“ნამდვილად ვამაყობ იმ აშკარა შედეგით, რომელიც 3 წელიწადში ვაჩვენე და მომავალ 4 წელიწადში ეს შედეგი ბევრად გაუმჯობესდება. ნებისმიერი ადამიანის სურვილია, მისი მშობლიური მხარისთვის მნიშვნელოვანი საქმეების კეთება შეძლოს, გამონაკლისი არც მე ვარ. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მე ნამდვილად შემიძლია, მომდევნო 4 წელი დასრულების შემდეგ სიამაყით ვთქვა, რომ ჩემი მუნიციპალიტეტისთვის ბოლომდე დავიხარჯე და უმნიშვნელოვანესი შედეგიც დავდე. ამაზე დიდი მოტივაცია რა უნდა იყოს?!” _ ამბობს “ქართული ოცნება” დემოკრატიული საქართველოს ოზურგეთის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე, რომელსაც მმართველმა პარტიამ მეორეჯერ გამოუცხადა ნდობა.
_ ბატონო ბეგლარ, “ქართულმა ოცნებამ”” თქვენ უკვე მეორედ წარგადგინათ კანდიდატად, ამჯერად ოზურგეთის გაერთიანებული მუნიციპალიტეტის მერის პოსტზე. რატომ დათანხმდით, რომ ხელმეორედაც გეყარათ კენჭი? ხშირად თანამდებობის პირებს პოსტის დატოვება უძნელდებათ. თქვენი მოტივაცია რა იყო ამ შემთხვევაში?
_ განვითარების დაწყებული პროცესის ბოლომდე მიყვანა. აი, ეს არის ჩემი მოტივაცია. მოგეხსენებათ, თუ მუნიციპალიტეტის განვითარებასა და კეთილდღეობის შექმნაზე ვისაუბრებთ, ამისთვის 3 წელი საკმარისი ნამდვილად არ არის. ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ განვითარების საფუძველი შევქმნათ და ის პრიორიტეტები დავამუშავოთ, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელია მუნიციპალიტეტის პროგრესის გზით წაყვანა. ეს ნამდვილად გავაკეთეთ. ხოლო იმ აშკარა კეთილდღეობის შექმნას, რომელიც თითოეული მოქალაქის პირად კეთილდღეობაზე უნდა აისახოს, უფრო მეტი დრო სჭირდება.
რაც შეეხება თანამდებობის შენარჩუნებასთან დაკავშირებულ შეკითხვას, ასევე პირდაპირ, მორიდების გარეშე გიპასუხებთ, რომ დიახ, ნამდვილად ვამაყობ იმ აშკარა შედეგით, რომელიც 3 წელიწადში ვაჩვენე და მომავალ 4 წელიწადში ეს შედეგი ბევრად გაუმჯობესდება. გამომდინარე იქიდან, რომ მერად არჩევამდე ბიზნესში ვიყავი და შესაბამისად, არც ფინანსების პრობლემა მქონდა და საკმარისი გავლენაც გამაჩნდა, ამ ფაქტორების გამო ხელისუფლებაში მოსვლა ჩემთვის საინტერესო ნამდვილად არ იყო. ნებისმიერი ადამიანის სურვილია, მისი მშობლიური მხარისთვის მნიშვნელოვანი საქმეების კეთება შეძლოს, გამონაკლისი არც მე ვარ. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მე ნამდვილად შემიძლია, მომდევნო 4 წელი დასრულების შემდეგ სიამაყით ვთქვა, რომ ჩემი მუნიციპალიტეტისთვის ბოლომდე დავიხარჯე და უმნიშვნელოვანესი შედეგიც დავდე. ამაზე დიდი მოტივაცია რა უნდა იყოს?!
_ თქვენი წინა არჩევნებიდან 3 წელი გავიდა, რა განსხვავებებს ხედავთ მაშინდელ და ახლანდელ წინასაარჩევნო პროგრამებს შორის? არის თუ არა კონკრეტული საკითხები, რომელიც უკვე მოაგვარეთ და ამჯერად თქვენი პროგრამა სხვა პრიორიტეტებზეა აგებული?
