დღეს მორიგ სახალისო მოგონებებს შემოგთავაზებთ. ყოფილ სსრკ-ში კიდევ ერთხელ დაგაბრუნებთ და ახალ საინტერესო, კრიმინალურ ისტორიებს მოგაწვდით.
ჩვენი პირველი სტუმარი პოლკოვნიკი ფივი დოლიძე იქნება, რომელიც ერთ დაუჯერებელ ამბავს მოგვიყვება.
„გასული საუკუნის სამოციანი წლების თბილისს სულ სხვა კოლორიტი ჰქონდა და იმ პერიოდის გახსენებისას, თვალებზე ყოველთვის ცრემლი მადგება ხოლმე.
შინაგან საქმეთა მინისტრად ედუარდ შევარდნაძე რომ დანიშნეს, მაშინ ამ უწყებას სულ სხვა სახელი ჰქონდა – საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამინისტრო ერქვა. თბილისი კი წესრიგისა და სიფხიზლის ქალაქად „გამოაცხადა“, რაც იმას ნიშნავდა, რომ დებოშიორებსა და ისეთ ფეხარეულ მთვრალებს, რომლებსაც სიარული უჭირდათ, მილიციის მორიგე პატრული იჭერდა. თუმცა, უფროსობის წინაშე თავის გამოჩენის სურვილი ზოგჯერ რეალობას აჭარბებდა და რიგითი მილიციელები ხმამაღლა მოლაპარაკე და ოდნავ ნასვამებსაც აკავებდნენ. ხშირად ამ „ბადეში“ ძალიან ცნობილი ადამიანებიც ხვდებოდნენ და შემდეგ მათ უპრობლემოდ ვათავისუფლებდით ხოლმე, რაზეც მხოლოდ ეღიმებოდათ. ამ კუთხით რეკორდსმენი იყო უმცროსი სერჟანტი ვანუა ზანდუკელაშვილი. ის კახეთის რომელიღაც მიყრუებული სოფლიდან იყო, მილიციაში კი ჯარის შემდეგ, კომკავშირული საგზურით მოვიდა. ვანუა რომ მორიგე იყო, ყოველთვის რაღაც სიურპრიზს ველოდი, მაგრამ, არა ისეთს, რასაც ახლა მოგიყვებით.
ერთხელ, ჩვეულებრივად, სამსახურში მოვედი და, მორიგე რომ მოვიკითხე, ვანუა მეახლა.
– როგორაა საქმე, სერჟანტო ზანდუკელაშვილო? – ვკითხე ვანუას, წესრიგის დამრღვევი ბევრი გყავდა?
– აი, უფროსო, ყველანი აქ არიან, – მომიგო ვანუამ და თაბახის ფურცელზე დაწერილი „პროტოკოლები“ დამიდო.
ვანუა გავუშვი და კითხვას შევუდექი. ორი წავიკითხე, მესამეზე გადავედი და კინაღამ რქები ამომივიდა.
„პროტოკოლი“ დაკითხვის ფორმით დგებოდა და მასში კითხვა-პასუხი იწერებოდა. ეს „პროტოკოლი“ კი, რა თქმა უნდა, ვანუას შედგენილი იყო და ეწერა:
„სახელი და გვარი: ვახტანგ გორგასალი.
დაკავების ადგილი: ჭრელი აბანოს მიმდებარე ტერიტორია.
დაკავების მიზეზი: მთვრალ მდგომარეობაში მიდიოდა ხოხბებზე სანადიროდ…“
ხომ წარმოგიდგენიათ, ვანუამ ჭრელ აბანოებთან ხოხბებზე მონადირე ვახტანგ გორგასალი დააკავა… მოკლედ, ვანუას ვუხმე და ვუთხარი: ერთი, გორგასალი ამომიყვანე-მეთქი.
ცოტა ხანში ვანუამ ახალგამოღვიძებული „ვახტანგ გორგასალი“ ამომიყვანა, რომელიც ქართლოს კასრაძე აღმოჩნდა…“
თბილისიდან შორეულ მოსკოვში გადავინაცვლოთ და სიტყვა პოლკოვნიკ გივი მახარაძეს მივცეთ.
„იურიდიული ფაკულტეტი რომ დავამთავრე, სამუშაოდ მოსკოვშივე, კიროვის რაიონის პროკურატურაში დამნიშნეს პროკურორის თანაშემწედ. ჩემს კომპეტენციაში განსაკუთრებით საშიში დანაშაულის, კერძოდ კი მკვლელობების გამოძიება შედიოდა.
