27 ივლისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში, „ჯანმრთელობის დაცვის და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრის“ მიერ მოეწყო პრეზენტაცია: „გურიის რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ორგანიზაციების და სოციალური მუშაკების როლის გაძლიერება, ოჯახების მხარდაჭერის მიზნით“. პრეზენტაციას დაესწრნენ გურიის რეგიონის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები, ხელმძღვანელი პირები, ჟურნალისტები.
პრეზენტაცია წარმოადგინა და სოციალური მუშაობის განვითარებაზე ისაუბრა ა(ა)იპ ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრის წარმომადგენელმა ნინო მირზიკაშვილმა.
_ სადაც გაჭირვებაა, იქ ნაკლებია ჰიგიენა, ნაკლებია განათლებისადმი ხელმისაწვდომობა, რაც ოჯახის ნორმალურ ფუნქციონირებას და სიღარიბის შემცირებას ხელს უშლის, _ თქვა მან და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გამოკითხვების მიხედვით, სიღარიბის ინდექსი გურიის რეგიონში მაღალია. გამოკითხულთა ორმოცდაშვიდი პროცენტი თავს ღარიბად მიიჩნევს. ცოტაა სოციალური მუშაკების რესურსი. მათ აბარიათ, როგორც შშმ პირები, ასევე, ბავშვები და ხანდაზმულები. ახალი მოდელი გულისხმობს სოციალური მუშაკების როლი გაძლიერებას, აგრეთვე, თემის გაძლიერებას, რადგან, რაც უნდა ბევრი სოცმუშაკი იყოს, თუ თემი თვითონ არ არის აქტიური, წარმატება ისე არ მიიღწევა. ამიტომ სოციალური მუშაკების გაძლიერებასთან ერთად, საჭიროა აქტიური თემი.
აღნიშნული კვლევის ცენტრის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გურიაში ჰყავთ ორი პარტნიორი ორგანიზაცია, ახალგაზრდა „პედაგოგთა კავშირი“ და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“, რომლებიც დიდ დახმარებას უწევენ სხვადასხვა კვლევების ჩატარებაში, ზოგადად, მუშაობის აქტიურად წარმართვაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა გამოსვლის შემდეგ გაიმართა დისკუსია.