_ 3 წლის წინ მე ინფრასტრუქტურულად მოშლილი ქალაქი ჩავიბარე. თუ არ ჩავთვლით, ორიოდე ახალ ობიექტს ქალაქში, ოზურგეთი, ფაქტობრივად, 90-იანი წლების ქალაქი იყო. ყველა ქუჩაზე პრობლემა გვხვდებოდა, ქალაქის ცენტრი სრულიად უსახური იყო და ადამიანებს, რომლებიც თითქოს ქალაქში ცხოვრობდნენ, ასფალტისა და გადაადგილების ელემენტარული პრობლემა ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, ჩემი საარჩევნო პროგრამა, ძირითადად, ინფრასტრუქტურის შექმნაზე იყო აგებული. შემიძლია ვთქვა, რომ ამ პრობლემის ძირითადი ნაწილი გადავჭერით. თუმცა ძალიან ბევრი რამ კიდევ მოსაგვარებელია, მაგალითად, ისევ დაგვრჩა ქალაქის გარკვეული ქუჩები დასაგები, მოსაწესრიგებელია წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემა. ამიტომ ინფრასტრუქტურა მანამ დარჩება ჩემს პრიორიტეტად, ვიდრე ერთი ქუჩა ან ერთი სოფლის გზაც კი მოსაწესრიგებელი იქნება. წინა საარჩევნო პროგრამაში ვსაუბრობდი ქალაქის დასუფთავების საკითხზე, კულტურული და სპორტული ცხოვრების განვითარებაზე და რაც ყველაზე მთავარია, დასაქმების პრობლემაზე. აქედან არაერთი სფერო უკვე გაცილებით მეტად განვითარებულია, თუმცა საჭიროა უფრო მეტი დრო და მომდევნო 4 წელიწადში ყველა დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.
_ რახან დასაქმებას შეეხეთ, აქვე გკითხავთ, ეს პრობლემა არა მხოლოდ ოზურგეთის, არამედ მთელი ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემაა. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, მომდევნო 4 წელიწადში ერთ მუნიციპალიტეტში უმუშევრობის საკითხი ასე ერთბაშად გადაიჭრას?
_ ცხადია, არა. ამ მიმართულებით ქვეყნის ხელისუფლების ყველა რგოლი ძალიან ინტენსიურად მუშაობს და უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი. ვფიქრობ, ჩვენ, რეგიონები, არ უნდა დაველოდოთ ცენტრიდან წამოსულ დახმარებას, აქ, ადგილზევე უნდა ვეცადოთ, უმუშევრობის პრობლემის გადაჭრაში ჩვენ-ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ხალხი იმიტომ გვირჩევს, რომ ჩვენგან ელიან უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობას.
რეალურადაც, ჩვენ ნამდვილად მეტი ვიცით ჩვენი რეგიონების პოტენციალზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის ხერხებზე. დასაქმების პრობლემასთან ბრძოლაში ორი მეთოდი მესახება ყველაზე პერსპექტიულად. პირველ რიგში, უნდა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა, რათა საფუძველი შევუქმნათ ქალაქში ბიზნეს-ინვესტიციების გაზრდას. უნდა წავახალისოთ ბიზნეს-სექტორი, რათა ქალაქში კერძო ობიექტები მრავლად გაიხსნას. ამ მხრივ საფუძველი უკვე მოვამზადეთ და თუ დააკვირდებით, უკვე არაერთი კერძო ობიექტი გაჩნდა. ეს პროცესი უფრო აქტიურად გაგრძელდება. მაგალითისთვის, ოზურგეთში მალე გაიხსნება ცნობილი კომპანია ‘”ზარა”-ს სამკერვალო ფაბრიკა, სადაც 3 000 ადამიანი დასაქმდება. 3 000 ადამიანის დასაქმება კი ნიშნავს სარჩოს და მატერიალურ სიკეთეს 3 000 ოჯახში. