წელიწადის ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად საზოგადოებას აინტერესებს, სად სჯობს დასასვენებლად წასვლა. ამ მხრივ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკი საუკეთესოა, როგორც ბავშვებისთვის, ასევე, ყველა ასაკის ადამიანისთვის, რადგან კურორტის პლაჟის ქვიშა შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნეტიტის ნაწილაკებს. ურეკის მიდამოებში აღინიშნება მომატებული მაგნიტური ველი, რაც ბუნებრივ საკურორტო ფაქტორად არის მიჩნეული.
ურეკში საზაფხულო სეზონი, ფაქტობრივად, ივლისიდან იწყება და სექტემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. აქ სასტუმროს ნომერი კაცზე დღიურად 50 ლარს შედგენს, ფასში კვება არ შედის, თუმცა, არის საოჯახო ტიპის სასტუმროები, რომელთა ფასები 8 ლარიდან იწყება.
ზაფხულის განმავლობაში ურეკს ქვეყნის მაცხოვრებლებთან ერთად სხვა ქვეყნების ტურისტებიც სტუმრობენ.
დაბა ურეკი საზღვაო სეზონს რეაბილიტირებული გზით ვერ ხვდება, თუმცა, აქ მასშტაბური პროექტი ხორციელდება. დაბა ურეკში დაწყებულია წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობის პროექტი, რომლის ღირებულება 63 მილიონ ლარს შეადგენს, ურეკში შიდა ქსელის მოწყობა დასრულებულია, მოწყობილია წყალმომარაგების გარე ქსელის და სატუმბი დანადგარები, თუმცა წყლის ქსელში გაშვება 2018 წელს მოხდება.
როგორც აქაურები ამბობენ, აღნიშნული თითქმის საუკუნის პრობლემაა, რადგან სახელმწიფომ წყლისა და კანალიზაციის რეაბილიტაციისთვის წლების წინ მილიონები ჩადო, თუმცა, პროექტი დღემდე არ გახორციელებულა.
გზა, ტროტუარი, წყალი, კანალიზაცია, გაზი _ ინფრასტრუქტურის ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემენტები ურეკში ჯერ კიდევ არ არსებობს. გადაუჭრელი პრობლემები, საკურორტო-ტურისტული თვალსაზრისით, უდიდესი პოტენციალის მქონე დაბა ურეკს წლების განმავლობაში აქვს.
აქაურების თქმით, დაბა ურეკი სისუფთავით გამოირჩევა, ზაფხულის სეზონისთვის ურეკი-შეკვეთილის სანაპირო ზოლი ინტენსიურად სუფთავდება. 18-კილომეტრიან სანაპირო ზოლს არაერთი თანამედროვე ნაგავმზიდი ემსახურება.
“ერთი ისაა, რომ პლაჟი დასუფთავებულია და ნაგავი გატანილია, არც ქუჩაშია ნაგავი, ამ მხრივ ნამდვილად მოწესრიგებულია, სხვა თქვენი თვალითაც ნახავთ რა მდგომარეობაა _ გადათხრილია, მტვრიანია, ელემენტარულად მოწესრიგება არ შეიძლება ზღვის სეზონზე მაინც? დამსვენებელს არ ექნება. ურეკს არც წყალი აქვს, არც _ გაზი, არც _ კანალიზაცია, არის ერთი პრობლემა, სანამ ურეკამდე მოუწევს მგზავრობა დამსვენებლებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია-ნატანების გზაზე გადასაადგილებლად, პრობლემები ექმნებათ. აღნიშნულ მონაკვეთზე დაიწყო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც 6 კილომეტრს მოიცავს და ის სოფელ მერიიდან ე.წ. “ჯახვათას“ ხიდამდე იგება. ნატანების გზა კი რჩება რეაბილიტაციის გარეშე. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ახორციელებს, თანხა კი საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გამოიყო. “გურია ნიუსთან“ აღნიშნული კომპანიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი მერაბ ფაშალიშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული პროექტის გახორციელება 4 ნახევარ მილიონი ლარი ჯდება:
“ვიცით, რომ აღნიშნული გზის მონაკვეთი მძიმეწონიანმა მანქანებმა დააზიანეს, თუმცა, იგება 6 კილომეტრიანი გზა, მერიის ხიდიდან ნატანებამდე, კარიერის მანქანებისთვის. უნდა დააყენონ სასწორი და მანქანა, რომელსაც ზედმეტი ტვირთი მოაქვს არ უნდა გამოატარონ. როცა დააჯარიმებენ ერთს, ორს, მერე აღარ გააგრძელებენ“.
