სამთავრობო ცვლილებების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ადგილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ დაიკავა. „გურია ნიუსი“ დაინტერესდა,აქვს თუ არა ახალ შინაგან საქმეთა მინისტრს, აღნიშნული პოსტის დასაკავებლად, შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება. გახარიას ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ დავადგინეთ, რომ მისი გამოცდილება სხვადასხვა პერიოდში მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკურ საქმიანობას უკავშირდება. გიორგი გახარიას ბიოგრაფიიდან განათლების, კვალიფიკაციასა და პროფესიული გამოცდილების ხაზი ასე გამოიყურება.
განათლება და კვალიფიკაცია
2002-2004 წწ-ში სწავლობდა მ.ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. უმაღლესი ბიზნეს სკოლა – ბიზნესის მართვის მაგისტრი (MBA)
1994-2000 წწ-ში – მ.ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტიში.
1992-1994 წწ-ში სწავლობდა ი.ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის ფაკულტეტზე.
სწავლობდა პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე _ მაგისტრის ხარისხი პოლიტოლოგიაში
პროფესიული გამოცდილება
27.11.2016–წლიდან 2017 წლის ნოემბრამდე იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე – ეკონომიკური საბჭოს მდივანი;
2013 წლის მარტიდან 2016 წლის ივლისამდე _ საქართველოს ბიზნესომბუდსმენი;
2008 წლის ნოემბრიდან 2013 წლის თებერვლამდე – Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში;
2006 წლის სექტემბრიდან 2009 წლის მაისამდე – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწევეული ლექტორი;
2004 წლის მაისიდან 2008 წლის ნოემბრამდე იყო SFK Group – გენერალური დირექტორი;
„გურია ნიუსი“ დაინტერესდა რას ფიქრობენ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის კვალიფიკაციაზე. ამ საკითხზე სასაუბროდ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი ვოლსკისა და ,,ევროპული საქართველოს „წევრს სერგი კაპანაძეს ვესაუბრეთ.
გიორგი ვოლსკის თქმით, გახარია არის პიროვნება, რომელსაც შეიძლება ენდო.
გახარიას საკმაოდ სერიოზული ხარისხი აქვს პოლიტიკურ მეცნიერებაში. ის არის კარგი პოლიტიკოსი, მთავრობის წევრი და შესანიშნავი მენეჯერი. გამორიცხულია, რომ მთავრობის რომელიმე წევრმა ზედმიწევნით არ იცოდეს სხვადასხვა მომიჯნავე დარგში არსებული მდგომარეობა. გიორგი მღებრიშვილსა და გიორგი გახარიას აუცილებლად ექნებათ ყველა დეტალთან დაკავშირებით საქმიანი განხილვა. შშს-ს ახალი მინისტრი გიორგი გახარია არის პიროვნება, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო და ენდო. პატრიოტი და მაღალი დონის პროფესიონალია. მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი ამ სფეროშიც გამოდგება და ყველაფერს გააკეთებს ჩვენი უსაფრთხოებისთვის.
სერგი კაპანაძის თქმით კი, გიორგი გახარია არსდროს ყოფილა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ფიგურა და ის ბიძინა ივანიშვილთან სიახლოვის გამო დააწინაურეს.
ერთი მხრივ, როცა მინისტრი ინიშნება ასეთ საპასუხისმგებლო პოსტზე მნიშვნელოვანია, რომ იყოს პოლიტიკური ფიგურა, რათა პოლიტიკური პასუხისმგებლობის ტვირთი აიღოს, რასაც გახარიაზე ვერ ვიტყვით. ის არასდროს ყოფილა ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკური ფიგურა. მეორე მხრივ, ასეთი თანამდებობის პირი შეიძლება იყოს პროფესიული გამოცდილების მქონე და როგორც ვიცი, მას ეს კვალიფიკაციაც არ გააჩნია, რადგან არც იურიდიულ საკითხებზე უმუშავია და არც სასჯელაღსრულების სტრუქტურაში. ნათელია, რომ გახარია ახლოს არის ივანიშვილთან, ამიტომ დაწინაურდა ამ პოსტებზე. როგორც ჩანს, ივანიშვილმა ძალოვანი სტრუქტურის უკეთ მართვა განიძრახა.