,,ინგლისელებმა ბურთი და შავი ქვაი ერთად წეიღეს იქინე და დაარქვეს რეგბი”, – ამბობს შუხუთელი შაკო ორაგველიძე, დოკუმენტური ფილმის ,,ლელოს შემობრუნება” (1984) წამყვანი და მთავარი გმირი. ბურთში ის ლელოს გულისხმობს, ხოლო სინამდვილეში ,,მოგვპარეს” თუ არა ინგლისელებმა ლელობურთი, ეს კიდევ დასადგენია…
,,ლელოს შემობრუნება” ჩემი და პაატა ტაბაღუას სადიპლომო ნამუშევარია. ფილმის სცენარისტი და სამხატვრო ხელმძღვანელი ცნობილი რეჟისორი ლერი სიხარულიძე გახლდათ, რომელმაც ახლადგამოჩეკილ რეჟისორებს ასეთ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობის შანსი მოგვცა. ფილმზე მუშაობისას ლანჩხუთის რაიონი და მისი გამორჩეული მცხოვრებლები გავიცანი (რა ჯობდა იმნაძნებში, ორაგველიძნებში, ფირცხალაიშვილებსა და სხვა ოჯახებში ქეიფს) და რაც მთავარია – ის, რაც ხუთი წლის განმავლობაში თეატრალურ ინსტიტუტში სწავლისას ჩემი პროფესიით ვერ ან არ შევისწავლე, ფილმის გადაღებისას, პრაქტიკული მეცადინეობისას ავინაზღაურე და ახლა თუ რეჟისურაში რაიმე გამეგება, ეს ყველაფერი ლერის დამსახურებაა.
,,ლელო” უძველესი ქართული სიტყვაა და ძალით გატანას ნიშნავს, ძველად კი თურმე ლელობურთის მაგვარ თამაშს კილაშურს ეძახდნენ. ნ. ღოღობერიძის ცნობით, ბახვში ზოგიერთი ლელობურთს ,,ზედაურ-ქვედაურობას” ეძახდა. სერგი ჟღენტის ,,გურულ კილოში” ვკითხულობთ: ,,…გაჩთა მიორეხელ კიდომ თამაშობა. ქვედაბახველები ცოტა იყვენ: საცხა წასული იყვენ დღეობაზე. ზედაბახველები ბეური იყვენ. იშონეს დროი და წაგუართუენ ბულთი. გეიქცენ და მივსდევთ. რომ დევედევნეთ, დაგვიჭრენ აი თუთხმეტი კაცი და ზრუგზე შესმული წაგვიყვანენ კარქა მანძილზე. ზედაბახველებმა ჩვენზე თქუენ: ევიყვანოთ და კანცელარიაში დავანწყვტიოთო. ამ დროს ანტონა ნაკაიძემ მეიგდო ბულთ ხელში და გუუწვა ბაღდადისკენ, მარა მისი დაწევა აღარ იქნა. ბახვში ატანილი ბულთი ქე დააბრუნა ანტონამ”.
აპოლონ წულაძის მიხედვით ლელოს, იგივე გატანიე ბურთს თამაშობდნენ ორგვარს: ,,ღლეტით” და ,,არა ღლეტით” ან ,,უღლეტია”… ბურთის ტყავი სპეციალურად იკერებოდა (და დღესაც ისევე იკერება) და შემდეგ ივსება რიონის სილით და ნახერხით, ამიტომაც ბურთი იწონიდა დაახლოებით ერთ ფუთს (16 კილოგრამს). სავარაუდოდ, ბურთი ყოველთვის ასეთი მძიმე არ ყოფილა, რადგან ხშირად, როცა ლელოს თამაში მდინარის პირას მიმდინარეობდა, მოთამაშეთა ის მხარე, რომლის ლელო მდინარის ქვემოთ იყო, სპეციალურად აგდებდა ბურთს წყალში, რათა დინებას ის რაღაც მანძილზე წაეღო. ბურთი მძიმე რომ ყოფილიყო, ის ხომ აუცილებლად ჩაიძირებოდა. აპოლონ წულაძის მონათხრობის მიხედვით ,,ხშირად, რომ ბურთი მდინარეში ჩავარდებოდა, ბურთის თამაშით დამთვრალი, გაბრუებული მოთამაშეებიც წყალში ჩაყვინთავდნენ, აბა, ღობეს ვინ ერიდებოდა – ,,პინტრიშით” გაჰქონდათ, ეზოს ზიანს აყენებდნენ, მაგრამ ზარალის ანაზღაურებას არავინ მოითხოვდა…”
გადმოცემის თანახმად, სანამ ბურთს ბოლომდე მოკერავდნენ, მანამდე შიგ აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა ალადასტურის, თაფლის, ბროწეულის წვენის და კიდევ სხვადასხვა ინგრედიენტების ნაზავია. ამ ნაზავს მოთამაშეებს თამაშის წინ ასმევენ, რადგან ის, როგორც ამბობენ, ადამიანს ძალას და გამბედაობას მატებს. ამ ტრადიციას არც დღევანდელი ლელობურთელები არღვევენ (უნდა გავამხილო, რომ ჩვენს ფილმში ნაჩვენები ზოგიერთი რიტუალი ბუნებაში არ არსებობდა, ის ლერის მოგონილია; რომელი, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ხალხმა ის სახალხო რიტუალად აქცია, ეს კი ბევრის მანიშნებელია).