ურეკში დამსვენებლების ნაკლებობაა. აქაურები ამის მიზეზად მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას ასახელებენ.
ზურაბ ახვლედიანი: იქნება გააგებინოთ მთავრობას, მტვერი გვახრჩობს, ბორდიური თუ არ გაკეთდა, მტვერი იქნება მუდმივად, ეს ასფალტი ასე იყო ყოველთვის, სად ჩანს გაკეთებული? ჩადებულია კანალიზაციის მილები, მაგრამ ჯერ არ მუშაობს.
მალხაზ დევდარიანი: პრობლემების მეტი რა არის, უფულობაა პირველ რიგში. არ არის მუშაობა, ხალხი არ არის, ისე, როგორც უნდა იყოს, ნაკლებობაა, უფულობაა, ხალხს უჭირს. უმეტესად უცხო ეროვნების არიან. ქართველების ლაპარაკს რომ გავიგონებ, მიხარია. უნდა ინატრო ეგეც, რომ ამ ურეკში ქართველის ხმა გაიგო, გზა კი შეარემონტეს.
ეთერი აბაშმაძე: დამსვენებლები არ არიან, მიზეზი, ალბათ, ეკონომიკური გაჭირვებაა, არც ქართველია, არც სომეხი და არც აზერბაიჯანელი. უმეტესად რუსია და უკრაინელი. ვაჭრობა არ გვაქვს, თუ დამსვენებელი არ ჩამოვიდა, საიდან გვექნება მუშაობა. ჯერ წინ არის კიდევ დრო ასე ვფიქრობთ.
დოდო დეკანოიძე: ტროტუარები არ არის მოწესრიგებული. ეს პრობლემა მგონი არც მოწესრიგდება. კანალიზაციის და წყლის პრობლემა ჯერ არ მოგვარებულა, მაგრამ გაჰყავთ მილები და ალბათ, იქნება. კრიზისია ყველგან და ამიტომ არ არის დამსვენებლები, ყველანაირი ფასადაა შესაძლებელი ურეკში დასვენება, საოჯახო ტოპის სასტუმროებში შედარებით დაბალია ფასებია _ 5 ლარიდან 50 ლარამდე.
ანზორი მამუილაძე: გზა არ გვაქვს, წყალი არის, მაგრამ სასმელად არ ვარგა. ყველაფერი პრობლემაა, პირველ რიგში, დამსვენებელი არაა, ალბათ, ფული არ აქვთ, ან ინფრასტრუქტურა არ მოსწონთ.
ნინო პატარაია: ურეკს არ აქცევენ ყურადღებას, რეკლამას საერთოდ არ უკეთებენ. ყველა ბანკებიდან გამოტანილი სესხებით ვამუშავებთ მაღაზიებს. დაიწყეს წყლის გაყვანა, მაგრამ წელს არ იქნებაო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრები 75 წლის ილია თურმანიძე რამდენიმე დღეა, რაც ურეკში ახალ თხილს ჰყიდის და როგორც თავად ამბობს, პურის და სიგარეტის ფულს აკეთებს: სახლის თხილს ვარჩევ, რა ვქნა ბაბუ, რომ არ გავყიდო, შრომიდან ვარ, ორი დღეა რაც დავიწყე, დილით ჩამოვდივარ და საღამოთი მივდივარ, პურის და სიგარეტის ფულს ვაკეთებ, ეგაა არის მეტი არაფერი.
აქ მოვაჭრეები იმასაც ამბობენ, რომ ზედამხედველობის სამსახური, გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით, შარშანდელთან მეტად უქმნის პრობლემას.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დაბა ურეკში დავით რობაქიძე ამბობს, რომ ურეკთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციები ვრცელდება:
“ამბობენ, თითქოს არ სუფთავდება, რომ ფეკალიები ჩადის ზღვაში და სუფსას თურმე ნავთობი ჩამოაქვს _ ყველაფერი ეს არის დეზინფორმაცია!“
რობაქიძის თქმით, დასრულების ფაზაშია წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები:
“ახლა მიდის მისი ზედაპირულად მოპირკეთება, ქსელში ვერ ჩაირთვება, რადგან პროექტს ვადა აქვს 2018 წლამდე. ურეკში შიდა ქსელის 80 პროცენტი დასრულებულია. რაც შეეხება გზას, მიმდინარეობს ორმული შეკეთება და ამას ახორციელებს კომპანია, რომელმაც წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს დააზიანა გზა. უამინდობის გამო, ჯერჯერობით, დამსვენებლების ნაკლებობა შეინიშნება, უმეტესად უცხოელები არიან ჩამოსული“.