1915 წლის 5 ივლისს ჟურნალი “თეატრი და ცხოვრება” იუწყებოდა, რომ იგეგმება ფილმ “ქრისტინეს” გადაღება და კინემატოგრაფიის ერთმა ცნობილმა ფირმამ მიმართა ალექსანდრე წუწუნავას და სანდრო ახმეტელს, რათა ამ საქმეს სათავეში ჩადგომოდნენ. უცნობია, მიიღო თუ არა სინამდვილეში ახმეტელმა მსგავსი შეთავაზება. რაც შეეხება ,,ცნობილ ფირმას”, ის თურმე საერთოდ არ არსებობდა, ეს ალბათ სარეკლამო ტრიუკი იყო, რათა ამ წამოწყებას უფრო უფრო მეტი წონა მისცემოდა.
კინოსურათის იდეა დაებადა გერმანე გოგიტიძეს. სცენაზე უზომოდ შეყვარებულმა, მან, 1914 წელს ოზურგეთში გახსნა თეატრი (მისთვის ელექტროსადგურიც კი ააგო, ამ სიკეთით ოზურგეთლებიც კი სარგებლობდნენ), რომელიც ცოტა ხანში კინოთეატრად (რომელსაც ,,ილუზიონი” დაარქვა) გადააკეთა. ჯერ იყო და გურულები წიგნის კითხვამ გადარიაო, ამბობდნენ მთავრობაში, ახლა კი ყველა ოზურგეთს მიაწყდა კინოს სანახავად. თურმე საქმე კარგად წავიდა და გოგიტიძის ნათესავები იხსენებდნენ, რომ ბილეთების გაყიდვით შემოსული ფულით გერმანემ კამოდის უჯრები აავსოო.
სწორედ ამ კინოთეატრში, ერთი იტალიური ფილმის ნახვის შემდეგ, გერმანე გოგიტიძეს გაუჩნდა აზრი, რომ თავად გაეკეთებინა კინოსურათი, ,,…სადაც ნაჩვენები იქნება სილამაზე ჩვენი ქვეყნისა, რომელიც თავისი მშვენიერებით არაფრით ჩამოუვარდება იტალიას”. ამ მიზნით შეარჩია მან ცნობილი ბელეტრისტის ეგნატე ნინოშვილის პოპულარული მოთხრობა “ქრისტინე”. მოთხრობის მოკლე შინაარსი ასეთია (ვინც არ იცის): ღარიბი გლეხის ქალიშვილი ქრისტინე აზნაურ უქმაძის მსხვერპლი ხდება. მოტყუებული და დამცირებული ის ახლადგაჩენილ ბავშვს მიატოვებს და ოჯახიდან თბილისში გარბის, მაგრამ ბედნიერების ნაცვლად მოტყუებული რჩება: ქრისტინე იძულებულია სხეულის ვაჭრობით ირჩინოს თავი. ბოლოს დასნეულებული და დასახიჩრებული ქრისტინე გალოთდება, ის თბილისის ქუჩებში დაეხეტება, მათხოვრობით ირჩენს თავს და ბოლოს სრულიად უპატრონოდ საავადმყოფოში გარდაიცვლება, ისე რომ ვეღარ ეღირსება საკუთარი ოჯახის ნახვას.
