საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალური დახმარების მსურველ პირებს ახალი რეგულაცია დაუწესდათ. კერძოდ, პირი, რომელიც სოციალურად დაუცველთა დახმარების მისაღებად რეგისტრაციას გაივლის, აგენტის შემოწმებიდან ერთი თვის ვადაში ვალდებულია „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge -ზე დარეგისტრირდეს.
ეს წესი საპენსიო ასაკს მიუღწეველ პირებს ეხებათ, რომელთა ოჯახში ორზე მეტი შრომისუნარიანი წევრია.
როგორც მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული, ოჯახს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა განესაზღვრება, თუ ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად არამომუშავე შრომისუნარიანი წევრი დარეგისტრირდება „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე.
იმ შემთხვევაში, ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიანი წევრი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დღის მომდევნო 30-ე კალენდარულ დღემდე არ დარეგისტრირდება „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე, შეწყდება მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის რეგისტრაციის პროცესი. ასევე, ამავე დადგენილებით, იმ შემთხვევაში, თუ ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიანი წევრი დეკლარაციის შევსებიდან 3 თვის გასვლის შემდეგ გააუქმებს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – „სამუშაოს მაძიებლად“ რეგისტრაციას (საკუთარი პროფილი), ოჯახს გაუუქმდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და მან დახმარების მისაღებად რეგისტრაცია თავიდან უნდა გაიაროს.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, 1 ივნისიდან დღემდე, www.worknet.gov.ge -ზე 8500 პირი დარეგისტრირდა.
რა შეზღუდვებს აწესებს მთავრობის ახალი დადგენილება, რატომ გახდა მისი ამოქმედება საჭირო და მოსალოდნელია თუ არა შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება,_ ამ საკითხზე „გურია ნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პენსიისა და სოციალური დახმარების სამმართველოს უფროსი თეა გვარამაძე ესაუბრა.
_რა არის რეგულაციის მთავარი მიზანი და რატომ გახდა მისი ამოქმედება საჭირო?
_ამ რეგულაციის მთავარი მიზანია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციისას შრომისუნარიან პირებს ჰქონდეთ მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე, რომელიც შეეხება აქტიურ ვაკანსიებს, პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამებს, იქნება ეს დასაქმების ფორუმები თუ ა.შ. ეს არ ეხება ოჯახებს, რომლებიც დღეის მდგომარეობით არიან სოციალური დახმარების მიმღებები. ეს წესი ეხება მათ, ვინც პირველადად რეგისტრირდებია სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში ან რაიმე მიზეზის გამო, იქნება ეს მისამართის ცვლილება, დემოგრაფიული ცვლილება თუ სხვა, განმეორებითი რეგისტრაცია უწევთ. მას შემდეგ რაც სოციალურ აგენტი მივა ოჯახში, შეავსებს დეკლარაციას, ის უხსნის მათ, რომ ოჯახში, სადაც ორი და მეტი შორმისუნარიანი წევრია, აქვთ ვალდებულება, დარეგისტრირდდნენ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge და უტოვებს სპეციალურ ფურცელს, სადაც მითითებულია, ოჯახის ვალდებულების შესახებ. დარეგისტრირება უნდა მოხდეს სოციალური აგენტის ვიზიტიდან 30 დღის განმავლობაში, რომ შემდეგ გაგრძელდეს ქულის მინიჭების პროცედურები. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის მიიღებს სოციალურ დახმარებას, არ შეფერხდეს სოციალური დახმარების გაცემა.
მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ეს არ ეხება სოციალური დახმარების შეწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ უარს იტყვის პირი, ან არ მივა ვაკანსიის გამოცხადების შემდეგ გასაუბრებაზე. ამაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის. მინდა მოსახლეობას არ შეეშინდეს და გავაფრთხილო, რომ სოციალური დახმარების შეწყვეტასთან ან უფლების მოპოვებასთან ამას პირდაპირი კავშირი არ აქვს. თუმცა, იმისთვის, რომ რომ გაგრძელდეს ქულის მინიჭების პროცედურები აღნიშნულ საიტზე დარეგისტრირება აუცილებელია. მთავარია ამ ადამიანებს ჰქონდეთ პირველ ეტაპზე ინფორმაცია, ამ ყველაფრის შესახებ. ამიტომაც არის ვალდებულება, რომ 30 დღის ვადაში დარეგისტრირდნენ ამ საიტზე.
_ეს აუცილებელი პირობაა?
_აუცილებლად უნდა დარეგისტრირდნენ სოციალური აგენტის ვიზიტიდან 30 დღის ვადაში, რომ გაგრძელდეს შეუფერხებლად ქულის მინიჭების პროცესი.
_თუ არ დარეგისტრირდებიან ამ საიტზე, რა მოხდება ამ შემთხვევაში?
_შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და მან ხელახლა უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისთვის.
_თავიდან მიმართვას რა პროცედურები სჭირდება და გაიწელება თუ არა ის დროში?
