სამდღიანი გადაუღებელი წვიმის და ძლიერი ქარის შედეგად გურიაში დაზიანდა და წაღებულია შიდა სასოფლო გზები, გაბიონები, ხიდები და მილ-ხიდები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, განვითარდა მეწყრული პროცესები.
ქარიშხალმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის რამდენიმე სოფელში. სამტრედია-ჩოხატაურის გზაზე, საჯავახოს მონაკვეთზე, 16 ოქტომბერს 3 ადგილზე ჩამოწვა მეწყერი, რამაც მოძრაობა რამდენიმე საათით შეაფერხა. ამავე დღეს შეფერხებები იყო ოზურგეთი-ჩოხატაურის ცენტრალურ გზაზე, სადაც მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და გზა სრულად დაფარა.
მეწყერული პროცესები განვითარდა ჩოხატაურის რამდენიმე სოფელში. ყველაზე რთული მდგომარეობა სურებსა და ზოტში იყო.
16 ოქტომბერს, სურებში მთის დიდი ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც სოფელი რაიონულ ცენტრს მოწყდა. გზის გაწმენდა იმავე საღამოს მოხერხდა, თუმცა სურებში მეწყრული პროცესები ახლაც მიმდინარეობს, რომელიც ამ კვირაში გეოლოგებმა უნდა შეისწავლონ.
სტიქიამ სერიოზული პრობლემები შემქნა სოფელ ზოტშიც 16-17 ოქტომბერს მეწყერი რამდენჯერმე განვითარდა, რის გამოც ზოტი გარესამყაროს მოწყდა.
ადიდებულმა გუბაზეულმა ხუთი ხიდი წაიღო ნაბეღლავსა და ხევში. თითქმის ყველა სოფელში განადგურდა შიდა საუბნო გზები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.
სოფელ ბუკისციხეში, ერთი წლის წინ გაკეთებული გზა ისევ ჩავარდა.
წყალი შევიდა რამდენიმე თვის წინ გახსნილ ხიდისთავის საბავშვო ბაღში; სოფელ ნაბეღლავში 2015 წელს გაკეთებული ჯებირი წყალმა მოხეთქა და კალანდაძეების საცხოვრებელ სახლს საფრთხე შეუქმნა. ქვენობანში 5 ჰექტარზე მეტი საყანე ფართობი დაიტბორა.
დაიტბორა დაბა ჩოხატაურის გზები, წყლის სადგური, რის გამოც ჩოხატაურს ორი დღის განმავლობაში წყლის მიწოდება შეწყვეტილი ჰქონდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, წითელმთის მონაკვეთზე ადიდებულიმა მდინარე ბჟუჟმა საფრთხე შეუქმნა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს. ცხემლისხიდში, მდინარე ნატანებმა ნაპირსამაგრი გაბიონი მოარღვია. ჭარბი ნალექიანობის გამო, მდინარეების აჭის წყლისა და ბჟუჟის კალაპოტებში წყლის დონის მატებამ ვეღარ უზრუნველყო ჩამდინარე პატარა მდინარეების ნაკადის მიღება, რის გამოც მცირე ხნით ქალაქ ოზურგეთში მოძრაობა შეფერხდა. გზები დაზიანდა ლანჩხუთის თითქმის ყველა სოფელში. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და საყანე ფართობები. დაზიანებულია და წაღებულია ხიდები. განვითარდა მეწყერული პროცესები ლანჩხუთის სოფლებში: აკეთში, აცანაში, ნიგვზიანში, მამათსა და ნინოშვილში. ლანჩხუთში ქარმა დაახლოებით 40 საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. სოფელ სუფსაში დაიბტორა საბავშვო ბაღისა და სკოლის პირველი სართულები.
რთული მდგომარეობა შეიქმნა ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც სოფელი ჭინათი მთლიანად მოწყდა სოფლის ადმინისტრაციულ ცენტრს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში ჩამოწოლილმა მეწყერმა ალეკო ჩხაიძის კაპიტალური შენობა მთლიანად დაანგრია; ჯიჯიეშვილების უბანში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად საცხოვრებელ სახლებამდე მისასვლელი გზა მწყობრიდან გამოვიდა. სოფელში არაერთ ადგილას დაზიანებულია მილხიდები, სოფლის შიდა გზები.
ჯიჯიეშვილების უბანში ჩამოწოლილ მეწყერს ერთ-ერთ დაზარალებული თორნიკე ჯიჯიეშვილი გამოეხმაურა, მისი თქმით აქ მცხოვრები 11 ოჯახი ამ ტერიტორიაზე გახორციელებულმა გამაგრებითი სამუშაოების მილიონ-ნახევრიანმა პროექტმა უფრო დააზარალა და უარეს დღეში ჩააგდო.
„ამ პროექტით მხოლოდ სოფლის ცენტრი გამაგრდა შედარებით, მოსახლეობა კი განწირული დარჩა. აჰა, შედეგიც სახეზეა“, _ ამბობს დაზარალებული თორნიკე ჯიჯიეშვილი.
სტიქიამ ასევე სრულად წაიღო ოზურგეთი-აკეთის დამაკავშირებელი გზა.
ამ დროისთვის ზარალის ზუსტი ოდენობა ცნობილი არ არის, თუმცა, წინასწარი მონაცემებით რეგიონის მასშტაბით 10 მილიონს აღწევს.