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, სოფლის მეურნეობაა. ჩაი, ციტრუსი, თხილი _ ეს ის პოტენციალია, რომელიც ყველაზე დიდ მატერიალურ კეთილდღეობას შეუქმნის ჩვენს სოფლებს. სახელმწიფომ უკვე წამოიწყო ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 7 000 ჰექტარი გაველურებული ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია იგეგმება. ამ მხრივ, ქმედითი ნაბიჯებიც გადაიდგა. ეს პროგრამა ჩვენ მაქსიმალურად უნდა მივიტანოთ ხალხამდე. რადგან მათ სახელმწიფო აძლევს შანსს ჩაის მოყვანა საკმაოდ დიდი საგადასახადო შეღავათებით დაიწყონ. მერად არჩევის შემდეგ ვგეგმავ მუნიციპალიტეტის გამგეობაში შევქმნა სოფლის მეურნეობის განვითარების ძალიან ძლიერი და ქმედითი სამსახური, რომელთანაც ინტენსიური კონსულტაციები მექნება. მე სამი წლის წინ ვთქვი, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურა უნდა შეიცვალოს და შედეგი უკვე ნახეთ. ახლა ვამბობ, რომ სოფლის მეურნეობა უნდა განვითარდეს და მერწმუნეთ, 4 წელიწადში ასეთივე აშკარა შედეგს დაინახავთ. გულახდილად გეტყვით, ჩემთვის ავტორიტეტი იმაზე ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, აქედან გამომდინარე, არასდროს გავცემ ისეთ დაპირებას, რომლის გამოც შეიძლება მომავალში უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდე.
_ სოფლებში მცხოვრებ ამომრჩევლებს შორის თქვენს მომავალ მერობასთან დაკავშირებით ხშირად ორი სახის მოსაზრება ფიგურირებს. ნაწილს იმედი აქვს, რომ სოფელს ისევე დაეტყობა თქვენი საქმიანობის ეფექტურობა, როგორც ეს ქალაქში მოხდა. ნაწილი კი შიშობს, გარკვეულწილად ხომ არ “დაიჩაგრება” სოფელი, რადგან თქვენ ქალაქის მერი ხართ და შესაძლოა, გარკვეული სუბიექტური დამოკიდებულება დაგრჩეთ ქალაქის მიმართ.
_ ორივე სახის მოსაზრება ლოგიკურია, თუმცა აქედანვე ხაზგასმით ვაცხადებ, რომ არავითარ შემთხვევაში! თუკი ჩვენი მოსახლეობა მე მომანდობს ჩვენი სოფლებისა და ქალაქის მომავალს, მე თანაბრად უნდა გავანაწილო რესურსი ორივე მათგანზე. ავიღო ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა, ჩემთვის ნიშნავს თანაბრად თავდაუზოგავ შრომას ორივე მიმართულებით, როგორც სოფლებისთვის, ისე ქალაქისთვის.
_ დღეს სოფლების ერთ-ერთი დიდი პრობლემა მავნებლის ე. წ. ფაროსანას შემოტევაა, რომელმაც დასავლეთ საქართველოს სოფლები, ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშე დატოვა. იგივე სიტუაციაა ოზურგეთის სოფლებშიც. როგორ ფიქრობთ, საკმარისია ის ღონისძიებები, რომელსაც ხელისუფლება ამ მხრივ ატარებს?
_ შარშან, როცა ხელისუფლებამ ამ მავნებლის შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო, მოსახლეობამ წინააღმდეგობა გამოხატა. ზოგს ფუტკრის სკების გადატანა არ სურდა, ზოგი ფიქრობდა, რომ ეს სამუშაოები არ იყო საჭირო. მაშინ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, სამწუხაროდ, ვერ გაიაზრეს ის საშიშროება, რაც დღეს უკვე რეალური გახდა. ამიტომ დასავლეთ საქართველო წელს, ფაქტობრივად, მოსავლის გარეშე დარჩა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ მავნებელს 15 წელი ებრძოდნენ და ამისთვის უზარმაზარი თანხა დაიხარჯა. თუმცა ამჯერად ჩვენ ამერიკის გამოცდილებას ვიყენებთ და ხელისუფლება უკვე არიგებს იმ საწამლავს, რომლითაც ამ მწერის განადგურება შეიძლება. ვრცელდება საინფორმაციო ბუკლეტები და ფერმერებს უტარდებათ შესაბამისი ტრენერები. დარწმუნებული ვარ, წლევანდელი გამოცდილების გათვალისწინებით, მოსახლეობა წელს უარს აღარ იტყვის შეწამვლაზე და ჩვენს დარიგებულ წამალს აუცილებლად გამოიყენებს. ვერ ვიტყვით, რომ მომავალ წელს ეს პრობლემა აღარ გვექნება, მაგრამ 2018 წელი იქნება ფაროსანასთან ბრძოლის წელი და ხელისუფლება და მოსახლეობა ერთად ამ პრობლემას აუცილებლად აღმოვფხვრით.
