ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა გზების, სანიაღვრე არხების და წყალგამტარი მილების შეკეთება/მოწყობის სამუშაოებზე 15 ივნისს 13 ტენდერი გამოაცხადა.
ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე 20 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. წინადადებების მიღება 1 ივლისს დაიწყეს და სასწრაფო წესით 6 ივლისს დაასრულეს.
პირველი ტენდერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულების _ საჭამიასერისა და ზემოხეთის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები გახლდათ, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით _ 121 908 ლარი.
იქიდან გამომდინარე, რომ ტენდერების ნაწილზე ჯერ კიდევ შერჩევა/შეფასება მიმდინარეობს, ამ ეტაპზე, აღნიშნულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ახალმშენია“, რომელიც ამ სამუშაოების შესრულებას, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ თანხაზე 30 477 ლარით ანუ 25 პროცენტით (?!) ნაკლებად _ 91 431 ლარად აპირებს.
ამ დროისთვის უცნობია, ჰყავდა თუ არა „ახალმშენს“ ამ ტენდერში კონკურენტი, რადგან კანონის თანახმად, სანამ შერჩევის პროცესი არ დასრულდება, სისტემაში სხვა პრეტენდენტი არ ჩანს.
მეორე ტენდერი, ფასით _ 320 501 ლარი _ დაბა ჩოხატაურში, დოლიძის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს ითვალისწინებდა. აქაც გამარჯვებული შპს „ახალმშენია“ 288 888 ლარით ანუ 31 613 ლარით იაფად. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა, რომ ხელშეკრულების მომზადება უკვე მიმდინარეობს, თუმცა, წინა შემთხვევის მსგავსად, პროცესი არ დამთავრებულა და შესაბამისად, უცნობია, ჰყავდა თუ არა ამ კომპანიას ამ ტენდერში კონკურენტი.
ხელშეკრულების მომზადების პროცესშია სოფლების: ბუკნარი-ქვენობანი-ხიდისთავის დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (ნაწილობრივი ორმული შეკეთება ასფალტ-ბეტონით, ნაწილობრივ ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა 6კმ-ზე). სამუშაოების შესყიდვის თაობაზე გამოცხადებული 309 296-ლარიანი ტენდერი შპს „ფემინი კონსტრაქშენ გრუპს“ აქვს მოგებული 27 444 ლარით იაფად _ 281 852 ლარად.
ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს შპს „Georgian Build“-თან, რომელმაც დაბა ჩოხატაურში, რამიშვილისა და ბურჭულაძის ქუჩებზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების 268 460-ლარიანი ტენდერი 249 900 ლარად მოიგო; აქ „დანაზოგი“ 18 560 ლარია.
დაბა ჩოხატაურში, გურიის ქუჩის გაგრძელებაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, ნინოშვილისა და გურამიშვილის ქუჩების შესახვევებში წყალგამტარი მილებისა და ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოებზე 124 790. ლარიანი ტენდერი იყო გამოცხადებული. სამუშაოები 111 340 ლარად შპს „ნიუ ჯორჯიამ“ მოიგო, თუმცა, კომპანიას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, დისკვალიფიკაცია მისცეს. ამ ტენდერში ახლა გამარჯვებულად ჩოხატაურის საგზაო სამმართველო ითვლება (ფასი 122 763 ლარი), რომელთანაც ხელშეკრულების მომზადება უკვე მიმდინარეობს.
დაბა ჩოხატაურში დაბის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვის 95 014-ლარიანი ტენდერი შპს „ლდ. გროუპს“ 88 988 ლარად ჰქონდა მოგებული, თუმცა, მას ტექნიკური დოკუმენტაციის არასწორად შევსების გამო დისკვალიფიკაცია მისცეს და შემდეგი დაბალფასიანი პრეტენდენტი „ჯორჯიან კომპანიაა“, რომელმაც სამუშაოები 89 999 ლარად უნდა შეასრულოს (ამ ტენდერზე ჯერ კიდევ შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს).
