საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ მიღებული 2017 წლის 5 აპრილის განჩინება, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის სამინისტრო ინდ მეწარმისთვის 140 000 ლარის დაკისრებას ითხოვდა.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, საერთო სასამართლოებმა განიხილეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, თუმცა, უწყებამ დავაზე სასამართლოს ყველა ინსტანცია წააგო.
საქმე ეხება სამინისტროსა და ინდ. მეწარმეს შორის 2004 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, ინდ. მეწარმეს სამინისტროსთვის, 140 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, უნდა მიეწოდებინა საქონელი (ქურთუკი და შარვალი დათბუნებული, საწვიმარი ლაბადა, ფეხსაცმელი მაღალყელიანი, საძილე ტომარა).
ორგანიზაციის ცნობით, ინდ. მეწარმემ სამინისტროს 2005 წლის ივნისში მიაწოდა 26 000 ლარის საქონელი, 2005 წლის ივლისში კი – 42 000 ლარის საქონელი, ხოლო ვალდებულების შესრულება დარჩენილ ნაწილში შეუწყვიტა გაქვითვით, ვინაიდან სამინისტროს ინდ. მეწარმის მიმართ, სხვა ხელშეკრულებების საფუძველზე, წარსულში მიწოდებული იდენტური საქონლის გამო, თანხები გადახდილი არ ჰქონდა. სასამართლოებმა სახელმწიფოს სარჩელი, მათ შორის ხანდაზმულობის ვადების გასვლის გამო, არ დააკმაყოფილეს.
მიღებულ გადაწყვეტილებებში აღნიშნულია, რომ 2004 წლის 26 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2004 წლის 2 ნოემბერი. შემდგომში, ინდ. მეწარმემ ვალდებულების შესრულების დაპირება განხორციელა 2005 წლის 17 ივნისს და 2005 წლის 6 ივლისს მიაწოდა კიდეც ნაწილი საქონელი. ამდენად, ყველაზე გვიან ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა და თავიდან დაიწყო 2005 წლის 6 ივლისიდან, სახელშეკრულებო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა გავიდა 2008 წლის 6 ივლისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კი სარჩელი აღძრა 2015 წლის 16 ივნისს, რაც მოთხოვნის საფუძვლიანობას გამორიცხავდა.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“, საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, 2014 წლის 14 ოქტომბერს, 2015 წლის 23 იანვარს, 2015 წლის 9 მარტს, 2015 წლის 20 მაისს, ოფიციალურად მიმართა თავდაცვის მინისტრებს და საქმეზე ინდ. მეწარმის სასარგებლოდ, უწყებრივი გადაწყვეტილიებების მიღება სთხოვა. ორგანიზაციის არგუმენტების და პოზიციები არ გაიზიარეს შეხვედრაზე სამინისტროს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელობამ.
„მათი მხრიდან დავის დაწყებას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, რამაც არ აჩვენა სახელმწიფოსა და ინდ. მეწარმეს შორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი“, _ აცხადებენ ორგანიზაციაში.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (მოსამართლეები: ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე), ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე) საქმე წარმოებაში 2017 წლის 5 ივნისს მიიღო, თუმცა 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით, დაუშვებლად სცნო. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის განჩინება (მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი (თავმჯდომარე), ვანო წიკლაური, ეკატერინე ცისკარიძე). თავის მხრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება (მოსამართლე: ელისო ტუკვაძე), რომელმაც პირველმა მიიღო არსებითად კანონიერი, დასაბუთებული და პრინციპული გადაწყვეტილება.
საქმეზე საერთო სასამართლოებში, ინდ. მეწარმის კანონიერ ინტერესებს „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კი ჯემალ მეტრეველი იცავდა.