გოგიტიძეს ეს არჩევანი გასაკვირი არ არის, რადგან როგორც გურულისთვის ეგნატე ნინოშვილის შემოქმედება, მისი გმირების ცხოვრება, სოციალური გარემო და ხასიათები განსკუთრებით ახლობელი იყო (დავამატებდი რომ ნინოშვილი, ალექსანდრე ყაზბეგთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე კინემატოგრაფიული მწერალია ჩვენს ლიტერატურაში და მომავალმა კინოპროდიუსერმა გოგიტიძემ, ეს გუმანით იგრძნო). დიდი ჩალიჩისა და ძალისხმევის შედეგად გერმანე გოგიტიძემ მოიპოვა ფილმისათვის საჭირო თანხები, საქმე იმაშია რომ ,,იმ დროს კინო ჯერ კიდევ ახალი საქმე იყო და ბევრი არც თვლიდა მას ხელოვნებად”, ამასთან ბიზნესმენებს არ სჯეროდათ რომ კინო რაიმე მოგების მომტანი იყო. ზოგადად ფულის შოვნა სახელოვნებო საქმისთვის ყოველთვის ჭირდა, ახლაც არაფერი გამოცვლილა. ერთი ამბავი მახსენდება, თუმცა ის კინოს არ ეხება, მაგრამ არც შორს წასულა მისგან. თურმე 1882 წელს ,,სამშობლოს” დადგმა გადაწყვიტეს. შეკერეს კოსტუმები, დაიწყეს რეპეტიციები, მაგრამ დასასრულებლად ბლომად ფული იყო კიდევ საჭირო. ვასო აბაშიძემ და კოტე მესხმა ფულის სათხოვნელად ბანკირ ივანე მუხრან-ბატონს მიმართეს. ისინი სთხოვდნენ ექვსი თვის ვადით 500 მანეთს და დიდხანს უმტკიცებდნენ ამ სპექტაკლის და ქართული თეატრის აღორძინების ეროვნული საქმის მნიშვნელობას, მაგრამ მუხრანსკიმ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. სწორედ ამაზე უთქვამს ფიროსმანს, დიდი ფულის პატრონი დიდი ჭკუის პატრონს არ ნიშნავსო. ჰოდა, ცოტაოდენი დუმილის შემდეგ მოხუცს ,,სახე სიცილისაგან დაეღმიჭა” და ვასოს ჰკითხა: შენ არ იყავი გუშინწინ წარმოდგენის დროს რომ შეხტი, შემობზრიალდი და ყველანი გააცინეო? აბაშიძემ დაუდასტურა. –აბა ეხლაც შეხტი, შემობზრიალდი და ფულს მოგცემთ. ვასო აბაშიძე სიბრაზისაგან აცახცახდა, არ მოელოდა ასე მასხრად აგდებას, წამოსვლაც კი დააპირა, მაგრამ კოტე მესხმა შეაგულიანა: რა გენაღვლება, ეგებ ფული დავაძროთო… ვასომაც არ დააყოვნა, შეხტა, ცალ ფეხზე შემოტრიალდა და თან დააყოლა: -იფ კნიაზჯან! ,,ხეპრე” მოხუცი ნასიამოვნები დარჩა და მათ სპექტაკლისთვის ფული გადმოულაგა. საბედნიეროდ, იყვნენ ადამიანები ,,რომლებსაც ესმოდათ სარგებლობა ჩემს მიერ წამოწყებული საქმისა, როგორც… ბათლომე კილაძე, ნოე სიხარულიძე (ის სასტუმრო ,,ვეტცელის” მეპატრონე იყო – ი. მ.), რომლებსაც ბანკში ჰქონდათ კრედიტი გახსნილი”. მათ გოგიტიძეს მისცეს ვექსილები, სადაც მითითებული იყო რომ თითქოს ამ პირებს გოგიტიძის საკმაოდ დიდი თანხა მართებდათ. ,,ამ თამასუქებს მე ვანაღდებდი ბანკში და შემდეგ თან და თან ვიხდიდი ვალს”, – იხსენებდა გოგიტიძე. ფილმის რეჟისორად გოგიტიძემ თავისი მეგობარი, ქართული საოპერო რეჟისურის ფუძემდებელი, ,,მშვენიერი თეატრალური რეჟისორი” წუწუნავა აიყვანა (ის ფილმის სცენარის ავტორიც გახდა), ალბათ იმ იმედითაც რომ ის მასალას კარგად იცნობდა: 1909 წელს პოლიო ირეთელმა ამ ნაწარმოების შესახებ პიესა დაწერა, რომელიც წუწუნავამ წარმატებით დადგა თბილისში, ჭიათურასა და ბაქოში.
