საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ატენის ხეობაში მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა გაიგზავნა _ ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო შტაბი ავრცელებს.
საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის, შტაბის წევრები მუდმივ რეჟიმში იღებენ ინფორმაციას ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შესახებ.
ატენის ხეობაში, ზემო ბოშურში, ხანძარი 2 ჰექტარ ტერიტორიაზე გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაციას „პირველ არხს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უდასტურებენ.
ბოშურში გორის გამგებლის წარმომადგენლის კახა თინიკაშვილის ინფორმაციით, ადგილზე მაშველები უკვე მუშაობენ. მისივე თქმით, საცხოვრებელი ტერიტორიებიდან ხალხი უკვე გაყვანილია:
“ხანძრიდან საცხოვრებელი ტერიტორია 1 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, თუმცა ხალხის ნაწილი, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მაინც გავიყვანეთ”, _ აცხადებს პირველ არხთან კახა თინიკაშვილი.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამოწვევის მიზეზი.