საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის მიცემული კომენტარი, სადაც აღნიშნავდა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ბეგლარ სიორიძე მისი ფავორიტი იყო, შეცდომა იყო:
_ არ უნდა მეთქვა, მაგრამ მიკროფონი მომიშვირა ჟურნალისტმა და წამომცდა ის, რაც არ უნდა მეთქვა. წამომცდა იმიტომ, რომ ბეგის ვიცნობ, კარგი ადამიანია და პატივს ვცემ. თუმცა, მის კანდიდატად დაყენებაში წვლილი არ მიმიძღვის _ არაფერ შუაში ვარ ამ ამბავთან _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ადიკო ივანიშვილმა.
_ ბატონო ადიკო, 4 წლის წინ, „გურია ნიუსთან“ ინტერვიუში ამბობდით, რომ იმ დროინდელი გამგებელი, კონსტანტინე შარაშენიძე, რომელიც დღეს დამოუკიდებლად იყრის კენჭს მერის არჩევნებზე, თქვენი ფავორიტი იყო და თქვენ გაუწიეთ პარტიაში რეკომენდაცია. გვახსოვს, რომ შარაშენიძის შტაბის უფროსად დანიშვნას განხეთქილებაც კი მოჰყვა პარტიაში. რა მოხდა მის შემდეგ, რა შეიცვალა ახლა, რომ სხვა გახდა თქვენი ფავორიტი?
_ არაფერი არ შეცვლილა. მართლა წამომცდა ის, რაც ვთქვი. მე ბეგისაც კარგად ვიცნობ, კოტესაც და ორივეს დიდ პატივს ვცემ _ არც ერთის მაგინებელი არ ვარ. აპოლიტიკური კაცი ვარ და ნუ ჩამრევთ ამ პოლიტიკაში.
_ ჩვენ არ გრევთ, თავად ერევით… მით უმეტეს, ჩვენთან ინტერვიუში არა ერთხელ თქვა თქვენმა ძმამ, რომ თქვენ ერთი მოქეიფე კაცი ხართ და პოლიტიკასთან საქმე არ უნდა გქონდეთ. მიუხედავად ამისა, მაინც აკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს..
_ არ მითქვას ისეთი რამ, რომ ქვეყანა დამენგრია… არ უნდა მეთქვა, შეცდომა დავუშვი. არ ვარ მე ის ადამიანი, რომელსაც პოლიტიკური კითხვები უნდა დაუსვათ. როგორც ერთხელ გითხრათ ბიძინამ, მართლა ისეა _ ერთი ჩვეულებრივი, მოქეიფე, მოურავი, გლეხი კაცი, ჩემი თავის კაცი ვარ _ არავის ვაწყენინებ და არც არაფერს დავუშავებ. თუ რაიმე ვთქვი, ვნანობ.
_ რატომ, თქვენმა ძმამ საყვედური გითხრათ?
_ მითხრა, რომ არ ჩავერიო არაფერში, რომ ჩემი საქმე არ არის პოლიტიკა და მორჩა. გპირდებით, რომ აპოლიტიკური გავხდები და არავის კომენტარს არ მივცემ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ივანიშვილმა.
ამავე თემაზე: კონსტანტინე შარაშენიძის პასუხები დღემდე უპასუხო კითხვებზე
ზვიად კვაჭანტირაძე: “გამგებლის “უფროსი მეგობარი” ადიკო ივანიშვილია”