სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ნინო ლომჯარია ოზურგეთში იმყოფებოდა. ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მან ისაუბრა თემაზე ფული და პოლიტიკა. შეხვედრის დაწყებამდე მან “გურია ნიუსის“ კითხვებს უპასუხა.
_ ქალბატონო ნინო, თქვენ ერთი წელი იყავით აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე. ახალდანიშნულ უფროსს ჰქონდა თუ არ შემოთავაზება დარჩენილიყავით აუდიტის სამსახურში?
_ შემოთავაზება არ ყოფილა. წამოსვლამდე, როდესაც ვისაუბრეთ, გაირკვა, რომ ახალ ხელმძღვანელს სხვა ტიპის მენეჯერებთან და გამოცდილების მქონე ადამიანებთან წარმოუდგენია აუდიტის სამსახურის მართვა. შესაბამისად, რთულად წარმომიდგენია, რა შემოთავაზება უნდა ყოფილიყო?
_ მაგალითად, იმავე პოსტზე?
_ არა, არ ყოფილა.
_ თქვენ იყავით არასამთავრობო ორგანიზაციის “სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე და წლების განმავლობაში აქტიურად იყავით ამ სექტორში, რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ საჯარო სტრუქტურაში გადასულიყავით…
_ აუდიტის სამსახური იყო ისეთი საჯარო უწყება, რომელსაც კონსტიტუციით ევალება პოლიტიკურად იყოს ნეიტრალური და რომელიც დაკავებულია ანტიკორუფციული საქმიანობით, საჯარო ფინანსების გამჭირვალობის უზრუნველყოფით და პარტიების დაფინანსების მონიტორინგით. ურთიერთობა აქვს პარლამენტთან, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან… ამ ტიპის საქმიანობას სხვა სექტორიდან მე უკვე ვაკეთებდი, უბრალოდ, სექტორი შევიცვალე, თორემ სამუშაოს ხასიათი არსებითად არ შემიცვლია. იმ ეტაპზე ამოვწურე ჩემი თავი არასამთავრობო სექტორში და ჩემი პროფესიული განვითარებისთვისაც საინტერესო და მნიშვნელოვან სფეროში გადავინაცვლე.
_ რამდენად თავისუფალი იყავით აუდიტის სამსახურში. იყო თუ არა ჩარევა გადაწყვეტილებების მიღებაში ან ხელისშემშლელი ფაქტორები?
_ ჩემთვის იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ვყოფილიყავი თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოუდგენელი იქნებოდა ჩემი ყოფნა აუდიტის სამსახურში. არაერთხელ მითქვამს, წინა აუდიტის სამსახურის უფროსისგან მქონდა სრული ნდობა საქმიანობაში და თავისუფლება გადაწყვეტილებების მიღების დროს. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებები თანხმდებოდა ერთობლივად და თვითნებურად არ ვმოქმედებდი, თუმცა, შემიძლია ვთქვა ნამდვილად შემეძლო გადაწყვეტილების მიღების დროს ჩემი ხედვისა და პოზიციის დაფიქსირება, ასევე, გავლენის მოხდენაც. არ მქონია არასდროზე შეგრძნება, რომ ვინმე ერეოდა ჩემს საქმიანობაში და ვინმე მზღუდავდა. აუდიტის სამსახურში დამხვდა წინ გადადგმული ძალიან ბევრი ნაბიჯი. ძალიან კარგი ახალგაზრდები და პროგრესული და ინოვაციური გუნდი, რომლებთანაც ერთად ვაკეთებდი საქმეს.
_ თქვენი აზრით, რადგან არ შემოგთავაზეს დარჩენა აუდიტის სამსახურში, „ჩაიკეტება“ თუ არა ეს უწყება?
_სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დამკვიდრებული იყო გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულობის ძალიან მაღალი სტანდარტი, რაც აღარებული იყო საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერაც. რთულად წარმომიდგენია, დღევანდელ დღეს ვინმემ აღნიშნული სტანდარტი დაბლა დაწიოს და აუდიტის სამსახური „ჩაიკეტოს“, რადგან ბუნებრივად სამსახურის პროდუქტებზე არსებობს ძალიან მაღალი მოთხოვნა მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციის და საზოგადოების მხრიდან.
_ სად გააგრძელებს მუშაობას ნინო ლომჯარია?
_ კონკრეტულ ადგილს და საქმიანობას ახლა ვერ გეტყვით და ვერ დავასახელებ. არის გარკვეული შემოთავაზებები და ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება საჯარო სივრცეს და საჯარო აქტიურობას, მათ შორის იმ თემებსაც, სადაც მე მიმუშავია, ეს იქნება ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, სამოქალაქო აქტივიზმი და ა.შ.
_ იხილება თუ არა თქვენი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოსტზე?
_ ჩემთვის ასეთ რამ ცნობილი არ არის.
_ ეს შემოთავაზებები ხელისუფლებისგან იყო თუ არასამთავრობო სექტორიდან?
_ რამდენიმე შემოთავაზება არსებობს და უბრალოდ, მე მჭირდება დრო, რომ გადაწყვეტილება მივიღო.