თეატრალური რეჟისორის პროფესიას ალექსანდრე წუწუნავა მოსკოვის სამხატვრო თეატრში კონსტანტინე სტანისლავსკისა და ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოს ხელმძღვანელობით დაეუფლა. მისი სწავლის პერიოდი დაემთხვა რუსეთის პირველი რევოლუციის წლებს, ახალგაზრდა წუწუნავა აქტიურ მონაწილეობას იღებდა რევოლუციურ გამოსვლებში და ,,გვერდიდან იარაღს არ იშორებდა”. ჯერ კიდევ საქართველოში, ის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და რამდენიმე თვე ციხეშიც კი გაატარა. მოსკოვში ის სხვა ქართველებთან ერთად (მათ შორის იყო მსახიობი ვასილ არაბიძე) ბოლშევიკ კრასინის მიერ ორგანიზებულ საბრძოლო რაზმთან ერთად იცავდა მწერალ მაქსიმ გორკის, რომელსაც შავრაზმელები მოსაკლავად დასდევდნენ. სხვათაშორის, გორკის ბინა ბოლშევიკებს იარაღის საწყობად გადაექციათ. იქვე მიერ მზადდებოდა ბომბები, დინამიტები და სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობები. სახელოსნოს დაცვა განთქმულ ტერორისტს კამო ტერ-პეტროსიანს ევალებოდა. იქ არის დამზადებული ე. წ. `სტოლიპინის სისტემის~ დინამიტები, რომელიც პირველად ესერებმა 1906 წლის 12 აგვისტოს რუსეთის პრემიერ-მინისტრზე პეტრე სტოლიპინზე თავდასხმისას გამოიყენეს. მაშინ 100-ზე მეტი კაცი დაზარალდა: 27 ადგილზე დაიღუპა, 33 მძიმედ დაიჭრა, რომელთაგან ზოგიერთი მოგვიანებით გარდაიცვალა.
საქართველოში წუწუნავა, როგორც პროფესიონალი დრამატული თეატრის რეჟისორი დაბრუნდა, მაგრამ კინო მისთვის ახალი ხილი იყო. თუმცა ,,მეოცე საუკუნის ამ საოცრებასთან” მას ,,ქრისტინემდე” ჰქონდა შეხება. შალვა დადიანმა 1909 წელს დაწერა სცენარი ფილმისათვის “ბერიკაობა-ყეენობა”. გადაღებისათვის მოსკოვიდან მოიწვია გამოცდილი კინოოპერატორი, მას კონსულტაციას უწევდა ალექსანდრე წუწუნავა. გადმოცემით, ამ ერთნაწილიანი ფილმის დამდგმელი წუწუნავა იყო, სხვა მონაცემებით კი რეჟისორი მიტროფანე კვალიაშვილი იყო. ფილმი გადაიღეს 1909 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, სურამთან ახლოს, სოფელ იტრიაში. მასში მონაწილეობა მიიღეს მსახიობებმაც (ფილმში მონაწილე ვლადიმერ გვიშიანის მოგონებით განთქმული მსახიობი, რეჟისორი და ლიტერატორი ვალერიან გუნია ვაჭრის როლს ასრულებდა), ადგილობრივმა და ახლო-მახლო სოფლებიდან მოსულმა მოსახლეობამაც. ,,ბერიკაობა-ყეენობა” იყო სოციალური კომედია, რომელშიც ჩართული ყოფილა სახალხო დღესასწაულის სცენები, პანტომიმის ელემენტები, საცირკო რეპრიზები, ფოლკლორული ტექსტები. ეს ფილმი, რომელიც სამწუხაროდ არ შემონახულა, არის პირველი ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის დადგმის მცდელობა.
