“მივმართავთ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს _ აღადგინოს სამართალი, დააპატიმროს ირაკლი ტარიელაძის მკვლელობის შემკვეთები და შემსრულებლები, დაიცვას ჩვენი უფლებები! ხალხო, გააგებინეთ ყველას, რომ 28 წლის ბიჭი შეეწირა ზონდერებს და კლანურ დაჯგუფებას, რომლებსაც პოლიცია მფარველობს”, _ აცხადებენ მოკლული ირაკლი ტარიელაძის ოჯახის წევრები.
რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მცხოვრები 28 წლის ირაკლი ტარიელაძე საკუთარ სახლში, ჭიშკართან ჩაცხრილეს. მკვლელობასთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მოწმის სახით რამდენიმე პირი დაკითხეს და გამოუშვეს, რადგან, ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე არც ერთი მათგანის მიმართ ბრალის წაყენების საფუძველი არ არსებობდა.
ტარიელაძე გუშინ ბათუმში დაასაფლავეს, მანამდე კი ოჯახის წევრებმა ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მიცვალებული დაასვენეს და გზა გადაკეტეს ერთი მოთხოვნით _ დააპატიმრონ ირაკლის მკვლელები.
_ ნეტავ, ვის დაიჭერენ, ვის დედას გააუბედურებენ და “შეტენიან“ ირაკლის მკვლელობას?! არ გამოუვათ, არ გავჩერდებით, რადგან ირაკლის მკვლელობის დამკვეთია აქვე მცხოვრები ს. მ. და შემსრულებლები კი გ. ს. დ. კ. ვითხოვთ სამართალს! _ ამბობენ მოკლულის ოჯახის წევრები.
ტარიელაძის დის _ ირმა ფუტკარაძის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, იკვეთება კიდევ ერთი ახალი დეტალი:
_ ბათუმში ჩავიდნენ ყოფილი დეპუტატი მ. მ., დ. კ., მამა თ. კ. გ. ბ. და გ. ს. და ირაკლის ბიძაშვილებს მოთხოვეს, რომ ასახლდნენ იქედან, სანამ კიდევ მკვლელობა არ მოხდებაო. მე ეს ჩვენება მივეცი პოლიციას და დღემდე არ დაუკითხავთ არც ერთი მათგანი. ეს სამართალია? რატომ არის უმოქმედოთ პოლიცია? რადგან წუწკები, და გასვრილები არ ვართ? ჩემმა ძმამ რომ პატიოსანი შრომით მიაღწია ყველაფერს, ამიტომ ვერ გვიტანენ?_ ამბობს ირმა ფუტკარაძე.
ირაკლის დედა ნანული ფუტკარაძე კი ჰყვება, რომ როცა მისი შვილი ჩაცხრილეს, სუფრა შემდეგ გაიშალა ს. მ.-ს ოჯახში, რომელსაც სატელეფონო საუბრებში არა ერთხელ უთქვამს, რომ მთავრობაც ეგ იყო და “კაი ბიჭიც“:
_ ამოიღონ სატელეფონო საუბრები, როგორ დამემუქრა ს. მ. ჩემი შვილის მოკვლით. 11 წელი შვილი მონატრებული მყავდა, მეც სამუშაოდ გადახვეწილი ვიყავი. ირაკლი თურქეთში დადიოდა სამუშაოდ, არაფერს არ თაკილობდა. იმ დღეს ჩამოვიდა თურქეთიდან _ ეს იცოდნენ. ახლა კიდევ გვემუქრებიან, აქ არ გავაჩერებთ ამათო, _ ამბობს ნანული ფუტკარაძე. მისივე თქმით, პოლიციამ ყველაფერი იცის და ხელს აფარებს დამნაშავეებს, არ იძიებს ამ საქმეებს. ჩემი შვილის მკვლელები არიან აქ მცხოვრები გ. ს. და დ.კ., შემკვეთი კი _ ს.მ. ეს პირები არაერთხელ იყვნენ ნასამართლევები და სხვის მკვლელობაში შემჩნეული პირები, ზონდერები არიან.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ირაკლის სხვა მტერი არავინ არ ჰყავდა:
_ დამისახელონ ამ სამი ადამიანის გარდა, ვინ ჰყავდა ჩემს ძმას მტერი? არავითარი ხიდი, ტყუილია ეგ _ აუქციონში მიიღო მონაწილეობა ჩვენმა ნათესავმა და მოიგო. ამის გამო გადაგვეკიდნენ. ს. მ. ითხოვდა, ამ ბიჭმა დაგვიბრუნოს აუქციონით მიღებული მიწაო, _ ამბობენ ტარიელაძეები.
ტარიელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას აფიქსირებს მეორე მხარე _ ნ.მ. ამბობს, რომ კონფლიქტის მიზეზი მის ძმას _ ს. მ,-ს და ირაკლი ტარიელაძის შორის თვითნებურად შემოღობილი მიწის ნაკვეთები გახდა:
_ მინდა დავიწყო ტყის თემით, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეკონომიკის სამინისტროში, რომ ტყესთან დაკავშირებით გამოცხადებულ აუქციონში ს. მ.-ს მონაწილეობა არ მიუღია, რასაც ოჯახი კონფლიქტის პირველ წყაროდ ასახელებს. რაც შეეხება კონფლიქტს, იგი განაპირობა გარდაცვლილის მიერ თვითნებურად შემოღობილმა მიწის ნაკვეთებმა, რომელიც არანაირი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენდა ს..მ.-სთვის.
გარდაცვლილის მიერ შემოღობილი ფართობები მოიცავდა მდინარის მთლიან ზოლს და ეს იქ მცხოვრები მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა, რადგან საქონელი ვერ ჩადიოდა წყლის დასალევად, ვერ ძოვდა მდინარისპირა მინდორს, ბავშვები ვერ ჩადიოდნენ სათევზაოდ და საბანაოდ. გარდა ამისა, დაზიანებული ხიდის რეაბილიტაციის პერიოდში, რომელიც დაახლოებით 7-8 თვე გრძელდებოდა, იქ მცხოვრებმა მოსახლეობამ გადაწყვიტა თავისი ხარჯებით ალტერნატიული ხიდის გაკეთება მდინარეზე. სწორედ ამ ხიდის გაკეთებას ხელს უშლიდა გარდაცვლილის მიერ მდინარეზე უკანონოდ გავლებული ღობე. სანამ სამუშაოებს დაიწყებდნენ, ტარიელაძეს სთხოვეს, რომ აეღო ღობე, რადგან, ვიმეორებ, ღობე ხელს უშლიდა ამ პატარა გადასასვლელი ხიდის გაკეთებას. თემა იყო აქტუალური ამ საკითხთან მიმართებაში იმიტომ რომ, იქ მცხოვრებ მოსახლეობას გამრუდებული გზით, სამი კილომეტრის შემოვლით უხდებოდა სახლში მისვლა, _ამბობს ნ. მ.
მისივე თქმით, 8 მარტს, გზაზე შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს მოკლული ირაკლი ტარიელაძე და ს. მ. _ წალაპარაკდნენ. წავიდა გარდაცვლილი, შემდეგ მიეპარა საჭესთან მჯდომ ს. მ.-ს და თავის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სასიკვდილოდ გაიმეტა. მას ჩაუტარდა უმძიმესი ოპერაცია _ შეგიძლიათ გამოითხოვოთ მასალები სამედიცინო ცენტრიდან. ამის შემდეგ ჩვენმა მხარემ საჭიროდ ჩათვალა, თავი მოეყარა ოჯახის ახლობელი ადამიანებისთვის, ჭკუასაკითხავი ხალხისთვის სოფელში, რომელთაც ამ ორ მხარეს შორის საერთო და კარგი ნაცნობობა აკავშირებდათ. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი თანაცხოვრების მიზნით შეხვდნენ მეორე მხარის ამ ხალხს. მე ვფიქრობ, რომ ამაში ცუდი არაფერი არ არის. ამ ადამიანების მიზანი იყო, შეესრულებინათ მხოლოდ მედიატორის როლი. სთხოვდნენ, რომ ტარიელაძე დროებით განრიდებოდა იქაურობას. ამაზე მისმა მხარემ თანხმობა განაცხადა, მაგრამ რამდენიმე დღეში შეგვატყობინეს, რომ ოჯახის დიასახლისი და თავად ირაკლი ამის სასტიკი წინააღმდეგი იყვნენ.
მინდა გითხრათ, რომ დაპირისპირების გამო წუხილს თავად მეორე მხარეც განიცდიდა _ ამის შემდეგ ტარიელაძე ჩამოვიდა სოფელში, გადაწია ღობე და დატოვა მდინარესთან მისასვლელი გზა, რასაც ითხოვდა სამეზობლო.
რაც შეეხება ჩემს ძმას, ეს, რა თქმა უნდა ადვილი არ იყო, მაგრამ საკუთარ თავში მოძებნა ძალა ოჯახის, საქმის სიყვარულიდან, პასუხისმგებლობიდან გამომდინარე და აღარ გააღრმავა კონფლიქტი.
