მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლება მას უთვალთვალებს, _ ამის შესახებ განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვის დროს გააკეთა.
„თავდაპირველად, ჩემმა დაცვამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხალხის შემოჭრის მცდელობა აღკვეთა. მათ სპეციფიური ჩემოდნები ჰქონდათ. მათ შემოსვლა სცადეს, თუმცა ჩემმა დაცვამ არ შეუშვა. ბოდიში მოიხადეს და თქვეს, რომ ნომერი შეეშალათ. მაშინ, როდესაც მტერმა აღმოსავლეთით საზღვარი გაარღვია, როდესაც უკრაინა სავსეა ჯაშუშებით, როდესაც მედვედჩუკი პოროშენკოს მთავარი ბიზნესპარტნიორია და ყოველდღე უკრაინელ მძღოლებზე ფულს აკეთებს, როდესაც ქვეყანაში ყველაფერი იშლება და ინგრევა, ისინი დაკავებული არიან ჩემი პირადი ცხოვრების ჩაწერით ჩემი სასტუმროს ნომრებში. პეტრო ალექსეევიჩ, თავისუფალ დროს სხვა საქმე არ გაქვთ? გსურთ, ნახოთ, როგორ დადის სააკაშვილი ტუალეტში? თქვენი ცხოვრება არ გყოფნით? ჩემი პირადი ცხოვრებით, სექსუალური ისტორიებით გინდათ დაკავდეთ? მე მყავს ასეთი ხალხი ნანახი, პუტინი იყო ამით დაკავებული, ჩვენ საქართველოში გვყავდა ასლან აბაშიძე, რომელიც ამას აკეთებდა. ნუთუ არ გრცხვენიათ?! იცით, როდესაც მე ვიყავი პრეზიდენტი, მე ჩემს სპეცსამსახურებს ჯაშუშების პირადი ცხოვრების ჩაწერასაც კი ვუკრძალავდი. ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც მე მტრის ერთ-ერთი აგენტის ჩანაწერი მომიტანეს, რომელიც პირადი ხასიათის ინფორმაციას შეიცავდა და ჩვენს სამსახურებს ამის მისი გადმობირებისთვის გამოყენება უნდოდათ. მე ვთქვი – ახლა თქვენ ამას გაანადგურებთ და არასდროს ჩაწერთ მტერსაც კი მათ ნომრებში, ოთახებში, საძინებლებში, ტუალეტებში, აბაზანებში. თქვენ კი, რას აკეთებთ? რა არის ეს?“, _ ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა ასევე აჩვენა ნივთები, რომლებიც, მისი მტკიცებით, იმ სასტუმროში აღმოაჩინა, სადაც ის არის განთავსებული.