,,ქრისტინეს” გადაღებებთან დაკავშირებით წუწუნავა იხსენებდა: ,,მე, რასაკვირველია ბუნებას მივაშურე, რადგან არ ვიცოდი მონტაჟის ოსტატობა”. მონტაჟის ოსტატობაში, არა მარტო ეს ყველაზე, (სთენლი კუბრიკს რომ დავესეხოთ) ,,კინემატოგრაფიული ოპერაცია” იგულისხმება არამედ საკუთრივ კინემატოგრაფიული ხელობა-ოსტატობა. ამის გამო კინოში გამოუცდელმა თეატრისა და ოპერის დიდმა რეჟისორმა 1923 წელს მოსკოვს მიაშურა კინორეჟისურისა და კინოტექნიკის ხელოვნების სრულყოფილად დაუფლების მიზნით. თუ რა სიმაღლეებს მიაღწია მან ამ დარგში, ნათლად მეტყველებს წუწუნავას შემდგომი ფილმები ,,ვინა არის დამნაშავე?” და ,,ჯანყი გურიაში”.
ფილმის მხატვრად მიიწვიეს მიუნხენის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული, საზოგადო მოღვაწე და პატრიოტი დიმიტრი შევარდნაძე. ის გააგრძელებს წუწუნავასთან მუშაობას სხვა ფილმებზეც ,,ვინ არის დამნაშავე?” და ,,ჯანყი გურიაში”. მისმა მხატვრულმა ხედვამ და ოსტატობამ, პერსონაჟთა სახეებისა და ხასიათების ღრმა ფსიქოლოგიური გახსნისაკენ სწრაფვამ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ ფილმების პლასტიკური სახის შექმნაში. არსებობს მოსაზრება, რომ პირველ ხანებში ფილმს იღებდა არაპროფესიონალი ოპერატორი, მისი წასვლის ან დათხოვნის შემდეგ ოპერატორად გოგიტიძემ შეარჩია სამხედრო ქრონიკების კინოოპერატორი ალექსანდრე შუგერმანი და დაუკავშირდა მის პირად უფროსს სიმონ ესაძეს. მაგრამ სამხედრო ოპერატორი სამოქალაქო პირის განკარგულებაში რომ გადასულიყო, ამისთვის ამიერკავკასიის უმაღლესი სარდლობის ნებართვა იყო საჭირო. გოგიტიძემ, როგორც ოზურგეთის საქალაქო სათათბიროს ხმოსანმა, წერილი მიწერა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის წევრს აკაკი ჩხენკელს და სთხოვა ეშუამდგომლა ოპერატორთან დაკავშირებით. შუამდგომლობამ გასჭრა. ამის გარდა სიმონ ესაძემ გოგიტიძეს ,,თავაზიანად “ დაუთმო გადამღები აპარატი, რომელსაც ის სხვა ფილმებზეც იყენებდა.
მუშაობა დაიწყო. დიმიტრი შევარდნაძის დის, ნინოს დედისადმი მიწერილ წერილში (1916 წლის 16 აპრილი) ვკითხულობთ: ,,დიტოს არ სცალია ჩვენთვის დაკავებულია. ხვალ თუ დარი დარჩა, 12 საათისათვის სინემას გადაღებას დაიწყებენ, დიდი სამზადისი აქვთ”. გერმანე გოგიტიძემ ვიღაც ლიხაურელი გლეხისგან დიდი სამზადი სახლი იყიდა. სახლს ისლის სახურავი გადახადეს დ ერთი კედელი მოაცილეს, რათა მზის სინათლეს ადვილად გაენათებია ,,დათას ღარიბი ოჯახი”, იხსენებდა გადაღების თვითმხილველი სიკო დოლიძე. გერმანე გოგიტიძე გახდა რეჟისორის თანაშემწე და ფინანსური განმკარგულებელი.
ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა თბილისსა და გურიაში, თუმცა პატარა გადამღებ ჯგუფს თავიდანვე პრობლემები გაუჩნდა: ჯერ წუწუნავასა და გოგიტიძეს უთანხმოება მოუვიდათ ქრისტინეს როლის შერჩევის საკითხში. გოგიტიძეს კანდიდატურა ანეტა ქიქოძე გახლდათ – ,,ქრისტინეს უბადლო შემსრულებელი ქართულ სცენაზე”, წუწუნავამ კი არჩევანი შეაჩერა ლამის 40 წლის ანეტა (ანტონინა) აბელაშვილზე, მაშინ როცა ქრისტინე 15-16 წლის უნდა ყოფილიყო, და თავისი გაიტანა. ,,ვერ დავძლიე მისი სიჯიუტე, – დანანებით იძახდა გოგიტიძე, – და ამის გამო აკი წააგო კიდეც ფილმმა”. მართლაც, ქრისტინე ნინოშვილის მიხედვით ,,საშუალოზე ცოტა მომაღლო, ნაკვთად მოყვანილი ტანის ქალი, სწორი, ცოტათი მოგრძო, ლამაზი, ქერა პირისახით, დიდრონი, ცისფერი თვალებით, მათ ზემოთ თეთრ შუბლზე მშვენივრად გადატკეცოდა ისრის მსგავსი წაბლისფერი წარბები; ხშირი თმა წელზე ეყარა”. მოკლედ, არც ერთი პარამეტრით ,,აბელოვას ქალი”, როგორც მას გოგიტიძე მოიხსენიებს, არ ესადაგებოდა მთავარ როლს. წუწუნავამ ანეტა ქიქოძე თითქოსდა იმიტომ დაიწუნა, რომ ის თეატრის სცენაზე წლების მანძილზე თამაშობდა ამ როლს და რეჟისორი შიშობდა, რომ მსახიობს ფილმში თეატრალური შტამპები არ შემოეტანაო. მაგრამ არსებობს სხვა მიზეზიც. ამბობენ, წუწუნავას აბელაშვილთან რომანი ჰქონდა გაბმული და საყვარელს უარი ვერ უთხრაო. ფილმში ასევე თამაშობდნენ გრიგოლ ფრონისპირელი, ვასო არაბიძე, სოფიო ყიფშიძე, ბაბო როსტომაშვილი, მარგარიტა გოგოლიშვილი და რეჟისორის და ცეცილია წუწუნავა. “ქრისტინეს” მასობრივ სცენებში მონაწილეობდა ბევრი ცნობილი თეატრალური მსახიობი: ვასო აბაშიძე, ნიკო გვარაძე, სოსო ჟივიძე, თანდილა გაჩეჩილაძე, სოსო თარალაშვილი, პავლე ფრანგიშვილი, ვიქტორ მატარაძე, ილია ზურაბიშვილი და გიორგი იორდანიშვილი.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, გადაღებები პრობლემებით დაიწყო: გურიაში გადაუღებელი წვიმები არ იძლეოდა გადაღების საშუალებას (იმ დროს პავილიონზე საუბარიც ხომ არ იყო), ეს კი ზედმეტ ხარჯებს მოითხოვდა, რადგან გოგიტიძეს მსახიობებისათვის ფული უნდა ეხადა, და არავინ უჯერებდა, რომ მას ფული არ ჰქონდა, მეწარმე ხარ და უფულოდ აბა ფილმს რანაირად იღებო. შემდეგ გოგიტიძე გააწვალეს თბილისელმა მეეტლეებმა _ მსახიობების გადაყვანა-გადმოყვანაში მათ დიდძალი თანხა დასცინცლეს პროდიუსერს; ამას დაემატა მოწვეული ოპერატორი შუგერმანი, ,,გაქნილი არამზადა”, რომელიც სულ იმის ცდაში იყო, როგორმე მეტი ფული აეფცქვნა ფინანსური განმკარგულებლისათვის. შუგერმანი წამდაუწუმ იტყუებოდა, ამდენი და ამდენი ფირი დავხარჯეო და გერმანე გოგიტიძეც, პირველ ხანებში, იძულებული იყო, უსიტყვოდ დამორჩილებოდა მის მოთხოვნებს.