ლელობურთის თამაში აღდგომის დღესასწაულზე იმართებოდა, მაგრამ კომუნისტების დროს თამაში პირველ მაისს დაამთხვიეს (ერთი ჯურუყვეთელი გლეხის გამოთქმა რომ ვიხმაროთ – ,,აღდგომის მოადგილეა პირველი მაისიო”). თუმცა, აღსანიშნავია, რომ თურმე გურულებსა და მეგრელებს შორის, ანუ კუთხეებს შორის შეჯიბრი–თამაში ყოველ წელს ფოთში იმართებოდა პირველ მაისს. ერთ ასეთ თამაშს აღწერს ,,კვალი” (#20, 1897): ,,მუდამ ხმა დადიოდა 1 მაისი ფოთელებისათვის მეტად შესამჩნევი დღე არისო… აქ ჯიბრობით ბურთაობა სცოდნიათ მეგრელებსა და გურულებს… ნაშუადღევს 4 საათზე ბურთი გაგორდა და ზედ მეგრელების შტვენა-კიჟინას საზღვარი არ ჰქონია. კაციან-ბურთიანად უეცრად უნდა მიეტანათ ლელოზე, მაგრამ შევარდენივით გამოუქროლეს ორმოციოდე გურულებმა… და ნახევარი საათის განმავლობაში ბურთი ლელოზე მიარბენინეს. გულდაწყვეტილი მეგრელები ერთმანეთს ებაასებოდნენ: ,,დევიღუპეთ კოჩი, გურულებმა მორჯგინესო”.
ლანჩხუთში, კერძოდ კი სოფელ შუხუთში, თამაში სოფლის შუაგულში, ზედ საავტომობილო ტრასასთან მდებარე ცაცხვის ქვეშ იწყება და როგორც ჩვენი ფილმის გმირი იძახის – ტრასა, უკაცრავად ვარ, მარა იკეტება. მოწინააღმდგეთა მიზანია ლელო საკუთარ მხარეს გაიტანონ – ქვემოურებმა ჟორდანიას ღელეში, ზემოურებმა კი ე. წ. ,,უკან ღელეში” (ჩოხატაურლები ლელობურთის განკუთვნილ ადგილს ,,სათამაშო ეწერს” უწოდებდნენ).
ვლასა მგელაძე ასე აღწერს ლელობურთის თამაშს: ,,დაჩაქურებულ, დაკოტავებულ მობურთალების შუა გუგუნავების ეკლესიის კარის მიძღვარი იდგა, რომელმაც მთვარესავით დიდი, მრგვალი ბურთი აკურთხა. ბურთი მოხუცებულ მამა-შვილმა ზევით ააგდეს და წრიდან გავიდენ, მაყურებელთა შორის დადგენ (ჩვენ ფილმშიც ბურთი თამაშში არა საეკლესიო პირს, როგორც ახლა ხდება, არამედ ვეტერან ლელობურთელებს – კოსტა ორაგველიძეს და გირგოლ აფხაძეს შეაქვთ – ი.მ.). როგორც მწევრები ბუჩქიდან გამოვარდნილ კურდღელს, ისე მიესიენ გურულები ბურთს და შეიქნა ბდღვნა, ღლეტა, ყვირილი, ყიჟინა…”
ვლასა მგელაძის მიხედვით მობურთალები ლამის ყაბალახ-ჩაქურებში გამოწყობილნი თამაშობდნენ, შეიძლება ზოგჯერ ასეც იყო, მაგრამ როგორც წესი, მოთამაშეები ძველ ტანსაცმელს იცვამდნენ, ანდა წინასწარ ტილოსაგან იკერავდნენ, რათა ამ ორომტრიალში ტანზე არ შემოეგლიჯ-შემოეხიათ ყოველდღიური ტანსაცმელი.