_ თუკი თქვენ გაერთიანებული მუნიციპალიტეტის მერად აგირჩევენ, თქვენს კომპეტენციაში გადმოვა ოზურგეთისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო – ტურიზმი. დიდი ხანია, ყველანი ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორი დიდი შესაძლებლობები არსებობს ტურიზმის მიმართულებით, მაგრამ დრო გადის და ფაქტია, რომ ეს სფერო ვერა და ვერ განვითარდა ისე, რომ მოსახლეობას შემოსავალი მოუტანოს. თქვენი ხედვა როგორია ტურიზმთან მიმართებაში?
_ ინფრასტრუქტურა – ასეთია კვლავ ჩემი პასუხი. ოზურგეთს ტურიზმის თვალსაზრისით უზარმაზარი პოტენციალი აქვს და იმისთვის, რომ ბიზნეს-სექტორმა ოზურგეთის ტურისტული ტერიტორიები აითვისოს, ჩვენ მას ინფრასტრუქტურული გარემო უნდა მოვუმზადოთ. არც ერთი ინვესტორი არ გადაწყვეტს ბიზნესის წამოწყებას იქ, სადაც ელემენტარულად გზის, წყლისა და გაზიფიკაციის პრობლემაა. სწორედ ამიტომ, უკვე მზად არის 70 მილიონიანი პროექტი და ჩვენ მალე დავიწყებთ დაბა ურეკის წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგებას. უნდა დაიწყოს კურორტ გომისმთის მასშტაბური რეაბილიტაციაც. ჩვენ ყველა ტურისტულ წერტილში უნდა მოვამზადოთ ინფრასტრუქტურული გარემო, ხოლო შემდეგ კი ვიმუშაოთ ინვესტორების მოძიებაზე. გეთანხმებით, რომ ოზურგეთის მატერიალური კეთილდღეობის ერთ-ერთი გასაღები ტურიზმშია და ამ შესაძლებლობას ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ მოსახლეობის სასარგებლოდ.
_ წლევანდელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გარეშე თვალისთვის უჩვეულოდ საინტერესო გამოდგა. პარტიამ ‘”ქართული ოცნება”” მერობის კანდიდატად თქვენ წარგადგინათ, თუმცა მერობა გადაწყვიტა ამავე პარტიის წევრმა კონსტანტინე შარაშენიძემაც, რის გამოც პოლიტსაბჭოს მიერ პარტიიდან გაირიცხა.
_ სამწუხაროდ, კოტე შარაშენიძემ და მისმა გუნდმა წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა უღირსი მეთოდებით დაიწყეს. შარაშენიძე პირდაპირ ატყუებდა ამომრჩეველს, თითქოს ‘”ქართული ოცნების”” კანდიდატი თავად იყო და პარტიის სახელით მანიპულირებდა. ამიტომ არ გამკვირვებია და ნამდვილად ლოგიკური იყო პარტიიდან იმ ჯგუფის გარიცხვა, რომელიც პარტიული ინტერესების საწინააღმდეგოდ წავიდა.
ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი პრინციპია, ყველა პროცესი ღირსეულად წარიმართოს. მე ამომრჩეველს ვესაუბრები მხოლოდ გაკეთებული საქმისა და სამომავლო გეგმების შესახებ. საარჩევნო კამპანიის დამყარება კონკურენტის ლანძღვაზე, ჩემს ღირსებას ეწინააღმდეგება. ეს მათი პრობლემაა, ვისაც მოსახლეობისთვის სათქმელი სხვა არაფერი აქვს და გამარჯვების იმედს მხოლოდ ჩემს კრიტიკაზე ამყარებს. ეს უბრალოდ ღიმილისმომგვრელია. მოსახლეობა ყოველთვის ხედავს, ვინ რა მიზნით, რა გეგმებით და მოტივაციით მიდის მასთან.
_ თქვენი ოპონენტების ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ არ ცნობთ გუნდური მუშაობის პრინციპს და გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებთ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ბიზნესისთვის საჭირო უნარ-ჩვევაა და პოლიტიკაში ნაკლებად გამოდგება?
_ პოლიტიკას და ბიზნესს აქვს რამდენიმე საერთო თვისება: საჭიროა ალღო და საქმის კეთების პროცესში აუცილებელია რჩევების გათვალისწინება. თუმცა მნიშვნელოვანია, რამდენად სასარგებლოა ეს რჩევა. აი, სწორედ ამის ალღო უნდა ჰქონდეს ადამიანს. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, ვინ მომცემს რჩევას. მთავარია სასარგებლო რჩევა იყოს, რომელიც საქმეს წაადგება. ამ მხრივ სრულიად ღია ვარ და არაერთი ადამიანი დაადასტურებს, რომ საქმიანობის პროცესში მათი რჩევები გამითვალისწინებია. შესაბამისად, ვერ მივიღებ იმ ნათქვამს, თითქოს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება მჩვევია. თუმცა მე ვარ მერი, ლიდერი, რომელმაც უნდა მოუსმინოს სხვადასხვა მოსაზრებას, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. პოლიტიკაც და ბიზნესიც მართვის სწორ სტილზეა დაფუძნებული და აქედან გამომდინარე, ჩემი ბიზნეს-გამოცდილება პოლიტიკაში მხოლოდ წამადგა.
_ სწორედ ამ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს უკავშირებენ თქვენი ოპონენტები მრავალი ობიექტის გაყიდვას ქალაქ ოზურგეთში. გედავებიან ქონების პირდაპირი წესით განკარგვის გამოც. რა არის ამ ყველაფრის მიზეზი, რაში მდგომარეობს თქვენი სტრატეგია?
_ ჩემი სტრატეგია ასეთია: ყოველი ადამიანი, ვინც მოინდომებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წამოიწყოს სასარგებლო საქმე, მე მზად ვარ, ნებისმიერს შევუწყო ხელი. ჩვენს თანამოქალაქეებს არაფერში სჭირდებათ მრავალი უფუნქციო შენობა და ტერიტორია ოზურგეთში, რომელსაც არანაირი სარგებლობა არ მოაქვს მუნიციპალიტეტისთვის და პირიქით, ამახინჯებს ქალაქს. თითოეული ასეთი ადგილი უნდა დაიტვირთოს სხვადასხვა ფუნქციით. უნდა გაიხსნას მრავალი კაფე, გასართობი ადგილი, სასტუმრო თუ სხვა ობიექტები. რადგან თითოეული მათგანი მოსახლეობის დასაქმების წყაროა, თითოეული ასეთი ობიექტი ოზურგეთს ქალაქის დატვირთვას ძენს. შესაბამისად, მომავალშიც ასევე წარმატებით გავაგრძელებ ყველა იმ ადამიანის ხელშეწყობას, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში საინტერესო და სასიკეთო საქმის წამოწყებას გადაწყვეტს. დროა, შევეჩვიოთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებით ვერანაირად ვერ შეძლებს მოქალაქეების დასაქმებას და უმუშევრობის პრობლემის ამგვარად დაძლევას. ცნობილი გამონათქვამის თანახმად “ადამიანისთვის თევზის მიცემას, ჯობს, თევზაობა ვასწავლოთ”. ჩემი ძირითადი ტაქტიკა სწორედ ასეთია. ბიზნესი უნდა განვითარდეს და მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
_ თქვენს კონკურენტები წინასაარჩევნოდ ხშირად გახსენებენ “ნაციონალურ მოძრაობას” და თქვენს კავშირს ამ პარტიასთან. გავრცელდა ვიდეომასალაც, სადაც თქვენს ქარხანაში სტუმრად მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილია. რას იტყოდით ამასთან დაკავშირებით?
