მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან თხილის ექსპორტი ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად იზრდება, ადგილობრივი ბაზარი გურიაში მაინც ქაოსურ მდგომარეობაშია.
“საქსტატის” მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, წინა წლებთან შედარებით, თხილის წარმოება ექვსჯერ არის გაზრდილი. ჩვენი თხილი ყველაზე მეტად ევროპის ქვეყნებში გადის, თუმცა ქართული თხილის ბაზარი ჯერ კიდევ სპონტანურია და ალბათ, საკმაო დრო დასჭირდება, რომ ისეთი სტაბილური გახდეს, როგორიც თურქულია. მიუხედავად ბევრი საუბრისა და მცდელობებისა, ჯერ კიდევ ვერ ამუშავდა ვერანაირი რეგულაციები.
დღეისთვის, ოზურგეთში თხილის მიმღებ პუნქტებში, ივლისის შუა რიცხვებიდან, ერთი კილოგრამი ახალი თხილის ფასი ლარნახევრიდან ორ ლარამდე მერყეობს. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სასტუმრო “გურიას” შემოგარენში, ბლომად არის განლაგებული თხილის მიმღები პუნქტები. იბარებენ გასულ წელს მოკრეფილ თხილსაც _ ასეთი “ბერძულა”ერთი კილოგრამი ოთხლარნახევარი ღირს. .
_ მოდიან ერთეულები. ახალი თხილის ფასი ერთი ლარიდან დაიწყო და ახლა უკვე ორ ლარს უახლოვდება. ჯერჯერობით, ადამიანთა მცირე რაოდენობა მოდის. ორი-სამი კაცი თუ გამოჩნდება, ხან ისიც არა, _ გვეუბნებიან თხილის მიღებაზე მომუშავე ქალბატონები.
თხილის მიმღები პუნქტების მწკრივი უცვლელი ვიზუალითაა წარმოდგენილი _ ბოლო ათწლეულის მანძილზე მას იერი ოდნავადაც არ შეცვლია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროპის ბაზარზე თხილის ერთ-ერთ მსხვილ მიმწოდებლად ითვლება, შექმნილია თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი, როგორ უნდა აწარმოოს ბიზნესოპერატორმა თხილი, ასევე, გაწერილია შენახვის პირობები, ხარისხობრივი მაჩვენებლები და სხვა.
თუმცა, ადგილზე ოდნავადაც არ იგრძნობა, რომ ვინმე სიახლისადმი ნაბიჯის აწყობას ცდილობს. რომ არა კალენდარი და დროის ბრუნვა, აქ კვლავ გასული წლის ზაფხული გეგონება _ მიმღები პუნქტებზე ისევ ცნობილი საღებავიან-ცარციანი წარწერებია: “ვიბარებთ თხილს”, “ვიბარებთ ყველაზე მაღალ ფასებში”, “ვიბარებთ მაღალ ფასებში” “ფასი _ ხუთს პლიუსი”… თუმცა, კითხვაზე, ვინ არის უფროსი, ვინ შეიძლება გაგვცეს პასუხი, როგორ რეგულირდება წელს ფასების საკითხი და არის თუ არა ამ მხრივ ნაბიჯი წინ გადადგმული, გასულ წელთან შედარებით, პასუხი ერთნაირია: “ჩვენ არ ვიცით”, “არ გადაგვიღოთ”, “უფროსი ჯერ არ მოსულა”, “დღეს არ მოვა”… “არც ის ვიცით, როდის მოვა”, “რაში გაინტერესებთ, შეცვლით რამეს?”
მიუხედავად ასეთი პასუხებისა, კერძო საუბარში ყველა გასაჭირსა და “ვიღაცის ნებაზე” საუბრობს, რომელსაც, სადღაც, “ზემოდან” არ სურს თხილის ბაზრის დარეგულირება.
გავრცელებული ინფორმაციით, დღეისთვის ოზურგეთში საკმაოდ უხარისხო ახალ თხილს იბარებენ. მასში საკმაოდ ბევრი უნდა იყოს მზისგან მოხალული თხილი, რომელიც ყველა თხილის პლანტაციაში უხვად ყრია.
ფერმერები _ ნუგზარ ანთიძე და ჯუმბერ სურგულაძე “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობენ, რომ წელს, ივლისის დასაწყისში საკმაო გვალვიანმა კვირამ და პარალელურად ღამის სიცივეებმა გამოიწვია თხილის ე. წ. მოხალვა და შემდეგ ცვენა. ბევრი ვარაუდობს, რომ სწორედ ასეთი თხილის ჩაბარება ხდება ახლა, რასაც კატეგორიულად უარყოფენ თხილის მიმღებ პუნქტებში მომუშავე პირები:
_ ბრმები კი არ ვართ! ცუდ თხილს რატომ მივიღებთ? ვტეხთ, ვაკვირდებით, _ ამბობენ ისინი.
გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი სახის თხილს იყენებენ ნედლი თუ მოხალული თხილის ფქვილისთვის, თხილის პასტისთვის. ამბობენ იმასაც, რომ ინახავენ, ახმობენ, მერე ურევენ კარგ თხილში და სწორედ ამიტომ ეცემა ხარისხი. მერე კი მუდმივად არის წუწუნი, რომ თხილის ფასი არასტაბილური, ცვალებადია და დაბალი.