ახლა აპოლონ წულაძეს მოვუსმინოთ: ,,…მოქიშპე მხარეები ცდილობენ ბურთი ხელთ ეგდოთ და გაქცეულიყვნენ ლელოსაკენ, მოწინააღმდეგე გამოუდგება…. ცხადია (ყოველი მხარე) ცდილობს თავისი ლელოსკენ წაიღოს ბურთი… მეტად კარგი საყურებელი და წარმტაცი თამაში ერთი სოფლის ცოლიანებისა და უცოლოების შეჯიბრება იყო… უცოლოები გაიხდიდნენ ჩოხას, შემოიხსნდნენ ქამარ-ხანჯალს, გადასცემდნენ გასათხოვარ ქალიშვილებს, ქალიშვილები ჩოხას კაბაზე გადაიცვამდნენ, ქამარ-ხანჯლით ვაჟურად მოირთვებოდნენ… ახალმოყვანილებიც ასევე მოირთვებოდნენ თავიანთი ქმრების ჩოხა-ქუდით, ქამარ-ხანჯლით. ქალებიც ბურთის მოთამაშეებს დასდევდნენ და თავისიანებს ამხნევედნენ, გასათხოვარი – უცოლოებს, გათხოვილები ქმრებს… შეუძახებდნენ: აბა, ბიჭებო, თქვენ იცით, მარჯვედ იყავით, თვარა თუ მაჭამეთ სირცხვილი და ,,ყაზილარებმა” გაჯობათ, ქალები გაგექცევათ, აბა, ბიჭებო! არ გაჯობოს ცოლიანებმა, თვარა, უცოლოდ დარჩებით და სხვა.”
ცნობილია, რომ ლელობურთში ხანდახან გურული ქალბატონებიც მონაწილეობდნენ. ისტორიამ შემოგვინახა მათი სახელები: ელპიტე გოგოლაშვილი, ათინო ბაჯელიძე, ელისაბედ ანდღულაძე, ლისა შავიშვილი…
თამაშის მსვლელობისას აკრძალული იყო წესების დარღვევა, როგორიცაა მოწინააღმდეგის ფიზიკური შეურაცხყოფა თუ გინება, მაგრამ აზარტში შესულ გურულებს ძალიან ხშირად წესების დაცვა ავიწყდებოდათ, იყო ერთი გაწევ-გამოწევა და ხელჩართული ჩხუბი… ლელოს თამაშის დროს თუ ვინმე წაიქცა, თამაში ჩერდება. ხშირად წაქცეული – ბურთის, ამ ,,განძის” ბედნიერი და ამავე დროს საცოდავი მფლობელია, რადგან მას ზემოდან მოთამაშეების რამდენიმე იარუსი აწვება. მოწინააღმდეგე მხარე ცდილობს ბურთის წართმევას, მომხრე კი მოთამაშის ბურთიანად ან მხოლოდ ბურთის გათავისუფლებას. თამაშის შეჩერებისას მოთამაშეები ხელების მაღლა აწევით აფრთხილებენ ყველას. ,,იყო ყვირილი: ,,გაშალეთ ბურთი! – ნუ იღლიტებით! არიქა დაიხჩვა კაცი, გეიშალეთ!” ფეხით გამოათრევდნენ თავპირ დასისხლიანებულ გულშეღონებულ მობურთალს, მარა მაგიორ ათი შედიოდა შეკრულ წრეში ბურთის გამოსატანად, გამოსაღლეტად.”
თურმე ხანდახან მოთამაშეები ეშმაკობასაც მიმართავდნენ –ორომტრიალში ჩუმად გააპარებდნენ ბურთიან კაცს, რომელიც, თუ გაუმართლებდა, საკუთარ ლელოში გაიტანდა ბურთს, მაგრამ ვაი მისი ბრალი თუ ,,შპიონს” შეამჩნევდნენ, მას გახურებული გურულების უზარმაზარი მასა ისე დაედევნებოდა, როგორც ფუტკრების გუნდი დედა ფუტკარს…
ყოფილა შემთხვევები რომ ბურთი შუაზე გაუჭრიათ: ,,შეიქნა ყვირილი: ბურთი გასჭრეს, ბურთიო! და, თავპირ დასისხლიანებული, ტანისამოს შემოხეულ-შემოწეკვილი ხალხი ზე წამოდგენ, წრე დაიშალა, ბურთაობა გათავდა.”