ჩემი უფროსი, პროკურორი ანტონ ივანიჩ პროხოროვი, დიდი ბუზღუნა ვინმე კი იყო, მაგრამ, მისნაირი პროფესიონალი არც მანამდე და არც მას მერე არ შემხვედრია. ჩემ გარდა, პროხოროვს კიდევ ერთი თანაშემწე ჰყავდა – სიკო მინასიანი. სიკო ერევნელი იყო, ძალიან უხაროდა, მეც რომ კავკასიელი ვიყავი და მომავალში დიდი საგამომძიებლო კარიერის იმედი ჰქონდა. თუმცა, მის კარიერას თავად პროხოროვმა დაუსვა წერტილი და ეს ასე მოხდა:
სულ რაღაც ორი თვის დაწყებული გვქონდა მუშაობა, როდესაც ნევის გამზირზე ერთ-ერთ ფეშენებელურ სახლში ერთი ცნობილი ბოროტმოქმედი მოკლეს. ამ საქმეზე პროხოროვი გამოიძახეს და მას მე და სიკოც წავყევით. პროხოროვის მითითებით, მე სურათებს ვიღებდი შემთხვევის ადგილზე, სიკო, ყველა სამხილს აგროვებდა, უფრო სწორად კი, პროხოროვის მიერ შეგროვილ სამხილებს ცელოფნის პარკებში ინახავდა და ლუქავდა. შემთხვევის ადგილზე, სადაც დანაშაული მოხდა, მდიდრული სუფრა იყო გაშლილი, რომელიც თითქმის ხელუხლებელი იყო. პროხოროვმა ჯერ სურათები გადამაღებინა სუფრისთვის, ბოლოს კი ეს ყველაფერი გადასაფარებელში სათუთად შეახვია, უზარმაზარ ცელოფანში ჩადო, დალუქა და სიკო მინასიანს უთხრა, წადი, ჯერ ჟურნალში გაატარე, შემდეგ კი ლაბორატორიაში მიიტანე ექსპერტიზაზეო…
სიკო წავიდა, მე კი პროხოროვთან ერთად დავრჩი და მოკვლევა, გადაღება და დაკითხვა განვაგრძე. პროკურატურაში შუაღამისას დავბრუნდით და პროხოროვმა სიკო მინასიანის მიყვანა მთხოვა კაბინეტში, რათა მას ექსპერტიზის საბუთები მიეტანა. მე, სიკო და კიდევ ორი გამომძიებელი ერთ საერთო, უზარმაზარ ოთახში ვისხედით, რომელშიც ოთხი მაგიდა და სამჯერ მეტი სკამი იდგა. ოთახში შევედი და გავშეშდი. სიკო და ჩვენი სამი კოლეგა შეერთებულ მაგიდებზე გაშლილ სუფრას უსხედან და „უბერავენ“. მე რომ დამინახა, სიკომ ტაში შემოჰკრა, ხელში კი კონიაკით სავსე ჭიქა აიღო, ცეკვით წამოვიდა ჩემკენ და მითხრა:
– მოდი, გივი-ჯან, დალიე, შენებური ჯიგრული სადღეგრძელო თქვი და ეს გემრიელი საჭმელიც შეირგე…
სიკო მინასიანის სიტყვებზე წელში გამცრა, რადგან შეერთებულ მაგიდებზე გაშლილი სუფრა მკვლელობის ადგილიდან წამოღებული სამხილი იყო, რომელიც თითქმის აღარ არსებობდა. მართალია, სამხილი საჭმელი იყო, მაგრამ, არსებული კანონმდებლობის მიხედვით, სამხილის განზრახ განადგურებისთვის ამის გამკეთებელს პატიმრობა ემუქრებოდა.
სიკომ თვითონვე აცნობა პროხოროვს სამხილების განადგურების ამბავი, რადგან, თავად სამხილი სამი გამომძიებლის კუჭებში იყო გადანაწილებული და ექსპერტიზისთვის აღარ ვარგოდა…
ანტონ ივანიჩმა სამივე გამომძიებელი სამსახურიდან დაითხოვა, თუმცა მათზე სისხლის სამართლის საქმე არ აღუძრავს და ციხეში არ გაუშვია, სიკო მინასიანი კი ერთი წლის შემდეგ ერევანში, ჩემი მივლინების დროს შემხვდა – ის ერთ-ერთ რესტორანში მებუფეტედ მუშაობდა…“
არ ვიცი პოლკოვნიკ მალხაზ მანიას სომეხ კოლეგებთან ურთიერთობა თუ ჰქონია, ჩინელ არალეგალებთან კონტაქტის სიმცირეს კი ნამდვილად არ უჩიოდა.
„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამსახურში გული აღარ მიჩერდებოდა. უკვე საპენსიო ასაკიც მქონდა, თან ისე გაიხრწნა ყველაფერი, მაფიას ვერაფერს ვაკლებდით. იმ პერიოდში ჩინეთიდან ჩამოსულმა არალეგალებმა იმატეს. ჯგუფ-ჯგუფად ჩამოდიოდნენ რუსეთში და იაფი სამუშაო ძალა იყო. ამჟამად ეს ხალხი უკონტროლოა რუსეთში, მაშინ კი ჯერ კიდევ ვახერხებდით მათ გაკონტროლებას და უკან გაძევებას.
ჩინელები ძირითადად პორტში მუშაობდნენ შავ მუშებად და იქვე, სიბინძურეში, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ ეძინათ. იყო შემთხვევები, კვდებოდნენ კიდეც. მაშინ მათ სპეციალურ კრემატორიუმში წვავდნენ. იქ მიწის მწვავე დეფიციტი იყო და არალეგალი, უპატრონო ჩინელებისთვის არავინ გახსნიდა სასაფლაოს.
