„სახელფასო დანამატის ზღვრული ოდენობა, ვერ გადააჭარბებს წლიური თანამდებობრივი სარგოს 20%-ს, ხოლო ფულადი ჯილდოს შემთხვევაში წლიური ანაზღაურების 10%,“-განაცხადა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკა ქარდავამ პარლამენტის სხდომაზე, სადაც პირველი მოსმენით საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს.
საუბარია დანამატისა და ე.წ. ჯილდოს გაცემაზე.
საპარლამენტო უმრავლესობაში პოზიციები ამ ეტაპზე შეთანხმებული არ არის.
გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დეპუტატების რანგირების წინააღმდეგია.
„მოვითხოვე, რომ რანგირებით რიგითი პარლამენტარი იყოს გათანაბრებული და დანარჩენებს ანაზღაურება მიეცეთ სარგოს საშუალებით. რანგირებით ხალხის არჩეული ადამიანები ასე არ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან,“-აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ რეგულაციის მიღმა რჩებიან ძალოვანი უწყებები, რაც მათ ანაზღაურებას უკონტროლოდ ტოვებს.
„დიდი ნაწილი ამ კანონის მიღმა რჩება. ეს არის ძალოვანი სტრუქტურები და გამომდინარე იქიდან, რომ ისევ გამონაკლისში მოხვდება მაგალითად მთავარი პროკურატურა, ეს ნიშნავს, იმას, რომ კახეთის პროკურორმა შეიძლება ისევ წელიწადში 23 პრემია მიიღოს,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა.