დმანისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სოფელ ირგანჩაის მცხოვრებლები ადასტურებენ.
მათი თქმით, “ქართული ოცნების” დმანისის შტაბის იურისტი ემზარ პეტრიაშვილი ორგანიზებას უწევდა და დაახლოებით 50-მდე ადგილობრივი ყავდა შეკრებილი, სადაც მათგან ყურანზე დაფიცებით ითხოვდა დადასტურებას, რომ ისინი 21 ოქტომბერს ნამდვილად “ქართული ოცნების” კანდიდატს მისცემდნენ ხმას.
დმანისის გამგებლის, გოგი ბარბაქაძის თქმით მსგავს ფაქტებს ადგილი 2012 წელსაც ჰქონდა, რომელსაც იმ დროს “ნაციონალური მოძრაობის” სახელით ახორციელებდა კახა ოქრიაშვილი. აღნიშნულის დამადასტურებელი ვიდეომასალა მრავლად მოიპოვება ინტერნეტ სივრცეში. მათ შორის, ერთ-ერთი სიუჟეტიგასულია “ტვ9”-ის ეთერით 2012 წლის 30 ივლისს (https://www.youtube.com/watch?v=IGOf_qqJ5cQ [1]).
“ნამდვილად არ მეგონა, თუ “ოცნება” ასე ერთ-ერთში დაემსგავსებოდა “ნაციონალურ მოძრაობას” და ის, რაც ყველამ ერთად დავასრულეთ 2012-ში, დღეს ჩვენ თვალწინ ისევ ხდება იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც 2012 წელს ჩვენ გვებრძოდნენ. სწორედ კახა ოქრიაშვილის მითითებით ხდებოდა ყურანზე დაფიცებით გარანტიის მიღება, რომ ხმას “ნაციონალურ მოძრაობას” მისცემდნენ. მნიშვნელოვანია ითქვას,რომ მაშინაც ამავე სოფლის, ირგანჩაის მოსახლეობას სთხოვდნენ ყურანზე დაფიცებას, რაც დღესაცგრძელდება”, _ განაცხადა გოგი ბარბაქაძემ.
დმანისში მომხდარ ამ და სხვა ფაქტების შესასწავლად ადგილზე უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენელი იმყოფებოდა, რომლიც დოკუმენტებს ორშაბათის კომისიის სხდომაზე წარადგენს.
დმანისში ასევე იმყოფებოდნენ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები რომლებიც ადგილზე გაეცნენ შექმნილ ვითარებას.