„…ნასვამი ადამიანიც დაგვიკავებია, მოუყენებია შეურაცხყოფა, მარა მეორე დღეს მოუნანიებია. ამან, ფხიზელმა ადამიანმა დამარცვლით გვაგინა თქვენ დედებს ასე ვუზამო და თქვენ ვერ უზამთ ჩემ დედასო… მთელი გზის განმავლობაში არ გაჩერებულა, არ შეუწყვეტია გინება. ყველაზე მეტად უპატივცემულოდ თავი ვიგრძენი იმ მომენტში… შებოჭვის მომენტში პირველი და მეორე მახსოვს პატივცემულო მოსამართლე რო მომხვდა სახეში, აი, მერე რამდენი მომხვდა ნამდვილად აღარ მახოვს. ნამდვილად არ დამითვლია…“ (დავით ნაკაშიძის ჩვენებიდან; სტილი დაცულია. ავტ).
„…არ დაემორჩილა ისევ და მოვკიდე ხელი, გაკავებთ-თქო. გურამმა ხელი უხეშად მკრა: „ხელი ჩაწიე, ბიჭო, ტელეფონზე უნდა დავრეკო, რა უნდა ჩამოვიდე ძირსო“. ეს რომ მივიღე ქამარში მოვკიდე ხელი. როგორც კი დავიწყე ფიზიკური ძალის გამოყენება, რომ გადმოგვეყვანა მანქანიდან, აქ უკვე იწყება მერაბ ხიდაშელის აგრესიული ის… გადმოხტა მანქანიდან, მოუარა და „თქვენ ბიჭო, რას გადაი…ით თავზეო“. ამ სიტყვებით და მოგვაშორა მანქანას ხელის კვრით ორივე…“ (ავთანდილ ვეფხვაძის ჩვენებიდან, სტილი დაცულია, ავტ.) _ ეს ამონარიდები იმ პოლიციელთა ჩვენებებიდანაა, რომლებიც 2017 წლის 13 იანვარს, ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩაზე, მათივე მონათხრობით, ორმა სამოქალაქო პირმა სცემა.
პოლიციელები ყვებიან, რომ ავტომანქანა, რომლითაც საქმეში ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ, მათ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, გურამ ცხადაძემ ვერ წარმოადგინა მართვის მოწმობა. წინააღმდეგობა კი, მოგვიანებით, სიტყვერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც პოლიციელების დაზიანებები მოყვა. კერძოდ, შინაგან საქმეტა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის, დავით ნაკაშიძის თვალბუდის არის, ხოლო ამავე სამმართველოს მეორე პოლიციელის, ავთანდილ ვეფხვაძის სამსახურებრივი მაისურის დაზიანება.
ბრალდებულის სახით, იმ დღესვე დააკავეს მერაბ ხიდაშელი და გურამ ცხადაძე. ისინი ამჟამად, სასამართლო პროცესების დასრულებამდე საპატიმრო დაწესებულებიდან 5000-ლარიაანი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები. საქმის განხილვა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მე-7 თვეა მიმდინარეობს.
ჩვენებებს, რომელიც „გურია ნიუსმა“ ექსკლუზიურად სასამართლო სხდომაზე მოიპოვა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გთავაზობთ.
ავთანდილ ვეფხვაძის დაკითხვა
რაც შეეხება საქმეში დაზარალებულად ცნობილ მეორე პირს, დავით ნაკაშიძეს, მან ჩვენების მიცემისას, დეტალურად გაიხსენა, რამ გამოიწვია სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის, რასაც მოგვიანებით ორი პირის დაკავება მოჰყვა.
დავით ნაკაშიძის დაკითხვა
რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვთ თავად ბრალდებულებს. დაცვის მხარის მტკიცებით, პოლიციელებმა მერაბ ხიდაშელსა და გურამ ცხადაძეს შეურაცხყოფა თავად მიაყენეს.
გურამ ცხადაძის და მერაბ ხიდაშელის დაკავების რა ინტერესი ჰქონდა პოლიციას, რატომ არ არის შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოკამერების ჩანაწერები საქმეში, რას ჰყვებიან თვითმხილველი მოწმეები და როგორ აპირებს დაცვის მხარე საკუთარი პოზიციის გამყარებას, _ ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“ სტატიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.