კალიფორნიის სან დიეგოს ზოოპარკის ახალი ბინადარი, რამდენიმე კვირის წინ გამოჩეკილი კონდორის ბარტყი მაყურებლის წინაშე პირველად წარდგა.
ფრინველს ვესა დაარქვეს, რაც ინდიელების ენაზე “სადღესასწაულო სასმელს” ნიშნავს. მისი სქესი, ჯერჯერობით, უცნობია, – ამას სისხლის ანალიზის მეშვეობით დაადგენენ.
მომვლელთათვის უცნობი მიზეზების გამო, ვესა საკუთარმა მშობლებმა არ გაიკარეს და პაწია კონდორი ცალკე გადაიყვანეს.
ამჟამად ფრინველს კონდორის ნიღბიანი ზოოპარკის თანამშრომლები უვლიან. ამას თურმე იმიტომ აკეთებენ, რომ ფრინველი არ შეეჩვიოს ადამიანს და როცა თავისუფლად გაუშვებენ, თავი თავად ირჩინოს.
კონდორი, ეს ვეებერთელა ფრინველი, გადაშენების პირასაა. 1980 წელს მსოფლიოში მხოლოდ 22 ეგზემპლარი იყო დარჩენილი, თუმცა გამრავლების სპეციალური პროგრამების წყალობით, დღეს მათი რაოდენობა 400-ს აღწევს.