_პროცესი როგორც დღეს არის ისევე იქნება. დაახლოებით ერთი თვის ვადაში მივა სოციალური აგენტი, სოციალური აგენტის ვიზიტიდან და ოჯახის დეკლარაციის შევსებიდან 30-ე დღეს სარეიტინგო ქულა შევა ძალაში და შემდეგ უკვე სოციალური დახმარების დანიშვნა-არდანიშვნის თაობაზე მიიღება გადაწყვეტილება. ხელახლა დაიწყება პროცესი, ვიდრე არ დარეგისტრირდება ოჯახის შრომისუნარიანი წევრი სამუშაოს მაძიებელთა საიტზე. თუკი ოჯახში მხოლოდ ერთი შრომისუნარიანი წევრია და ამავდროულად არის არასრულწლოვანი, პენსიონნერი, შშმ პირი და ა.შ. რა თქმა უნდა, მისი დარეგისტრირებას აზრიც არ აქვს სამუშაოს მაძიებელთა საიტზე, რადგან ვერ მიატოვებს ოჯახის წევრებს, ვისაც მოვლა სჭირდება. ამიტომაც არის მთავრობის დადგენილებაში საუბარი მხოლოდ იმ ოჯახებზე, სადაც ორი და მეტი შრომისუნარიან წევრია.
_საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ დარეგისტრირების პროცედურა არ იმოქმედებს სოციალური შემწეობის შეწყვეტაზე….
_ეს პროგრამა არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების საარსებო შემწეობის უზრუნველყოფის პროგრამა და სახელმწიფო, შესაბამისი ორგანოები, ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ იმას, რომ ეს არ გახდეს უმუშევრობის, შემწეობის ჩამნაცვლებელი პროგრამა, რადგან მას აქვს სრულიად სხვა მიზანი. რაც შეეხება დასაქმების შეთავაზებას, უარის თქმის გამო კი სხვა წევრებისთვისა საარსებო შემწეობის შეწყვეტას, ეს არ იქნება მთლად მართებული. ჩვენ, როგორც სოციალური პოლიტიკის თემებზე მომუშავე დაწესებულება და დეპარტამენტი, ვიქნებით ჩართული ასეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, თუმცა ამ ეტაპზე მსგავსი რამ შემოღებული არ არის.
_ არის მოსალოდნელი რომ მსგავსი შეზღუდვები დაწესდეს?
_შესაძლებელია სხვადასხვა მექანიზმები იქნეს განხილული, მაგალითად, სამჯერ შეთავაზება; ან მარტო ერთ წევრს შეუწყდეს, თუ ის დასაქმებაზე უარს განაცხადებს და დანარჩენს დარჩეს, თუმცა, ამის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მსჯელობის ეტაპზე ვართ.
_პოლიტიკა ამ მიმართულებით უკვე ჩამოყალიბებულია თუ ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა? ან როდის შეიძლება დასრულდეს პოლიტიკაზე მუშაობა?
_ერთი ის, რომ შრომისუნარიანი ადამიანები არ უნდა იყვნენ დამოკიდებული სოციალურ დახმარებაზე, ეს ცალსახაა. მგონია, რომ ლეგიტიმური მიზანია და ყველას საჯარო ინტერესია სოციალური დახმარება მიიღოს მართლაც გაჭირვებულმა, ისეთმა ადამიანმა, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეუძლია, არ შესწევს უნარი ოჯახი შეინახოს. მთავარი იდეა ის არის, რომ შრომისუნარიანი ადამიანები აქტიურ შრომის ბაზარზე გავიყვანოთ. ოღონდ მეორეა ეს როგორ მოხდება, რა ინსტრუმენტი გვექნება, ამის გასაკეთებლად და რა მეთოდოლოგია. ამასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს. ერთ თვეში იქნება გადაწყვეტილება მიღებული თუ ერთ წელიწადში, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით; ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ არის. ძალიან ფრთხილად გასაკეთებელი საქმეა, სერიოზული კვლევის ჩატარებაა საჭირო, ყველა დეტალის და რისკის შეფასება, რომ ეს პროგრამა თავისი მიზნიდან გამომდინარე, შენარჩუნდეს და არ გახდეს უმუშევრის შემწეობის ჩამანაცვლებელი პროგრამა. ბევრი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროგრამაა. აქვე უნდა აღვნიშნო, მოსახლეობისთვის გასაგები რომ გახდეს, დღეს, „ვორქნეტზე“ დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ სამუშაოს მაძიებელს, მათ შორის მეც, თქვენც და ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ ეს არის ნებაყოფლობითი. იმ პირებისთვის, კი, ვინც ახლა რეგისტრირდება სოციალურად დაუცველთა ბაზაში „ვორქნეტზე“ დარეგისტრირება არის არა ნებაყოფლობითი, არამედ სავალდებულო, იმ პირობების გათვალისწინებით, რაც ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ოჯახში ორი ან მეტი შრომისუნარიანი პირი უნდა იყოს.
_ ამ წესის ამოქმედებიდან დაახლოებით ერთი თვე გავიდა. თუ გქონიათ შემთხვევა, რომ პირი დარეგისტრირდა უკვე „ვორქნეტზე“, შესთავაზეთ სამსახური მაგრამ მან უარი თქვა?
_არ არის აქ დასაქმებაზე საუბარი, ჯანდაცვის სამინისტრო და ეს პროგრამა არ იღებს ვალდებულებას რომ ეს ადამიანები დაასაქმოს. აქ საუბარია იმაზე, რომ ამ პირებს, რომლებიც სამუშაოს მაძიებელთა ბაზაში ირიცხებიან მუდმივად ჰქონდეთ ინფორმაცია დასაქმების ახალი შეთავაზებების შესახებ. დაინტერესების და სურვილის შემთხვევაში, ისინი თავად მიმართავენ დამსაქმებელს.