ძალიან ვწუხვარ, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრებისგან წამოსული ბრალდებები აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა, რადგან მდგომარეობა არ აძლევთ იმის უფლებას, რომ ილაპარაკონ ყველაფერი, რაც პირზე მოადგებათ. უკმაყოფილო ვარ ტელევიზიების მიერ გაშუქებული სიუჟეტებით, ვხედავ არაპროფესიონალურ დამოკიდებულებას, რადგან მხოლოდ და მხოლოდ ცალმხრივი ინტერვიუებით შემოიფარგლებიან _ არ დაინტერესებულან მეორე მხარის არგუმენტებით, არ გაჩენიათ სურვილი, გამოეთხოვათ ობიექტური მასალები, აეღოთ ინტერვიუები მეზობლებისგან. მეუფლება განცდა, რომ მიკერძოებული დამოკიდებულებაა საკითხის მიმართ.
რაც შეეხება გაჟღერებულ დ. კ.-ს თემას, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, იმ დროს, როდესაც მკვლელობა მოხდა, იგი იმყოფებოდა “ზვანის“ თხილის ქარხანაში. არსებობს უამრავი ცოცხალი მოწმე _ ქარხნის ხელმძღვანელობიდან დაწყებული მუშა პერსონალით დამთავრებული, რომლებთანაც შეგიძლიათ ინფორმაციის დაზუსტება. ამავე დროს, ქარხნის მოპირდაპირე მხარეს არის მაღაზია, რომელიც აღჭურვილია ვიდეოთვალით. შეგიძლიათ ჩანაწერების გადამოწმება, _ ამბობს ნ. მ.
ნ.მ. თავის ძმასთან დაკავშირებით ასევე ამბობს, რომ წარმოუდგენელია, ადამიანმა ჩაიდინოს ასეთი დანაშაული, როცა მეორე დღეს, დილით სოფლის ცენტრში ტაძრის ფუნდამენტი უნდა ჩაყრილიყო მისი თაოსნობით:
_ მისი წინა დღის ყველა სატელეფონო ზარი უკავშირდება ტაძრის აშენების მოსამზადებელ სამუშაოებს. რამდენიმე წელია, ჩემი ძმა ცდილობს ამ ეკლესიის აშენებას, რა თქმა უნდა, სხვა ადამიანებთან ერთად. ითხოვდა შემოწირულობებს, გახსნილია საბანკო ანგარიში მამაოს სახელზე და ა. შ. ეს რეალობაა. ასევე, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეს ინფორმაცია ხალხში, მთელ სოფელში. სამწუხაროა, რომ ამ უბედური შემთხვევით ცდილობს ზოგიერთი ადამიანი ისარგებლოს და პოლიტიკურ ასპექტში გადაიტანოს ეს თემა. ს. მ. არასოდეს ყოფილა პოლიტიკაში ჩართული, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ცხოვრობს, საკუთარი შრომით მოწვეულ ლუკმას აჭმევს საკუთარ შვილებს და მთელმა სოფელმა, რაიონმა იცის, ვინც იცნობს, რომ ის მცირედი, რაც გააჩნია, ოფლით ააქვს მოპოვებული. ადამიანის სიკვდილი ტრაგედია, მაგრამ, არანაკლებ ტრავმირებულია მისი ოჯახი. ჩვენ ვართ კანონმორჩილი ადამიანები და დიდი იმედით ველოდებით გამოძიებას. პოლიცია პირველივე დღიდან ყველაფერს აკეთებს ორივე მხარის მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ვიმედოვნებ, რომ აუცილებლად მოეფინება ნათელი ამ საქმეს და დაისჯება დამნაშავე.
“გურია ნიუსმა“ მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს არჩილ ყაზაიშვილს, მოეწოდებინა ინფორმაცია გაჟღერებული აუქციონის შესახებ:
არჩილ ყაზაიშვილი: _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მცხოვრებმა ტარიელაძეებმა 2015 წელს მომართეს (ზეპირად) მუნიციპალიტეტს და ითხოვდნენ, მათ მიერ მრავალწლიანი იჯარით აღებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთში მრავალწლიანი ხეების მოჭრას.
მოქალაქეებს განემარტათ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სასტიკი წინააღმდეგია არსებულ ტერიტორიაზე თუნდაც ერთი ხის მოჭრისა. ამავდროულად, ვინაიდან მიწა წარმოადგენს სახელმწიფო ქონებას, მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში არ შედიოდა შესაბამისი ნებართვის გაცემა.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ საჯარო აუქციონებს, გაცნობებთ, რომ არც ერთ მათგანში ტარიელაძეების ოჯახს მონაწილეობა არ მიუღია, _ამბობს ყაზაიშვილი.
შსს, პრესსამსახურში მხოლოდ ერთი პასუხი აქვთ: _ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.