ჭადრაკის მსოფლიო თასის ჩემპიონატი წელს თბილისში ტარდება.
როგორც ცნობილია, ჩემპიონატში მონაწილეობას 48 ქვეყნის 128 მოჭადრაკე იღებს.
როგორც CHESS.COM იუწყება, მოჭადრაკეები ჰიკარუ ნაკარუმა და ანიშ გირი უკვე თბილისში იმყოფებიან.
მისივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ ანიშ გირს ქართველი მეუღლე ჰყავს.
მაუწყებლის ცნობით, მოჭადრაკეები სასტუმრო „ჰუალინგში“ იქნებიან დაბინავებულები, რომელიც თბილისის ცენტრის მოშორებით, მაგრამ წყალსაცავთან ახლოს მდებარეობს. თუმცა „ჰუალინგი“ ბევრი მონაწილის პირველი არჩევანი
არ შეიძლება იყოს.
როგორც CHESS.COM წერს, ძველი თბილისის ცენტრიდან 6 კილომეტრის მოშორებით მდებარე სასტუმრო, რომელიც ვებ-გვერდის მეშვეობით 1 ადგილიან ნომერს 187 აშშ დოლარად, ხოლო 2 ადგილიან ნომერს 247 დოლარად სთავაზობს, საკმაოდ ძვირია ქალაქისთვის, სადაც კეთილმოწყობილი ბინის პოვნა 1 ღამით 50 დოლარადაა შესაძლებელი, კვება კი 10-20 დოლარი ჯდება.
მისივე ინფორმაციით, არ არსებობს გზა, რომ მოჭადრაკეები „ჰუალინგის“ ფასებს გაექცნენ.
ოფიციალური წესების მიხედვით, ასევე უსაფრთხოების და ადმინისტრაციული მიზეზების გამო, ყველა მონაწილე რჩება ოფიციალურად დანიშნულ სასტუმროში და მოთამაშის ხარჯები მოგებული თანხიდან დაიფარება.
როგორც ცნობილია, მოთამაშე, რომელიც ჩემპიონატის პირველივე რაუნდიდან მოიხსნება დაახლოებით 6 000 დოლარს იღებს.
სასტუმროს ხარჯი კი 3 ღამის განმავლობაში 561 დოლარს შეადგენს.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოდან ჭადრაკის მსოფლიო თასის მოსაპოვებლად : ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია და ნანა ძაგნიძე იბრძოლებენ.
ჭადრაკის მსოფლიო თასის ჩემპიონატი 2 სექ ტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.