დიღმის გასხვისებული ტყე-პარკის ნაწილიდან სარეკრეაციო სივრცის სახით დედაქალაქს კიდევ 1,5 ჰა-ზე მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა. აღნიშნული საკითხი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განიხილეს.
როგორც მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ჯამში, დიღმის გასხვისებული ტყე-პარკიდან ამ დროისათვის, ქალაქს 2,5 ჰა-ზე მეტი დაუბრუნდა.
„იცით, რომ სულ ცოტა ხნის წინ, საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად და ჩემი წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, წინა ხელისუფლებების დროს გასხვისებული დიღმის ტყე-პარკის 1 ჰა ტერიტორია ქალაქს სარეკრეაციო სივრცის სახით დავუბრუნეთ და დღეს მინდა, დიდი სიამაყით გამცნოთ, რომ დასრულდა მოლაპარაკება კიდევ ერთ კერძო მესაკუთრესთან 1,5 ჰა-ზე მეტი მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობაზე. ჯამში, დიღმის გასხვისებული ტყე-პარკიდან ამ დროისათვის, ქალაქს 2,5 ჰა-ზე მეტი დაუბრუნდა და მე მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს გადაწყვეტილება. დიღმის ტყე-პარკი უნდა დაუბრუნდეს ქალაქს, დაუბრუნდეს თბილისს და თბილისელებს! გამოსყიდულ მიწის ნაკვეთებზე უახლოეს პერიოდში საშემოდგომო გამწვანების ღონისძიებები განხორციელდება“, _ განაცხადა დავით ნარმანიამ.
შესაბამისი ხელშეკრულების პირობები თბილისის საკრებულოს შესათანხმებლად წარედგინება.