესაუბრონ ერთმანეთს. კარგი და კონსტრუქტიული დიალოგი ოპოზიციურ პარტიებსა და უმრავლესობას შორის ხელს შეუწყობს პროცესს“, _ დასძინა ბუკიკიომ.
მანამდე, გუშინ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ჯანი ბუკიკიომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ბლოკირებულია. ამის მიზეზად კი ბუკიკიო კონსტიტუციის პროექტზე კონსენსუსის არარსებობას ასახელებს.
პრეზიდენტამდე ბუკიკიო პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა თქვა: “მათ ვუთხარი, რომ მსურს საქართველოს ახალი კონსტიტუცია იყოს სწორად შედგენილი კანონმდებლობა. ეს კი ნიშნავს, რომ კონსტიტუცია მთელ პარლამენტს უნდა მიეღო და არა მხოლოდ უმრავლესობას”, _ განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა უმრავლესობის მიერ ორი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კრიტიკული შეფასება გუშინაც გააკეთა. მან პროცესებთან დაკავშირებით თქვა: “დამწუხრებული და იმედგაცრუებული ვარ, რადგან ეს პროცესი ძალიან იმედისმომცემი იყო”, _ განაცხადა ბუკიკიომ.
ჯანი ბუკიკიო საქართველოში 28 ივნისს 40-ზე მეტი ქვეყნის 200-მდე სტუმართან ერთად ჩამოვიდა, რომელთა შორისაც არიან საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და მოსამართლეები.