საქართველოში საგარეო ვალი ყოველწლიურად იზრდება. მისთვის რომ უკეთ დავინახოთ სხვადასხვა ხელისუფლების მიერ აღებული ვალი გთავაზობთ ვიზუალიზაციას:
ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პირობებში ქვეყნის საგარეო ვალი 1999 -2003 წწ-ში – 2,861,026.7 00 აშშ დოლარი იყო.
,,ნაციონალური მოძრაობის“ დროს ქვეყნის საგარეო ვალი 2003 – 2012 წწ-ში – 13,287,406. 5 00 აშშ დოლარი ხდება.
,,ქართული ოცნების“ პირობებში ანუ 2012 -2017წწ-ში ( 30 ივნისის მდგომარეობით) საგარეო ვალმა 16.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
ვინ უნდა გაისტუმროს სხვადასხვა ხელისუფლების მიერ დატოვებული საგარეო ვალი და ზოგადად, რა პრობლემის შემცველია საქართველოსთვის ამ რაოდენობით ვალის არსებობა. ,,გურია ნიუსი“ ამ თემაზე სასაუბროდ საპარლამენტო უმცირესობის წევრს სერგი კაპანაძეს და ეკონომისტ ოთარ ხუფენიას დავუკავშირდა.
,,ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის გაცხადებით, საქართველოს ვალის გადახდის სახსრები არ გააჩნია. მისი თქმით, საქართველოში ვალის ზრდის ტენდენცია შემაშფოთებელია.
„ვალის გასტუმრებას სჭირდება სახსრები, რომელიც ჩვენს ქვეყნას არ გააჩნია. დიდი და ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებში ვალი შეიძლება ასცდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს და 100%-მდეც მიაღწიოს, რაც ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ დიდი რაოდენობით საგარეო ვალის აღება პრობლემაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ აქვთ განვითარებული ეკონომიკა. საქართველოში ტენდენცია არის შემაშფოთებელი. 5 წლის განმავლობაში, მინიმუმ, 10 პუნქტით გაიზარდა ვალი. რიცხვებს კი არა აქვს დიდი მნიშვნელობა, თუ რამდენით გაიზრდება, არამედ მნიშვნელოვანი როგორი მიმართებით არის შიდა პროდუქტთან და რა ტენდენციით იზრდება საგარეო ვალი.
ეკონომისტი ოთარ ხუფენიას გაცხადებით, საქართველოსთვის საგარეო ვალის ზრდა საფრთხის შემცველი არ არის. მისი თქმით, საგარეო ვალის ჯამური ციფრებით მანიპულაციები უფრო პოლიტიკურ თამაშებს უკავშირდება და სახელმწიფოს განვითარების ობიექტურ ანალიზს.
“ბევრი სახელმწიფოსთვის განვითარებადი თუ განვითარებულისთვის საგარეო ვალის მომსახურება დაძლევადი ამოცანაა. ვერ ვიხსენებ ბოლო პერიოდში, საბერძნეთის გარდა, რომელიმე სახელმწიფო ამ მიზეზით კატასტროფის წინაშე დამდგარიყოს. საგარეო ვალის ჯამური ციფრებით მანიპულაციები უფრო პოლიტიკური თამაშების სფეროა და არა, ზოგადად, სახელმწიფოს განვითარების შუქ-ჩრდილების ობიექტური ანალიზი. მრავალთაგან, ერთ ზოგად კანონზომიერებაზე მივანიშნებ პატივცემულ მკითხველს _ სახელმწიფო ვალებს იღებს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ისინი სახელმწიფოს გადახდისუნარიანობის რისკებს მაღალ კვალიფიციურად აფასებენ! მეტსაც ვიტყოდი, თუ საქართველო შეძლებს დამატებითი სესხების აღებას და მას მიმართავს ეკონომიკის რეალური სექტორის ეფექტიანი განვითარებისათვის, უფრო სწრაფად დავძლევთ უმწვავეს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს. განვითარებული სახელმწიფოები (მაგალითად, აშშ) ამ მექანიზმს წარმატებით იყენებენ. საგარეო ვალს ეფექტიანი გამოყენება სჭირდება, რაც, უპირველეს ყოვლისა, მთლიანი შიდა პროდუქტისა და ბიუჯეტის ზრდაში უნდა აისახოს. თუ ამას მივაღწევთ, პროგრესიც მიღწევადია! რაც შეეხება „ზიანის მოტანას“, ქვეყნის ზიანი პირდაპირ პროპორციულია ქარს გატანებული მილიარდებისა, რაშიც დასაკვეხნი არაფერი გვაქვს”.