იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის, ევა გოცირიძის ოჯახის საკუთრებაში სამი ბინა, მიწის ნაკვეთი და ორი ავტომობილია.
ამის შესახებ ევა გოცირიძის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
დეკლარაციის თანახმად, ევა გოცირიძემ 2016 წელს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, 223,75 კვ.მ-ის მშენებარე ბინა შეიძინა, რომლის ფასად დეკლარაციაში 22 861,00 დოლარია მითითებული, თუმცა მასში გაცილებით მეტი თანხა – 228 ათას დოლარია გადახდილი (ევა გოცირიძის განმარტება იხილეთ ქვემოთ, ავტ.).
მის საკუთრებაშია 2000 წელს, 8000-დოლარად ნაყიდი 45,00 კვ.მ.-ის ფართობის ბინა თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე.
ევა გოცირიძის 50,00% -იან საკუთრებაშია ასევე, 2006 წელს, მემკვიდრეობით მიღებული 71,86 კვ.მ-ის ფართობის ბინა თბილისში, სანზონაში (თანამესაკუთრე – ოლანი გოცირიძე).
ასევე, 1995 წელს, მემკვიდრეობით მიღებული 1300,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთში.
ევა გოცირიძის 100,00% საკუთრებაშია 2008 წელს ნაჩუქარი მსუბუქი ავტომანქანა მერსედეს სიალკა, ხოლო მის მეუღლეს, მინდია უგრეხელიძეს ეკუთვნის 2012 წელს, 5000,00 -დოლარად ნაყიდი მსუბუქი ავტომანქანა ჯიპი ჩეროკი, ლიბერი AB-948.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევა გოცირიძის ოჯახის საკუთრებაში აღარ ფიქსირდება (იხ, ფოტო. ავტ.) მის 50% სარგებლობაში არსებული 100 კვ.მ-ის ფართობის ბინა საფრანგეთში, სტრასბურგში, მარნის ბულვარი 44-ში, რომლის თანამესაკუთრე მისი მეუღლე მინდია უგრეხელიძე იყო.
ასევე, 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში აღარ ფიქსირდება მინდია უგრეხელიძის საკუთრებაში არსებული ბინა ქუთაისში, თამარ მეფის 1-ელ ჩიხში, რომლის ფართობი – 300.00 კვ.მ-ია და ამავე მისამართზე არსებული – 500.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი.
ასევე, ტყიბულში, ბობოთში, მდებარე 300.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი, თბილისში, წყნეთში მდებარე 120.00 კვ.მ-ის ფართობის ბინა და ამავე მისამართზე არსებული 700.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც მინდია უგრეხელიძის საკუთრებაში იყო.
ასევე, ევა გოცირიძის 50%-იან საკუთრებაში არსებული 3000.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი და 200.00 კვ.მ-ის ფართობის ბინა ამბროლაურის რაიონის სოფელ ხოტევში, რომლის თანამესაკუთრე ოლანი გოცირიძე იყო.
2016-2017 წლებში შევსებული დეკლარაციებიდან არ ირკვევა, რატომ აღარ არის ევა გოცირიძის ოჯახის საკუთრებაში ზემოთ აღნიშნული ქონება. ქონებრივ დეკლარაციებში არ არის დაფიქსირებული გაყიდეს თუ გააჩუქეს ქონება გოცირიძემ და უგრეხელიძემ.
„გურია ნიუსი“ დეტალების დასაზუსტებლად ევა გოცირიძეს დაუკავშირდა, რომელიც ჩვენთან სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ ეს ქონება არც წინა წლების დეკლარაციებში უნდა ყოფილიყო.
გოცირიძის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:
_ქალბატონო ევა, თქვენს მიერ წინა წლებში შევსებულ დეკლარაციებში აღნიშნულია, რომ გარდა იმ ქონებისა, რომელიც ახლაც გაქვთ, კიდევ 4 ბინა და 4 მიწის ნაკვეთი იყო თქვენი ოჯახის საკუთრებაში, თუმცა, 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში ეს ქონება აღარ წერია. რატომ?
_მაგაზე ადვილი არაფერია, გიპასუხებთ. სტრასბურგში არსებული ბინა გავყიდეთ და ამ თანხით თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მშენებარე ბინა ვიყიდეთ, რაც დეკლარირებულია.
_ამ ბინის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალიც არ გიფიქსირდებათ დეკლარაციაში. შეგიძლიათ დაგვიზუსტოთ რა ფასად გაყიდეთ?
_იქ, სადაც შესავსები იყო, ყველა გრაფა შევავსე. გრაფები ყველაფერი შევავსე.
_თქვენს დეკლარაციაში ამ ქონების გასხვისებიდან მიღებული შემოსავალი არ წერია. გამოგრჩათ თუ რატომ არ გაქვთ შევსებული?