ოპერატორი ნერვებს უშლიდა რეჟისორსაც _ ის უყურადღებოდ ტოვებდა წუწუნავას მითითებებს, არ იღებდა ეპიზოდებს ისე, როგორც ეს უნდოდა რეჟისორს, ამიტომაც მათ შორის გაუთავებელი ჩხუბი და კამათი იმართებოდა. ,,ჩემი ოპერატორი სრულიად უვიცი გამოდგა და ჩემი თხოვნა, რომ ზოგიერთი რამ უფრო მსხვილად გადაეღო, უყურადღებოდ დატოვა…არ გამოვიდაო, – ასე მატყუებდა ოპერატორი, ალბათ აპარატს ხანდახან ცარიელს აჩხაკუნებდა, რომ აფსკი (ფირი) შეენარჩუნებინა”. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გურიის სოფელ აჭში, გადაღებების დროს, მოთმინებიდან გამოსულმა წუწუნავამ, როდესაც მორიგ ტყუილში გამოიჭირა შუგერმანი, თავისი აპარატიანად გორაკიდან დააგორა. მართალია, ისინი იქვე შეარიგა ,,ხაზეინმა” გოგიტიძემ, მაგრამ მალე ოპერატორი მაინც გააძევა ჯგუფიდან და მის ნაცვლად მიიწვია ალექსანდრე დიღმელოვი, რომელსაც დიდ პატივს სცემდა, როგორც კეთილსინდისიერ, ნიჭიერსა და შრომისმოყვარე პროფესიონალს.
1916 წელს წუწუნავამ ფილმის სამი ნაწილი გადაიღო, პარალელურად ბაქოს დრამატულ თეატრში დგამდა სპექტაკლებს, ეს კი აჭიანურებდა ისედაც რთულ გადაღების პროცესს. მომდევნო წელს კი ალექსანდრე წუწუნავამ ფილმზე მუშაობა საერთოდ შეწყვიტა და როსტოვში გაემგზავრა, სადაც მას დრამატულ თეატრთან კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული. როსტოვსა და ბაქოში მისი მოღვაწეობა 1918 წლის ბოლომდე გაგრძელდა. არსებობს მოსაზრება, რომ წუწუნავას ვარიანტი მთავრდებოდა ქრისტინეს თბილისში ჩამოსვლით, ხოლო გოგიტიძემ სურდა უფრო მეტად გაემძაფრებინა სურათი და ამიტომაც იკისრა რეჟისორის ფუნქციები და ბოლო ორი ნაწილი გადაიღო. ,,რაღას ვიზამდი, _ იხსენებდა გოგიტიძე, _ შევურიგდი ბედს და რადგან სხვა გამოსავალი აღარ იყო, გადავწყვიტე მე თვითონ დამემთავრებინა ფილმის გადაღება… რეჟისორიც მე ვიყავი, ადმინისტრატორიც და შავი მუშაც. მახსოვს, რამდენ ოფლს ვღვრიდი, როცა დეკორაციები ამქონდა სახალხო სახლის (ამჟამად მარჯანიშვილის სახელობის თეატრი) სახურავზე, სადაც რამდენიმე ეპიზოდი უნდა გადაგვეღო”. შეიძლება ითქვას, რომ პირველ ქართულ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს ორი რეჟისორი – წუწუნავა და გოგიტიძე ჰყავდა.
ფილმის გადაღებები 1917 წლის ოქტომბერში დასრულდა, რაც აუწყა კიდევაც საზოგადოებას ჟურნალმა ,,თეატრი და ცხოვრება” (#39, 8 ოქტომბერი, 1917, გვ. 16). “ქრისტინე” ეკრანებზე გამოსასვლელად უკვე მზად იყო, როცა 1918 წლის აპრილში ოზურგეთში ოსმალები შევიდნენ. მათ ოზურგეთი და გურიის ნაწილი დაიკავეს, ჯარი ძარცვავდა, აწიოკებდა მოსახლეობას და ვინც წინააღმდეგობას უწევდა ადგილზე ხვრეტდა. მათ წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლა გაჩაღდა, ამ რაზმებში ცნობილი ფირალებიც გაწევრიანდნენ, მაგალითად მელქისედეკ გუნთაიშვილი და როგორც ამბობენ, დიდი ზარალი მიაყენა მომხდურებს. მელქისდეკის ძმა აპოლონი დღიურში ასეთი ჩანაწერი დატოვა: “…თურქეთის