უარყოფითად დასრულდა ანუ ჩაიშალა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ნაბეღლავის, ხევისა და ზოტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი, რომლის სავარაუდო ღირებულება 149 336 ლარი იყო. ეს ტენდერი 147 000 ლარად შპს „ახლამშენმა“ მოიგო, თუმცა, მას ტექნიკური დოკუმენტაციის არასრულყოფილების გამო დისკვალიფიკაცია მისცეს. იმის გამო, რომ კომპანიას კონკურენტი არ ჰყავდა, ტენდერი თავიდან გამოცხადდა.
ამ ეტაპზე ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ხიდისთავისა და ჯვარცხმის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ შპს „არტმაქსთან“. აღნიშნულმა კომპანიამ 99 910-ლარიანი სამუშაოები 87 900 ლარად მოიგო და სახელმწიფო ბიუჯეტს 12 010 ლარი „დაუზოგა“.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კოხნარისა და საჭამიასერის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების 174 320-ლარიანი ტენდერი შპს „ნიუ ჯორჯიამ“ 152 800 ლარად მოიგო, თუმცა, მას ამ ტენდერშიც დისკვალიფიკაცია მისცეს არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო (?!) და სატენდერო კომისია შპს „გლობალ-ბილდინგის“ წინადადებას განიხილავს, რომელიც სამუშაოების შესრულებას 155 885 ლარად აპირებს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ერკეთისა და გორაბერეჟოულის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერის ღირებულება 99 407 ლარი იყო, რომელიც 74 738.00 ლარად შპს „გურია 2015“-მა მოიგო, თუმცა, ტექნიკური დოკუმენტაციის არასრულყოფილების გამო მას დისკვალიფიკაცია მისცეს და ამ ეტაპზე შპს „Georgian Build“-თან მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება (აღნიშნულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 99 407 ლარი ჰქონდა დაფიქსირებული).
ხელშეკრულების მომზადების პროცესშია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, გუთურისა და დაბლაციხის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებული სამუშაოებიც. 100 369 ლარად გამოცხადებული ტენდერი ზუსტად ამ ფასში მოიგო „ჩოხატაურის საგზაო სამმართველომ“ _ მას კონკურენტი არ ჰყოლია.
იმის გამო, რომ მონაწილეთა რაოდენობა ერთი იყო და ამ მონაწილეს _ შპს „სოფო 2013“ -ს ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს, ჩაიშალა ფარცხმის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერიც, რომლის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 99 721.00 ლარი იყო.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, გოგოლესუბნისა და შუაამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 100 185 ლარი იყო, შპს „გურია 2015“-მა მოიგო 79 436 ლარად. თუმცა, ისევ ტექნიკური დოკუმენტაციის არასრულყოფილების გამო, მას დისკვალიფიკაცია მისცეს და ახლა ხელშეკრულების მომზადების პროცესი შპს „არტმაქსთან“ მიმდინარეობს, რომელმაც ეს სამუშაოები 98 685 ლარად უნდა შეასრულოს.
ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი სტატისტიკაა, რომელიც შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობითაა მომზადებული, თუმცა, მეორე მხრივ, ვითარება მეტად საეჭვოა _ ამავე სააგენტოს ვებგვერდზე თუკი სხვა მუნიციპალიტეტის შესყიდვებს გადაამოწმებთ, თითქმის ვერსად იპოვით გზების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერს, რომელსაც მხოლოდ ერთი მონაწილე ჰყავს. მაგალითისთვის, სულ მარტივად შეძლება დაძებნოთ ქალაქ ოზურგეთის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ონის მუნიციპალიტეტის და ქობულეთის მუნიციპალიტეტის შესყიდვები.
ასევე, იშვიათად იპოვით შემთხვევებს, როდესაც გამარჯვებული კომპანია საკმაოდ მარტივ დოკუმენტაციას არ ტვირთავს ან არასრულყოფილად ტვირთავს, რის გამოც დისკვალიფიკაციას იღებს, თანხას კარგავს და გამარჯვებას სხვას უთმობს.
