ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შემოქმედში მდინარე ბჟუჟში ოზურგეთელმა მაშველებმა ქალს სიცოცხლე იხსნეს.
გურიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა პაატა ლომთაძემ, ჩვენთან საუბრის დროს თქვა, რომ 112-ში შევიდა ინფორმაცია, რომ მდინარეში ორი ბავშვი და ერთი ქალი იხრჩობოდა. მისივე თქმით, ბავშვების შესახებ გავრცელებული ამბავი არასწორი აღმოჩნდა.
“დროულად მოხდა გასვლა, ასევე, ჩქარ ტემპში მოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ადგილზე მისულებმა გავარკვიეთ, რომ მდინარეში ბანაობის დროს კამერიდან გადავარდა ქალი და ბავშვებს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა“, _ გვითხრა პაატა ლომთაძემ.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, პირველადი დახმარების შემდეგ ქალი გადაყვანილი იქნა “მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში.
“მედალფას” სამედიცინო ცენტრის დირექტორის, დათო მდინარაძის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მიმდინარეობს დაკვირვება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელის სოფელ შემოქმედში ბესო ლომინაძის თქმით, დახმარების დროულად აღმოუჩინეს და ახალგაზრდა ქალის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.