საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა 30 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, ლიტვის ქალაქ კაუნასში გამართულ ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე დიდ წარმატებას მიაღწიეს და სამივე სინჯის 6 მედალი მოიპოვეს.
ინდივიდუალურ ჩათვლაში ევროპის ჩემპიონები გახდნენ: მიხეილ ბახბახაშვილი (-66კგ), ლაშა ბექაური (-73კგ) და სოფიო სომხიშვილი (+70კგ), ვერცხლის მედალი მოიპოვა მიხეილ ბექაურმა (-90კგ), ხოლო ბრინჯაო ლევან ჭელიძემ (+90კგ).
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები გუნდური გათამაშების ჩემპიონიც გახდა _ ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალური დაპირისპირება უნგრეთის ნაკრებს 4:1 მოუგეს, ფინალში გასვლამდე კი საბერძნეთი, იტალია და რუსეთი დაამარცხეს. ამრიგად, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპირველობაზე ჯამში 4 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! აღსანიშნავია, რომ ჭაბუკთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მესამედ დაეუფლა.
სპორტსმენებს წარმატება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მოადგილეებთან _ აკაკი ლოდიასთან, შალვა გოგოლაძესთან და რევაზ ჯაველიძესთან ერთად მიულოცა.
“მსურს მივულოცო ჩვენს ჭაბუკ ძიუდოისტებს ეს დიდი წარმატება. ნამდვილად სასიხარულოა, რომ როგორც უფროს ასაკში, ასევე ჭაბუკების და ახალგაზრდების დონეზე საუკეთესოები ვართ ევროპაში. სპორტის სამინისტროსთან ერთად, ძიუდოს ფედერაცია და მწვრთნელთა გუნდი სწორი გზით მუშაობს და მახარებს ჩვენი სპორტის აღმავლობა და ახალი თაობის ასეთი დიდი გამარჯვებები.
ყველა აღიარებს, რომ საქართველოში უნიჭიერესი თაობა მოდის, დარწმუნებული ვარ, რომ ამ თაობაში ნამდვილად არიან მომავალი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები. ძიუდოს ყველა გულშემატკივარს ვულოცავ ამ დიდ წარმატებას”, _ განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ჭაბუკ ძიუდოისტებთან შეხვედრისას.