ასეთი შემთხვევები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბოლო პერიოდში გახშირდა, რასაც, ჩვენთან საუბრისას, შესყიდვების სამსახურის უფროსიც ვლადიმერ გოგიბერიძეც ადასტურებს.
მისივე თქმით, ეს ტენდეცია ბოლო წლებში გამოიკვეთა და ბუნებრივია, რომ ეჭვებს ბადებს:
_ გეთანხმებით, ეჭვები ნამდვილად ჩნდება. ჩემი პირადი მოსაზრებით, წარმოუდგენელია იწვალო, იშრომო, ამდენი დოკუმენტაცია მოამზადო და რამე შეგეშალოს. თუმცა, არის შემთხვევები, როცა მათემატიკური შეცდომებია, მაგრამ არის ფაქტები, როდესაც დოკუმენტაციას საერთოდ არ ტვირთავენ, რაც ეჭვს აჩენს, _ ამბობს გოგიბერიძე.
შესყიდვების სამსახურის უფროსის თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეწარმეებს შორის ზოგჯერ გარიგებები, ზოგჯერ ე. წ. „ქუჩური გარჩევები“, ე. წ. „ძველი ბიჭების ჩართვა“ და ზეწოლებია, მასაც სმენია, თუმცა, ამას გადამოწმება მის კომპეტენციაში არ შედის:
_ ამისთვის შესაბამისი სამსახურები არსებობს და ეს თემა მათ უნდა გამოიკვლიონ _ ჩვენ ამის არანაირი უფლება არ გაგვაჩნია. მე რომ მეწარმეს ვუთხრა, რატომ არ ატვირთა დოკუმენტაცია, შეიძლება მიჩივლოს. კანონით მხოლოდ იმის შესაძლებლობა მაქვს, რომ დისკვალიფიკაცია მივცე, თუმცა, მას შეუძლია იგივე ქმედება სხვა ტენდერში გაიმეოროს. რაც შეეხება იმას, რომ ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობს, დამერწმუნეთ, ეს ჩვენთვის მხოლოდ ხელშემშლელი ფაქტორია _ ართულებს სამუშაოს, სჭირდება გაცილებით მეტი დრო, რადგან ტენდერი ხელახლა უნდა გამოცხადდეს, რასაც მისი ვადები აქვს, შემდეგ შერჩევა-შეფასებას უნდა დრო, ცალკე დრო ჭირდება ხელშეკრულების მომზადებას. პირველ რიგში, ჩვენ ვართ დაინტერესებულები, რომ ეს ასე არ იყოს, მაგრამ ვერც ამაში ვერევით. ვერავის ვეტყვით, ტენდერში მიიღე მონაწილეობაო ან პირიქით, _ ამბობს გოგიბერიძე, რომელსაც მიაჩნია, რომ ამ მხრივ კანონი უნდა გამკაცრდეს:
_ ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ კომპანიას, რომელმაც დოკუმენტაცია არ ატვირთა, ერთი წლით მაინც მიეცეს დისკვალიფიკაცია. როცა ასე იქნება და მასთან ვინმე მივა იმის სათქმელად, რომ დოკუმენტი არ ატვირთოს, უარი თქვას შესასრულებელ სამუშაოებზე, არ დათანხმდება, რადგან მაშინ ერთი წელი უმუშევარი დარჩება, რაც ბუნებრივია, არავის „აწყობს“, _ აღნიშნავს გოგიბერიძე.
შესყიდვების სამსახურის უფროსი, რომელიც სატენდერო კომისიის წევრიცაა, გამორიცხავს რომ ამ გარიგებებში, რომელზეც ძალიან ბევრი მხოლოდ კამერის მიღმა საუბრობს, კომისიის რომელიმე წევრი იყო ჩარეული. გოგიბერიძე ამბობს, რომ ის მზად არის ნებისმიერ მის ქმედებაზე პასუხი აგოს.