_ მოდი, სანამ გიპასუხებდეთ, მე გკითხავთ. რაც უნდა რადიკალურად იყოთ განწყობილი მოქმედი ხელისუფლების მიმართ, თქვენთან სტუმრად მოსულ პრემიერ-მინისტრს კარს დაუკეტავდით? ასევე გაითვალისწინეთ ისიც, რომ მაშინდელი ხელისუფლება არ გახლდათ დღევანდელივით ლოიალური და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მთავრობა. მერაბიშვილი გაეცნო თხილის ქარხანაში მიმდინარე სამუშაო პროცესს და დარწმუნებული ვარ, ამით არც მოსახლეობას დაკლებია რამე და არც მაშინდელ ხელისუფლებას მიუღია რამე მისთვის სასიკეთო. აქედან გამომდინარე, აღნიშნულთან დაკავშირებით უხერხულობის მცირედი მიზეზიც კი არ გამაჩნია.
“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს მე დაკავებული ვიყავი ბიზნეს-საქმიანობით და არანაირი კავშირი პოლიტიკურ პროცესებთან არ მქონია. სასაცილოა ოპონენტების ცილისწამება, თითქოს მე “ნაციონალური მოძრაობის”შტაბის წევრი ვიყავი, მაშინ როცა აღნიშნული პარტიის წევრიც კი არ ვყოფილვარ. იმ დროს, როცა “ნაციონალური მოძრაობის” რეკეტიორი ხელისუფლება აშანტაჟებდა კერძო ბიზნესს და ბიზნესმენებს თანხების ჩარიცხვას აიძულებდა, მე ერთი თეთრიც არ გადამირიცხავს აღნიშნული პარტიის სასარგებლოდ. შეგიძლიათ იხილოთ “ნაციონალური მოძრაობის” ნებით თუ ძალით დამფინანსებელი ბიზნესმენების სიები, სადაც ბეგლარ სიორიძის სახელსა და გვარს ვერსად ამოიკითხავთ. ჩემთვის “ნაციონალური მოძრაობა” ყოველთვის იყო ხელისუფლება, რომლის გვერდით მდგომი, დამფინანსებელი ან მხარდამჭერი მე ვერასდროს და ვერც ერთ რეალობაში ვერ ვიქნებოდი.
_ მერად არჩევის შემდეგ განსხვავებით სხვა ხელმძღვანელებისგან, მუდმივად ხართ მედიის ინტერესის სფერო. მიუხედავად მიზეზებისა, პოლიტიკოსები ყოველთვის ერიდებიან მედიასთან დაპირისპირებას. რასაც თქვენზე ვერ ვიტყვით. რა არის ამის მიზეზი, ნებისყოფა არ გყოფნით თუ არასაკმარისი პოლიტიკური გამოცდილების ბრალია?
_ მედია არის მეოთხე ხელისუფლება და ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. თუმცა, არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ჟურნალისტებს თავი უნდა მოვაწონოთ. მე დიდ პატივს ვცემ ამ პროფესიას და სრულად მესმის მედიის როლი და მნიშვნელობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თუმცა როცა საქმე სიმართლეს და კანონს ეხება, არ ვახარისხებ ვისთან მაქვს ურთიერთობა, ჟურნალისტთან თუ სხვა პროფესიის წარმომადგენელთან. სიმართლე სიმართლეა, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს და ამ სიმართლეს ყველგან დავიცავ, მათ შორის ჟურნალისტებთანაც. შესაბამისად, არანაირი შიშის საფუძველი მედიასთან ურთიერთობისას არ გამაჩნია. მე სიმართლის მხარეს ვარ და როცა ჟურნალისტიც ამ აზრზეა, მაშინ ჩვენ ერთ მხარეს ვდგავართ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ვერც ჟურნალისტს და ვერც სხვა პროფესიის წარმომადგენელს, გავრცელებული სტერეოტიპული მიდგომების ხათრით, უსამართლობაში ვერ დავეთანხმები.
