ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მმართველ გუნდთან კონსულტაციებზე განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით კონსენსუსის მისაღწევად მზად არიან ხელისუფლებასთან დიალოგისთვის.
„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ქვეყანაში სრულფასოვანი საპარლამენტო მმართველობის შემოღებასთან ერთად, იყო ის პოლიტიკური მოცემულობა, რომლის პირობებშიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გამოაცხადა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის დაწყება საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში. სწორედ ამ მოცემულობის შესაბამისად შეიმუშავა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებათა პაკეტი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ერთპიროვნულად და თვითნებურად შეცვალა კონსტიტუციური კანონპროექტის საპარლამენტო განხილვების დაწყებამდე ორიოდე დღით ადრე და პარლამენტში წარმოდგენილ დეპუტატთა მხოლოდ საკუთარი კონსტიტუციური უმრავლესობის ხმებით, ორი მოსმენით უკვე მიიღო კანონპროექტი იმ ახალი პოლიტიკური მოცემულობით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება არსებული, შერეული (მაჟორიტარულ – პროპორციული) სისტემით, ხოლო მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მოხდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის.
თუ “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მართლაც სურს საკონსტიტუციო ცვლილებების მაღალი ხარისხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის პირობებში განხორციელება და შესაბამისად, მის მიერ ჩიხში შეყვანილი კონსტიტუციური რეფორმის გადარჩენა, ის უპირობოდ უნდა დაუბრუნდეს მის მიერვე შემოთავაზებულ თავდაპირველ პოლიტიკურ მოცემულობას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით.”- ნათქვამია განცხადებაში.
ოპოზიციის განცხადებით, საარჩევნო სისტემის ყველა სხვა კომპონენტთან დაკავშირებით (როგორებიცაა: საარჩევნო ბარიერი,საარჩევნო ბლოკები და სხვა),საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური ძალები მზად ვართ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ვაწარმოოთ სუფთა ფურცლიდან.
განცხადებას ხელს აწერენ: „ახალი საქართველო“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ და „საქართველოს დემოკრატიული პარტია“.
გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას მიმდინარე კვირაში შეკრებას და საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო მსჯელობის განახლებას სთავაზობს.