ერთხელ, მორიგი რეიდის დროს, ჩინელების კვარტალს დავუარეთ, ვინც მოვიხელთეთ, „მოვხიკეთ“ და საექსტრადაციოდ გავამზადეთ. ასეთ დროს „ბადეში“ მოხვედრილი არალეგალები მშვიდად იყვნენ და არანაირ პროტესტს არ გამოთქვამდნენ. მიუხედავად ამისა, ერთი ახალგაზრდა ჩინელი ძალიან აღელვებული ჩანდა და, რაღაცეებს გვეუბნებოდა ჩინურად. ბოლოს ატირდა კიდეც. თარჯიმანი მოვუყვანეთ, ატირებული ჩინელი დავამშვიდეთ და ვთხოვეთ, ყველაფერი მოეყოლა. ჩინელმა ცრემლი შეიმშრალა და მუდარით განაცხადა – ნება მიბოძეთ, ჩემი მეზობელი თან წავიყვანოო… შემდეგ ჩინელმა უფრო უმატა ტირილს და ხელები თავში წაიშინა.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩინელმა პორტში წაგვიყვანა და ერთ-ერთი მაცივარი გვიჩვენა, რომელშიც მისი გარდაცვლილი მეზობელი აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, ის გულის შეტევით გარდაცვლილიყო. ეს ფაქტი კი, მისმა მეგობარმა კრემაციის შიშით დამალა და მეზობელი მაცივარში მოათავსა, რომ არ გახრწნილიყო“.
პოლკოვნიკი მალხაზ ზარიძე ერთხელ არაორდინალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა…
„ერთხელ მოსკოვში მიმავლინეს ერთ-ერთ ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენი ჯგუფის უფროსი „მურის“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო და მის განკარგულებაში ვიმყოფებოდი. მე ერთ-ერთი ძებნილი ბოროტმოქმედის თვალთვალი მევალებოდა.
– მის აყვანას ჯერ არ ვაპირებთ, მხოლოდ უნდა ვუთვალთვალოთ, რათა მისი კავშირები დავადგინოთ, – ამიხსნა უფროსმა და მეც მოქმედება დავიწყე. მთელი დღის განმავლობაში ის კაცი სახლში იმალებოდა და გარეთ არ გამოდიოდა. ამიტომ, მე მოპირდაპირე ბინიდან ვუთვალთვალებდი და ყველაფერს ვაფიქსირებდი. საღამოს ჩემი შემცვლელი მოდიოდა. მე ჯერ ჩემს უფროსს ვაბარებდი დეტალურ ანგარიშს, შემდეგ კი დასაძინებლად მივდიოდი.
ერთი კვირის თავზე ჩემს ობიექტს ქალი ეწვია და ჩემს თვალწინ ძალიან ვნებიანი დღე გაატარეს. უწესობაა, მაგრამ, ნაბრძანები მქონდა თვალთვალი და მთელ მათ ინტიმურ სცენებს ყურადღებით ვაკვირდებოდი. ქალი გარეგნულადაც კარგი იყო და „საქმეც“ მშვენივრად იცოდა. მას ზურგზე ძალიან ლამაზი ხალი ჰქონდა, ჭიპზე კი პეპელა ეხატა, რაც იმ დროს „უცხო ხილი“ იყო. საღამოს ქალმა ჩაიცვა და წავიდა. მე ერთ საათში შემცვალეს და ანგარიშის ჩასაბარებლად უფროსის კაბინეტში შევედი.
– აბა, მომიყევი, რა ნახა დღეს შენმა მახვილმა თვალმა? – კეთილგანწყობილად მითხრა უფროსმა და სკამზე მიმითითა.
მე მას დეტალურად აღვუწერე ინტიმური სცენები.
– კარგი გარეგნობის თუ იყო? – დაინტერესდა ჩემი უფროსი ქალის სილამაზით.
– მაღალი, გრძელფეხება, ქერათმიანი… – ის იყო, დავიწყე ქალის გარეგნობის აღწერა, რომ მოულოდნელად კაბინეტის კარი გაიღო და ოთახში ულამაზესი ქალი შემოვიდა.
– მაშენკა, რამ შეგაწუხა, ძვირფასო? – შეეგება შემოსულს ჩემი უფროსი და, მას შემდეგ, რაც ფული მისცა და გაისტუმრა, კვლავ მე მომიბრუნდა:
– ქერათმიანი… შემდეგ? – მკითხა მან.
მე ენაჩავარდნილი ვიჯექი და ვფიქრობდი, როგორ გამოვმძვრალიყავი სიტუაციიდან, რადგან, ხალი და ჭიპთან მიხატული პეპელა რომ მეხსენებინა, ის აუცილებლად ამოიცნობდა ძებნილის საყვარელში თავის მომხიბვლელ მეუღლეს _ მაშენკას…“