_ როგორ მიიღო ოჯახმა თქვენი გადაწყვეტილება ხელმეორედ მერად კენჭისყრასთან დაკავშირებით? როგორი მეუღლე და მამა ხართ?
_ ოჯახისთვის, ცხადია, რთულია ჩემს სამსახურებრივ რეჟიმთან შეგუება, თუმცა ისინი გვერდით მიდგანან ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს. სამწუხაროდ, დროის დეფიციტის გამო ვერ ვატარებ საკმარის დროს ჩემს ოჯახთან. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ისეთი ვაჟიშვილი, როგორსაც ვისურვებდი, რომ მყოლოდა. ის პატიოსანი და სიმართლისმოყვარული ადამიანია. რაც ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია. ცდილობს ცხოვრებას დამოუკიდებლად შეეჭიდოს და ვხედავ, რომ გამოსდის. ოჯახი ჩემი სიძლიერეა, ადგილი, სადაც ყოველი მძიმე და დატვირთული დღის შემდეგ სიყვარულით მელოდებიან. ერთ-ერთი, რითაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად ვამაყობ, ჩემი ოჯახია.
_ თქვენი მერად არჩევის დროიდან არ შემწყდარა ხმაურიანი დღეები. თქვენ თამამი გადაწყვეტილებებით გამოირჩევით, რაც ხშირად არაერთგვაროვან მოსაზრებებს იწვევს. რისთვის გიღირთ ეს ყველაფერი, როგორი ოზურგეთი უნდა დატოვოთ თქვენი მერობის შემდეგ?
_ თქვენ როგორ ფიქრობთ, ბეგი სიორიძე ასეთ გადაწყვეტილებებს ერთბაშად და წამიერად იღებს? მე არ ვარ ის ადამიანი, რომელმაც შეიძლება რამე საკითხი უცებ და ანალიზის გარეშე გადაწყვიტოს. ყოველი გადაწყვეტილების მიღებას წინ ახლავს ხანგრძლივი ფიქრი და ანალიზი, თუ რა შედეგი მინდა მივიღო კონკრეტული გადაწყვეტილებით. თუ გვსურს, საქმე გამოგვივიდეს, საკითხს სხვადასხვა ჭრილში უნდა შევხედოთ და თამამი გადაწყვეტილებების მიღებას არ უნდა შევუშინდეთ. მზად უნდა ვიყოთ ნეგატიური რეაქციისთვისაც. ამ ყველაფრის გარეშე მნიშვნელოვანი საქმეები არ კეთდება. თუმცა ბედნიერი ვარ, რომ გადაწყვეტილებები, რომელიც სხვადასხვა დროს მივიღე, ჩემს ქალაქზე სასიკეთოდ აისახა. ბედნიერი ვარ, ჩემი თანაქალაქელების დამოკიდებულების გამოც. ისინი სწორად და ჯანსაღად აფასებენ ყველაფერს და სწორედ ეს მაძლევს სტიმულს, რომ ვაკეთო ის საქმე, რომელშიც ჩემი ყველა რესურსი ჩავდე.
_ რაც შეეხება თქვენს ბოლო კითხვას, თუ როგორი ოზურგეთი მინდა დავტოვო, ასე გიპასუხებთ: ჩემი მერობის დროს ქალაქი ოზურგეთი რადიკალურად შეიცვალა პროგრესისკენ, ასევე უნდა შეიცვალოს ჩვენი სოფლებიც. ორივე ერთად კი, ქალაქიც და სოფელიც უნდა გახდეს ძლიერი მუნიციპალიტეტი, სადაც ადამიანები კეთილმოწყობილ გარემოში იცხოვრებენ და უმუშევრობის არ შეეშინდებათ. ეს არის ჩემი პროგრამა მაქსიმუმი, რომლის შესრულების პირობაც ოზურგეთელებს და საკუთარ თავს მივეცი. პირობა კი ჩემთვის ღირსების საკითხია, რომელსაც ძნელად ვიძლევი და თუ ვთქვი, მაშინ ჩემს დაპირებას ასრულება უწერია.