იგივეს ამბობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მინდია ჟღერია:
_ თუკი ვინმე იტყვის რომ მე, ან კომისიის რომელიმე წევრი ამაში ვართ გარეულები, მზად ვარ კანონის მთელი სიმკაცრით ვაგო პასუხი. თუკი ასეთი ეჭვები არსებობს, მაშინ შესაბამისმა სამსახურებმა უნდა გამოიძიონ. რაც შემეხება პირადად მე, ზოგადად ბრალდებები ბევრ ვინმეზე შეიძლება ისმოდეს, მაგრამ ამის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. კანონი არასდროს დამირღვევია და არც არავისთან შევსულვარ გარიგებაში, _ ამბობს ჟღერია.
ჩვენ ასევე დავინტერესდით, რატომ დაშალა გზების ტენდერები მუნიციპალიტეტმა და რატომ არ გააერთიანა მომიჯნავე ტერიტორიებზე შესასრულებელი სამუშაოები, როგორც ეს სხვა მუნიციპალიტეტებში ხდება და კითხვით მუნიციპალიტეტის გამგებელს მივმართეთ:
„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩოხატაურში სატენდერო პროცესი არის გამჭვირვალე და კომპანიებისთვის თავისუფალი ბიზნესგარემოა შექმნილი, რაც ზოგადად ხელისუფლებას ევალება კიდეც. სწორედ ამიტომაც, მუნიციპალიტეტის სოფლებში ბეტონისა და ასფალტ-ბეტონის დაგების სამუშაოები რამდენიმე ლოტად დაიყო მიმართულებების მიხედვით. ასეთი მიდგომა მეტ კომპანიას აძლევს მონაწილეობის მიღების საშუალებას და როგორც პრაქტიკა აჩვენებს, სამუშაოებიც უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს და საკონტრაქტო ვადებიც უფრო დაცულია, ვიდრე ერთი კომპანიის შემთხვევაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უფრო მეტი ადამიანის დასაქმების შანსია სხვადასხვა სოფელში, რა თქმა უნდა არაკვალიფიციურ მუშახელს ვგულისხმობ, რადგან კომპანიები თავად განსაზღვრავენ კვალიფიციური კადრების საკითხს (ტექნიკის ოპერატორები, სამუშაოთა მწარმოებლები და ა. შ.),“ _ მოგვწერა ირაკლი კუჭავამ.
კითხვაზე _ უქმნის თუ არა თუ არა ეჭვის საფუძველს, რომ უმრავლეს ტენდერებში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობს ან გამარჯვებული დოკუმენტაციას არ ტვირთავს და შესაბამისად იგებს სხვა _ ძირითადად ერთი და იგივე კომპანიები, გამგებლის პასუხი ასეთია:
„ჯერჯერობით, 12 ტენდერი გამოცხადდა, კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა, მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების ეტაპი. მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, რაც დღეისთვის ცნობილია, სადაც მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა, რომელმაც მიიღო დისკვალიფიკაცია და ტენდერი გამოცხადდება თავიდან. ასე რომ, რაიმე ეჭვების საბაბი ჯერ არ იკვეთება“, _ ამბობს გამგებელი.
არადა, ტენდერი ცამეტია, ხოლო ამ მონაცემით მხოლოდ გზების ტენდერებში სამი შემთხვევაა, როცა ერთი მონაწილე იყო, რაც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ეჭვებს ბადებს, რაზეც კულუარებში ხშირად საუბრობენ; ამბობენ, რომ ჩაშლილი ტენდერების, არატვირთული დოკუმენტაციის უკან ხელისუფლებასთან და მმართველ გუნდთან დაახლოებული პირები დგანან, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, წინასწარ არკვევენ, ვინ რომელ ტენდერში უნდა შევიდეს, ხოლო „გაუთვალისწინებელ შემთხვევებში“ (ტენდერში სხვა ქალაქში რეგისტრირებული ფირმის ტენდერში შემოსვლის ან მსგავსს შემთხვევებში) ხელისუფლების სახელით, „გარჩევებზე“ გადადიან. როგორც ჩვენი წყაროები კამერის მიღმა საუბრობენ, მათ ემუქრებიან, რომ “პრობლემები შეექმნებათ“ და შესრულებული სამუშაოს ჩაბარების შანსი არ აქვთ.