მთავარსარდალმა იკითხა… ყოველ ფრონტზედ სიმწყნარე მაქვს და აქანა ვინ არის ასეთი… სულ სროლა არის ყოველდღე და ღამე, რაში არის საქმე აღარ ვიცი. ამდენი ხალხი, ფრონტიდან მოვდივარ და არ დამკარგვია. მაშინ უთხრენ თურქეთის მთავარსარდალს, რომე ამ ადგილას ცხოვრობს მელქისი გუნთაიშვილი, 40 წლის ძველი ნიკოლოზის მთავრობას ებრძოდა და რამოდენი ხალხი დაუწყვიტა… ვინ იცის, ძალოვანი ძალას ხმარობდნენ, მაგრამ ვერაფერი დააკლენო…” საბოლოოდ გენერალ მაზნიაშვილის მეთაურობით ოზურგეთი გაწმენდილ იქნა მტრისაგან. ოსმალების თარეშმა გოგიტიძის მთელი ქონება და მასთან ერთად ფილმის ფირიც შეიწირა. საბედნიეროდ, თბილისში შენახული ნეგატივების წყალობით მოხერხდა მისი აღდგენა და ახალი ასლის დამზადება. ქრისტინეს გადაღების პარალელურად გერმანე გოგიტიძემ დოკუმენტალურ კინოშიც სცადა ბედი და მისი წყალობით იქნა გადაღებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მოღვაწეობის ამსახველი კინოკადრები.
,,ქრისტინესა” და დოკუმენტური ფილმების (,,სახალხო გვარდიის დღე საქართველოს დედაქალაქში, 12 დეკემბერი 1918 წლისა”, ,,დღესასწაული დამფუძნებელი კრების გახსნის დღეს”) პრემიერა 1919 წლის მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წლისთავზე გაიმართა კინოთეატრ ,,აპოლოში”. ფილმს ,,გულთბილად შეხვდა მაყურებელი და თუმც ენით უთქმელ ტანჯვის საფასურად შეიქმნა იგი, მაინც დამდგმელებს უდიდესი მორალური კმაყოფილება მოგვანიჭა”. მაშინ ქართულ საზოგადოებაში არსებობდა ეკრანზე საკუთარი ქვეყნის ცხოვრების ნახვის უდიდესი სურვილი, რისი დაკმაყოფილებაც “ქრისტინემ” ასე თუ ისე შეძლო. ალექსანდრე წუწუნავა იყო პირველი, ვინც ცდილობდა გაეხსნა ნაციონალური ხასიათი და ხალხის ცხოვრებას დაახლოებოდა, ფილმში მშვენივრადაა გადმოცემული ქართული სოფლისა და ქალაქის კოლორიტი, უბრალო ხალხის ცხოვრება, ზნე-ჩვეულებები და ტრადიციები, გლეხობის საყოფაცხოვრებო პირობების ჭეშმარიტი, შეულამაზებელი სურათები. როგორც სპეციალიტები, ამბობენ ,,ქრისტინე” აგრძელებდა წინა ფილმების – ,,ბერიკაობა-ყეენობის” (თუმცა ის არ შემორჩენილა) და ,,აკაკის მოგზაურობის” იდეურ ხაზს –ანუ კლასობრივი შერიგების, ურთიერთმიტევებისა და ეროვნული გაერთიანების კონცეფციას, რომელიც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შედეგად კიდევ უფრო განმტკიცდა.
გერმანე გოგიტიძემ ამ ფილმით მთელი საქართველო შემოიარა. იმ ადგილებში, სადაც ელექტროენერგია არ იყო, იგი საბარგო ავტომობილზე დამონტაჟებული სპეციალური დანადგარით აჩვენებდა მას მაყურებელს. თუმცა ფინანსურად ფილმი მაინც წამგებიანი აღმოჩნდა.
მაგრამ “ქრისტინეს” შემქნელები მაინც პირველები იყვნენ, მათ გაკაფეს ქართული კინოსკენ მომავლისკენ მიმავალი გზა და ფილმმა გამორჩეული ადგილი დაიკავა მაშინდელი საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში და ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა ქართული მხატვრული კინოს შემდგომ განვითარებას.