საქართველოში მრავალი წელია, ამ კუთხით, თხილის ბაზარზე, ისევე, როგორც ბევრ სფეროში, წრეზე სიარული გრძელდება. ერთი და იგივე ადამიანები გამოსავალს ეძებენ, თუმცა, ხმამაღლა საუბარს გაურბიან.
ექსპერტების განმარტებით, ევროკავშირში თხილის გულზე მოთხოვნა შემცირდა და ევროპული კომპანიები ამჯობინებენ, პირდაპირ თხილის მზა პროდუქტები _ კანგაცლილი, ნედლი და მოხალული თხილის ფქვილი და თხილის პასტა შეიძინონ. ქართველ ექსპორტიორებს ჯერ არ შეუძლიათ ევროპაში თხილის პროდუქტის გატანა, რადგან ჩვენთან მკაცრი სერტიფიცირების სისტემა და ლაბორატორია არ არსებობს.
ზოგადად, ქართულ თხილზე მოთხოვნა მსოფლიოში დიდია, პროცესი კი საიდანღაც რომ უნდა დაიწყოს, ამას ადგილობრივი ბაზრის პუნქტების რიგითი მიმღები პირებიც ხვდებიან, თუმცა, პროცესი არ იძვრის და მაინც ქაოსია.
ნინო სალუქვაძე, სოფელი ლიხაური: _ ორ ტონამდე თხილს ვიწევ. მრავალი წელია, ერთი და იმავე პრობლემის წინაშე ვდგავართ. კვირა არ არის, რომ 5-6 დღის მანძილზე მაინც, სტაბილური ფასი ჰქონდეს თხილს. არ შეიძლება, ყველაფერი ხალხს დააბრალო. თხილის კულტურამ, ყველამ კარგად ვიცით, საკუთარი თავი თავად დაიმკვიდრა. ადამიანებს მთავრობისგან სჭირდება მეტი ქმედითუნარიანი დახმარება. სახელმწიფო თუ ბაზრის დივერსიფიცირებას ვერ მოახდენს, გლეხმა რა ქნას? კი გახდა თხილი სტრატეგიული კულტურა და საკუთარი ნიშაც შექმნა უკვე, მაგრამ გლეხებს დახმარება სჭირდებათ.
ვლადიმერ ურუშაძე, ოზურგეთი: _ რეგიონში უკვე ოჯახი არ არის, რომელსაც თხილის პლანტაცია არ აქვს. ეს ძალიან კარგია, მაგრამ მთავარია, სახელმწიფომ მონოპოლიების წინააღმდეგ იბრძოლოს. აი, ეს იქნება დახმარება. კარგია, რომ თხილის პლანტაციები შეიწამლა, აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, თუმცა, მეტი შეუძლია სახელმწიფოს და ეს არ კეთდება. სანამ უნდა ვიძახოთ, რომ არსებობს მონოპოლიები, რაც ადამიანს გასაქანსაც არ აძლევს.
ნანული კვირკველია, სოფელი ქაქუთი: _ შეიძლება თუ არა, რომ თხილის მიახლოებითი ფასი იცოდეს ხალხმა? კი, ბატონო, ფასების ცვლილება ყველა პროდუქციაზე ხდება დრო და დრო. მე ყველს, რძის ნაწარმს ვყიდი _ ზამთარში მეტია ფასი, გაზაფხულზე ეცემა, რადგან ბალახი უხვადაა, დღე დიდია. ეს არის ელემენტარული ანა-ბანა. ფასი კი იკლებს, მაგრამ არა ისე, რომ ადამიანი შეშინდეს, ნამუშევარი ტყუილად გადავყარეო. თან, არ მახსოვს, კვირაში სამჯერ შეცვლილიყოს რძის ნაწარმის ფასი. მით უმეტეს, ადამიანს ის ყველაზე მეტად სჭირდება. რა გახდა ამ თხილის საშუალო ფასის დადგენა?! განმარტებები, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ბრალია ეს ყველაფერი, არ გვჭირდება. ბრიყვი არავინაა და ადამიანები ყველაფერს ვხვდებით, მონოპოლიებს უნდა მიხედოს სახელმწიფომ. ასე ფიქრობს ყველა, ვისაც თხილი აქვს. ყოველ წელს ერთი და იგივე ვითარებაა, შიშის კანკალით უყურებს ხალხი ერთადერთი შემოსავლის წყაროს. წელს მშვენიერი მოსავალი უნდა იყოს, მაგრამ ვინ იცის, ვინ აპირებს ჩვენს ზურგზე გამდიდრებას?
“გურია ნიუსი” ეცადა ოზურგეთში მოქმედი თხილის ქარხნების ხელმძღვანელებთან დაკავშირებას, თუმცა, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. როგორც თხილის მიმღებ პუნქტებში დასაქმებულები ამბობენ, ჯერ თხილის “ნამდვილი სეზონი” არ დაწყებულა და კონტაქტების დამყარება მათთან ძნელია:
“ვიქნებით ასე, ათ აგვისტომდე მაინც და მერე იქნებ, უფრო გაირკვეს რაიმე, თუმცა, მაგის დიდ იმედს ჩვენ ვერ მოგცემთ და არც იმის პროგნოზირება შეგვიძლია, წელს როგორი ფასი ექნება თხილს”, _ ამბობენ თხილის მიმღებ პუნქტებში.