ცელკე თემაა, თუ როგორ და ვინ ასრულებს შემდგომში მოგებულ ტენდერს – ძალიან ხშირად ქვეკონტრაქტორებად, უბრალოდ, “მაყურებლებად“ ან სამუშაოთა მწარმოებლად გადაწყვეტილების მიმღები, მაღალი თანამდებობის პირების ოჯახის წევრები გვევლინებიან. ამ თემაზე “გურია ნიუსს“ არა ერთი პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული და მუშობას აგრძელებს. ჩვენ აუცილებად მოგაწვდით ინფორმაციას, კონკრეტულად ამ ტენდერებში უკონკურსოდ გამარჯვებული ფირმების უკან, რომელი “ქვეკონტრაქტორები“, პირთა ჯგუფი ან “ოჯახი“ დაფიქსირდება.
საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელის, ტენდერების გაშუქების საუნივერსიტეტო სასწავლო მოდულების ავტორის ია მამალაძის აზრით, ამგვარ მიდგომას, კორუფციული გარიგების მზარდი დინამიკა აქვს: “კონკურენციის გარეშე საეჭვო ტენდერში გამარჯვებული ფირმის მიერ, ხშირად იძულების ძალით ან წინასწარი გარიგებით აყვანილი “ქვეკონტრაქტორები“, გამოცდილების ისტორიებს იქმნიან და მერე, დიდ ტენდერებში მსხვილ მოთამაშეებად შედიან; ხშირად, იკვრება ახალი ალიანსები “გაშავებული“ ფირმების წარმომადგენლებისგან და არაკვალიფიციურად შესრულებული სამუშაოები, მიტაცებული საბიუჯეტო თანხები არ არის სატენდერო კომისიების ინტერესის საგანი. სრული კორუფციული ქაოსია შესრულებული სამუშაოების ექსპერტირების, ჩაბარების პროცესის მონიტორინგის კუთხით. მნიშვნელოვანია პროექტირების და ფასდადგენის პროცესი – თუკი კვალიფიციური, ზედმიწევნით დათვლილი პროექტით გზის გაკეთებას ასი ათასი ლარი სჭირდება, როგორ შეიძლება 25%-ით ნაკლები თანხით ამ სამუშაოს ხარისხიანად შესრულება? ვინ აგებს პასუხს პროექტირების არაკვალიფიციური პროექტირების გამო, ჩვენ ხომ ამაშიც ფულს ვიხდით?!
ტენდერების ჩატარების, გამარჯვებულის გამოვლენის პროცესში თვალნათელი ხარვეზებია, რომლებიც უნდა გამოსწორდეს. კულუარებში მიმდინარე უმწვავესი კორუფციული გარიგებები, რომლებზეც საზოგადოება მუდმივად საუბრობს და პროცესს თავიდან ბოლომდე გასდევს, ანგრევს საქართველოს ეკონომიკას, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას; საბოლოოდ კი, ქვეყნის მომავალს“.
სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ეს სისტემური პრობლემაა:
_ უკვე ჩამოყალიბდა სისტემური პრობლემად და როგორც წესი ასეთი შემთხვევები ჭარბობს მუნიციპალიტეტებში, როდესაც შედარებით პატარა ტენდერია და შეიძლება ნაკლები დაინტერესება იყო მსხვილი კომპანიებისგან. ეს სულაც არ ნიშნავს რომ უარი ვთქვათ იმ მონაპოვარზე, რასაც ჰქვია გამჭვირვალობა და საჯაროობა შესყიდვებში. ბოლო, მინიმუმ 3 წლის განმავლობაში არის გაუარესება. როგორც ჩანს, გამგეობები სარგებლობენ შექმნილი სიტუაციით, როდესაც, როგორც აღვნიშნე, დაინტერესება ე.წ. მსხვილი კომპანიებისგან შეიძლება ნაკლები იყოს და ეს აძლევთ მათ იმის თქმის საფუძველს თუ რა ქნან. ხშირად ადგილი აქვს მანიპულირებას _ ასე ვიტყვი და დავიცავ უდანაშაულობის პრეზუმპციას. როგორც ჩანს, ამის შესახებ ინფორმაცია აქვთ ცენტრში და შესაბამისად, თუკი გადახედავთ გასული წლების შესყიდვებს, არა ერთ მსგავსს ფაქტს აღმოაჩენთ.
დროულად უნდა ამას მიხედვა. კანონმდებლობაში უნდა შევიდეს ცვლილება, რომ ხელოვნური მანიპულირებები აღარ გახდეს საჭირო ამ ტიპის ტენდერებში, არ დარჩეს ადგილი ვიღაცის სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღებისა და მანიპულირებისა. ძალიან საეჭვოა, როცა ტენდერში მიიღებ მონაწილეობას, შეეჯიბრები და მერე ვერ ატვირთავ ტექნიკურ დოკუმენტაციას. ბუნებრივია, აქ არსებობს ვარაუდი და საკმაოდ დასაბუთებული, რომ ამაში ჩაერია ადმინისტრაციული ორგანო ან სპეცსამსახური ან სხვა ვინმე _ არ აქვს მნიშვნელობა. მე ვსაუბრობ სისტემურ პრობლემაზე და შესაბამისად, ეს არ არის კარგი. ეს კორუფციულ რისკებს ზრდის. კორუფცია არ ნიშნავს ქრთამის აღებას მხოლოდ. სისტემური კორუფცია ნიშნავს, რომ კანონდარღვევაზე არ ხდება რეაგირება ან ის რისკები, რომელიც უკვე საეჭვოა მუნიციპალიტეტში, არ არის განსჯის და რეაგირების საგანი მთავრობის და საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის კახა გულედანის თქმით, სამინისტროს თვითმმართველობის საქმიანობაში ვერ ჩაერევა და ვერც გააკონტროლებს:
_ კანონი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მუნიციპალიტეტის ტენდერები შევამოწმოთ. ერთადერთი ბერკეტი, რაც გაქვს და რომელიც მალე ამუშავდება, საზედამხედველო კომპანიაა. უკვე გამოცხადებულია ტენდერი და შერჩეული კომპანია ყველა მუნიციპალიტეტში გააკონტროლებს ტენდერების მიმდინარეობას და შესრულებულ სამუშაოებს. ეს კომპანია იქნება ვალდებული სამინისტროსთან და იმ შემთხვევაში, თუკი ისინი არ შეასრულებენ აღებულ ვალდებულებებს, რეაგირების საშუალებაც გვექნება, _ გვითხრა გულედანმა, თუმცა, რატომ არ არის ამგვარი ინსტიტუციის შექმნა და სამინისტროსთან მისი ანგარიშვალდებულება მაინც თვითმმართველობის საკითხებში ჩარევა, გაუგებარია. ამასთან, მნიშვნელოვანია, თუ რომელი უწყების მიერ გადაცემულ ფულს განკარგავს თვითმმართველობა და როგორია ამ თანხების განკარგვის მონიტორინგის საკანონმდებლო ბაზა საქართველოში.
რა ისტორიის და გამოცდილების მქონე ფირმებთან გაფორმდება ხელშეკრულებები კონკრეტულად ამ ტენდერებში, ვისი ინტერესები გამოიკვეთება სამუშაოების შესრულებისას _ ჩვენ ამ საკითხებზე მუშაობას ვაგრძელებთ და მკითხველს პერიოდულად მივაწვდით მოპოვებულ ჟურნალისტურ მოკვლევებს.