ზოგიერთ რაიონში ლელობურთში ცხენოსნებიც იყვნენ ჩართულნი. ისევ სერგი ჟღენტს მოვუსმინოთ: ,,აქანე ტევრში დიდი თამაშობა იცოდენ. ქვედაბახვს ორი საზოგადოება რომ მოსულიყო, ბულთს ვერ წაართუმდა. ერხელ ესოფ ქიქოძემ მეინდომა, ცხენით წიეღო ბულთი, მარა არ გაატანენ. ცხენზე რომ იჟდა და მიაჭენებდა, დიეწია აგია თენეიშვილმა, შამუახტა ცხენზე, გადმუაგდო ძირს. შეიქნა ნამეტარი ბდღვნაი, ნამეტარი წეკვა, მარა ქვედაბახვს მაინც ვერ წაართუეს ბულთი”.
თამაშის დამთავრების შემდეგ გამარჯვებული მხარის წარმომადგენლები, დამარცხებულებთან ერთად, მიდიან რომელიმე ახლადგარდაცვლილი ახალგაზრდას საფლავზე, ბურთს დებენ საფლავის ქვაზე, პატივს მიაგებენ და შესანდობარს შესვამენ (სავარაუდოდ, ეს უფრო გვიანდელი რიტუალია, რომელმაც ფეხი, ალბათ XX საუკუნის მეორე ნახევრიდან მოიკიდა). დღესაც რომ გახვიდეთ სასაფლაოზე, იქ ნახავთ საფლავებზე დადებულ ბურთებს, რომელთაგან ზოგიერთი ჟამთასვლამ ლამის მთლიანად გაანადგურა…
მახსოვს, როცა ფილმი მოსკოვში შაბოლოვკაზე ჩასაბარებლად და დასამტკიცებლად ჩავიტანეთ (კომუნისტების დროს კი, როგორც ,,ოქროს ურდოში” ისე ჩადიოდა ლამის ყველა პროფესიის ადამიანი, რადგან რუსებისაგან უნდა მიგეღო ,,დაბრო”, თორემ სხვა შემთხვევაში ფილმს თაროზე შემოდებდნენ), სეანსის დროს ჩემს უკან რამდენიმე რუსი იჯდა და ერთმანეთს ეჩურჩულებოდა. როცა ლელობურთის თამაშს ადევნებდნენ თვალყურს, ერთმა მეორეს გადაულაპარაკა: Если эти грузины так умеют играть, то как они смогут воевать – თუ ამ ქართველებმა ასე იციან თამაში, მაშინ როგორი ბრძოლა ეცოდინებათო… საბოლოოდ, ფილმი გარკვეული ხნით შემოდეს თაროზე, ამას ვერც კოტე მახარაძის უბადლო რუსულმა გახმოვანებამ უშველა და აკრაძალვის საბაბად ანტიალკოჰოლური კამპანია დაასახელეს – ფილმში კი ბლომად იყო ღვინოსთან დაკავშირებული, სარიტუალო თუ ყოფითი სცენები.
ასეა თუ ისე, ერთი რამ უდავოა – ლელობურთი არასოდეს ყოფილა ხალხისთვის მხოლოდ გართობის საშუალება. ისტორიულმა საჭიროებებმა და გარემოებებმა, აგრესიული მეზობლებით გარშემორტყმულმა სივრცემ გამოიწვია აუცილებლობა საქართველოში და კერძოდ, გურიაში საწვრთნელ ელემენტებზე აგებული აქტიური თამაშების დამკვიდრებისა, როგორიცაა ლელობურთი, ჭაკუნობა, ხელგაკვრიე, მაია, ფირალობიე, და მრავალი სხვა. ტ. მამალაძე საგანგებოდ აღნიშნავდა, რომ ,,თამაშთა გავლენა ჩანს ამ კუთხის მცხოვრებთა ხასიათზეც. გურულები მოქნილები, ცქვიტები, გამბედავები, საზრიანები, გონებამახვილები არიან. ამ თვისებათა ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო გურულებისათვის საყვარელმა თამაშებმაც…” ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ წინაპართა მიერ დანერგილი და შემონახული ეს თამაშობანი არ დავკარგოთ და მომავალ თაობებს გადავცეთ.
გამოყენებული ლიტერატურა:
სერგი ჟღენტი, ,,გურული კილო”, 1936.
აპოლონ წულაძე, ეთნგრაფიული გურია, თბილისი, 2009.
Мамаладзе Т., Народные обычаи и поверья гурийцев. Тифлис, 1893 г.
ვლასა მგელაძე, მოგონებები, წიგნი მეორე, პარიზი, 1972.
გურია მასალები გურიის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, თბილისი, 1980.