_ეტყობა წლების მიხედვით… არ ვიცი არ მახსოვს. ფაქტი არის ეს, რომ ის ბინა გავყიდეთ და მშენებარე ბინა ვიყიდეთ თბილისში.
_ანუ სტრასბურგის ბინიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად გადაიხადეთ თბილისში მშენებარე ბინაში?
_დიახ, დიახ, მთლიანად გადავიხადეთ… რაც შეეხება ქუთაისის ბინას, წყნეთის აგარაკს და ა.შ. ეს ყველაფერი იყო ჩემი ქმრის, ამიტომ მე მეგონა რომ ჩემი ქმრის იყო და ვწერდი დეკლარაციაში. თუმცა აღმოვაჩინე, რომ ეს ყველაფერი გასხვისებული ყოფილა მის უფროს ვაჟიშვილზე პირველი ქორწინებიდან, ამიტომ აღარ შევიტანე. ასევე აღმოვაჩინე, რომ ამბროლაურის რაიონში მდებარე ბინა და მიწის ნაკვეთი, რომელიც ჩემი საკუთრებაც მეგონა, ჩემი დის სახელზეა.
_ანუ, ეს ქონება არ გაგიყიდიათ?
_არა, არ გამიყიდია, არის სხვის საკუთრებაში და არც აქამდე უნდა ჩამეწერა წინა წლების დეკლარაციებში. არასწორად იყო მითითებული. დიდი ხანი ყოფილა გასხვისებული. გარდა სტრასბურგის ბინისა არ გამიყიდია არაფერი.
_რაც შეეხება სტრასბურგის ბინას, შეგიძლიათ გვითხრათ რა ფასად გაყიდეთ?
_რატომ უნდა გითხრათ? თითქმის იმ ფასად, რა ფასიც გადავიხადეთ ვაკის ბინაში. ეს დეტალები თქვენ რაში გაინტერესებთ?
_თქვენ ეს დეტალები დეკლარაციაში შემოსავლის გრაფაში უნდა ჩაგეწერათ, რადგან ამის ვალდებულება გაქვთ. რაც არ გაგიკეთებიათ.
_არ ვიცი, გამომრჩა ეტყობა. თითქოს ყველაფერი შევავსე. და თუ რაღაც არ არის, შევსებული, მაშინ შემდეგ გვერდზე როგორ გადავედი შევსებისას?! იმ ბინით, რომელიც თავისი ამბებით გავყიდეთ, ძლივს შევწვდით რომ კარკასი გვეყიდა აქა, ფაქტობრივად ისეთი სიტუაცია იყო.
_ანუ, თქენ ამბობთ, რომ საფრანგეთში, სტრასბურგში, ბინა 22 861 დოლარად გაყიდეთ? ჭავჭავაძის ბინის საფასურად დეკლარაციაში სწორედ 22 861 დოლარი წერია…
_22 ათასი? არა, 228 ათასი უნდა ეწეროს. შეცდომაა, ალბათ…
_გარდა ამისა, თქვენი მეუღლის 2016 წლის შემოსავალთან დაკავშირებით, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე, ერთი თვის ვადაში, მან ლექციების წაკითხვიდან 53 000,00 ლარის შემოსავალი მიიღო. ნამდვილად ასეა თუ ეს ერთი წლის შემოსავალია და დეკლარაციაში შეცდომით ერთი თვე გიწერიათ?
_არა, ერთი თვე არაა; ერთი წლის შემოსავალია მაგდენი. ერთი წელი იწერება მანდ საერთოდ… და თქვენ რატომ დაინტერესდით ასე ზუსტად ჩემი დეკლარაციით?
_არა მარტო თქვენი, სხვა თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებთან დაკავშირებითაც ვწერთ და ვაქვეყნებთ. გასულ წლებშიც გვქონდა გამოქვეყნებული თქვენი ქონების შესახებ ინფორმაცია, რადგან თქვენ ბრძანდებოდით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი თქვენს ქონებასთან და შემოსავლებთან დაკავშირებით.
_ახლა ამასაც აპირებთ რომ გამოაქვეყნოთ?
_დიახ, ვაპირებთ, გამოვაქვეყნოთ.
_კი, ბატონო გამოაქვეყნეთ. რაც მკითხეთ, მგონი გიპასუხეთ. მინდიას ქონებაზე, ალბათ, არასწორად დავაკლიკე. ერთი წელი იგულისხმება ნამდვილად. ოთხ უნივერსიტეტში მუშაობს და სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან აქვს შემოსავალი“, _ გვითხრა ევა გოცირიძემ.
რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, როგორც 2017 წლის 26 ივლისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, გასული წლის 1 იანვრიდან, 31 დეკემბრის ჩათვლით, ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებისთვის გოცირიძე-უგრეხელიძის ოჯახს ჯამში 148 420 ლარის შემოსავალი მიუღია (ამ თანხაში არ არის სტრასბურგის ბინის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი).
აქედან, ევა გოცირიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის, გასული წლის განმავლობაში, 85000,00 ლარი მიუღია, ხოლო ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის პროფესორობისთვის (სასწავლებელი დეკლარაციაში დაფიქსირებული არ არის, ავტ.) 9120,00 ლარი. გარდა ამისა, ევა გოცირიძეს ჰონორარის სახით 1300 -ლარიანი შემოსავალიც ჰქონია.
მინდია უგრეხელიძის შემოსავალი კი, როგორც გოცირიძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას განმარტა – ერთი წლის განმავლობაში, ლექციების წაკითხვიდან, 53000,00 ლარი იყო.
დეკლარაციის შევსების მომენტში, ევა გოცირიძეს საქართველოს ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 760,00 ლარი, თი–ბი–სი ბანკის ანაბარზე – 40000,00 დოლარი, ხოლო ამავე ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 17000,00 ლარი ერიცხებოდა. მინდია უგრეხელიძეს კი, თი–ბი–სის ბანკის სახელფასო ანგარიშზე 608,00 ლარი ჰქონდა.
გარდა ამისა, ევა გოცირიძეს ნაღდი ფულის სახით 10000,00 დოლარი (დანაზოგი) ჰქონდა, ხოლო მინდია უგრეხელიძე 1500,00 ევრო (დანაზოგი).
რაც შეეხება ოჯახის გასავლებს, ამავე დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ევა გოცირიძე მკურნალობისთვის 1270,00 ლარი გადაუხდია, ხოლო მგზავრობის ხარჯი 1600,00 ევრო ჰქონია. სარემონტო სამუშაოებში კი, 7000,00 ლარი გადაუხდია. ასევე, ოჯახს გადაუხდია შვილის, გაგი უგრეხელიძის სწავლის გადასახადი 5700,00 ევრო, ხოლო მინდია უგრეხელიძეს მკურნალობა 960,00 ლარი დაჯდომია.
დეკლარაციის თანახმად, ევა გოცირიძისა და მინდია უგრეხელიძის ოჯახი არ მონაწილეობს სამეწარმეო საქმიანობაში, არ ფლობს ფასიან ქაღალდებსა და ძვირადღირებულ ნივთებს, ასევე გასული წლის განმავლობაში არ მიუღიათ ფასიანი საჩუქრები.
რაც შეეხება წინა წლების შემოსავლებს, როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსებული დეკლარაციებიდან ირკვევა, 2015 წელს გოცირიძე-უგრეხელიძის ოჯახს ჯამში 119 500 ლარის შემოსავალი ჰქონია. 2014 წელს კი, ჯამში –141 000 ლარი მიუღიათ.
2013 წელს კი, ოჯახის საერთო შემოსავალი 73 525 ლარი ყოფილა. 2012 წელს – ჯამში 57600 ლარი და 5000 ევრო. აქედან, ევა გოცირიძის შემოსავალი 5000-ევროიანი ჰონორარია, ხოლო მინდია უგრეხელიძეს 14400 ლარის პენსია აუღია, 43 200 ლარი კი, უმაღლესი სასწავლებლიდან მიღებული ანაზღაურებაა ლექციების წაკითხვისთვის.
ცნობისთვის, ევა გოცირიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი 2013-2017 წლებში იყო.
2016 წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, მთავრობამ სტრაბურგის მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი ნანა მჭედილიძე ევა გოცირიძით ჩაანაცვლა. თუმცა, 2017 წლის იანვარში, ევროსასამართლომ მისი კანდიდატურა ჩააგდო. მანამდე კი, გოცირიძის კანდიდატურის დაყენებას, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე ადვოკატთა კორპუსიც აკრიტიკებდა. ამის გამო, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა ევროსაბჭოს წინ 2016 წლის 26 სექტემბერს საპროტესტო აქცია გამართა.
მიუხედავად ამისა, გოცირიძე მაშინ აცხადებდა, რომ “ჩემი გამოცდილებით და ცოდნით შევესაბამები ამ თანამდებობას”. (იხ. ევა გოცირიძის სამოტივაციო წერილი და ბიოგრაფია, ავტ.)
შეგახსენებთ იმასაც, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისას ევა გოცირიძე მოსამართლეთა კრიტიკის აკრძალვასაც ითხოვდა.
ამავე თემაზე:
6 ბინა და 141 000-ლარიანი შემოსავალი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ევა გოცირიძის ოჯახის ქონება