უკვე ცნობილია, ვინ იქნება ოზურგეთის ვიცე-მერი _ ამ პოსტს ირაკლი სირაძე დაიკავებს. ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის, ვინ იქნებიან კონსტანტინე შარაშენიძის მოადგილეები.
თუმცა, უკვე მიდის საუბარი იმაზე, რომ ერთ-ერთი მოადგილე ალეკო მამეშვილი იქნება, რომელიც 2011 -2012 წლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.
მან თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც კონსტანტინე შარაშენიძე გამგებელი გახდა, მიზეზად კი ახალი პოლიტიკური რეალობა დაასახელა.
შარაშენიძე და მამეშვილი ბავშვობის მეგობრები და კლასელები არიან, თუმცა, ურთიერთობა მაშინ დაეძაბათ, როცა მამეშვილი იძულებული გახდა, თანამდებობიდან გადამდგარიყო, თანაც, საკმაოდ ხმაურიანად _ მან წასვლის წინ საგანგებო განცხადება გაავრცელა და შარაშენიძეს ზეწოლაშიც დადო ბრალი.
ამის შემდეგ მამეშვილს პოლიტიკური ტაიმ-აუტი ჰქონდა. „სცენაზე“ გასულ წელს, პაატა ბურჭულაძესთან ერთად გამოჩნდა და მოგვიანებით, მასთან ერთად „გაქრა“.
ახლა კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ისევ პოლიტიკურ სცენაზეა და თუ შარაშენიძის გუნდის წევრებს დავუჯერებთ, მერის მოადგილის პოსტის დასაკავებლად ემზადება.
_ არანაირი კონკრეტული შემოთავაზება არ მქონია ბატონი კოტესგან. მე ვმუშაობ ეკონომიკური და აგრობიზნესის კითხით. თუ დასჭირდება ახალარჩეულ მერს ჩემი გამოცდილება, მე მზად ვარ, რომ მის გვერდით ვიყო, _ამბობს მამეშვილი, რომელიც შარაშენიძესთან წარსულ უთანხმოებას არ უარყოფს:
_ ამ ეტაპზე მივიღე გადაწვეტილება, რომ კოტეს გვერდით ვყოფილიყავი. ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ, _ აღნიშნავს მამეშვილი, რომლის პოლიტიკური წარსული ბევრ კითხვას ტოვებს.
ყველაზე მძიმე კი პოლიტიკური ანგარიშსწორებაა, რომელიც მისი საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს ოზურგეთში გახორციელდა.
მაშინ ბრალდებას მაშინ მხოლოდ ერთი მამხილებელი საბუთი _ ამ საქმის გახსნის მთავარი გმირის, ა(ა)იპ დასუფთავების სამსახურის უფროსის, მერაბ კურდღელაშვილის აღიარებითი ჩვენება დაედო საფუძვლად. ვერავინ იპოვა ის ხელშეკრულება, რომელიც თითქოს ტაკიძემ, გამოძიების მტკიცებით ქრთამის სანაცვლოდ გააფორმა კურდღელაშვილთან. თუმცა, ჟურნალისტებმა სულ ადვილად დაადგინეს, რომ არასამეწარმეო იურიდიული პირების ხელმძღვანელებთან ხელშეკრულებებს არა გამგებელი, არამედ საკრებულოს თავმჯდომარე აფორმებდა. მართალია, მოგვიანებით ტაკიძემ ბრალი აღიარა და მასთან საპროცესო შეთანხმებაც გაფორმდა, თუმცა, ამ აღიარების დღემდე არავის სჯერა. სამაგიეროდ სჯერათ, რომ ამ ამბიდან ძალიან სუფთად “გამოძვრა” ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეიშვილი, რომელსაც ტაკიძის შესახებ ერთი კარგი სიტყვის თქმაც კი დაენანა.
ამ ბრძანებამ დღის სინათლე მას შემდეგ ნახა, რაც 2012 წლის 12 მარტს, კონტროლის პალატამ მაშინ ოპოზიციაში მყოფი „ქართული ოცნების“ მომხრეები გამგეობის შენობებში დაიბარა და ეგზეკუცია მოაწყო.
იმ დროს ჩოხატაურისა და ოზურგეთის გამგეობებში ადამიანებს ტანსაცმელსაც კი ხდიდნენ დაკითხვაზე შესვლამდე, ჟურნალისტებს კი, შენობაში შესვლა საერთოდ აუკრძალეს.
მას შემდეგ, რაც აღნიშნული ფაქტი „გურია ნიუსმა“ გააპროტესტა, 13 მარტით დათარიღებული ბრძანებაც გამოჩნდა, რომლის საფუძველზეც ჟურნალისტებს ადმინისტრაციულ შენობაში თავისუფლად გადაადგილების საშუალება შეგვიზღუდეს.
ეს ბრძანება ჩვენმა მედიასახლმა სასამართლოში გაასაჩივრა და სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოუწია მამეშვილს უკანონო ბრძანების გაუქმება.
მას დღეს ამ თემაზე საუბარი არ სურს და კითხვაზე, როგორ გაიხსენებდა იმ დღეებს, როცა ცივ ზამთარში, მუხლამდე თოვლში, შენობის გარეთ გვიწევდა ყოფნა და მისი ბრძანებით დაცვა კიბეებზეც არ გვაჩერებდა ასე გვპასუხობს:
_ ეს რა მოსატანია ახლა?! თურმე, მუხლამდე თოვლში იდექით! რა მიდგომებია?! მე ვმუშაობ კერძო სექტორში. ნებისმიერი საკითხის გასარკვევად შეგიძლიათ მოხვიდეთ და გავაგრძელოთ ურთიერთობა, ყოველგვარი ბარიერის გარეშე, _ აღნიშნავს მამიშვილი, რომელიც დღე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობასაც უარყოფს.
_ ბატონო ალეკო, თქვენ იყავით “ნაციონალური მოძრაობის“ მხარადმჭერი და იმ პერიოდში მაღალი თანამდებობის პირი. მერის მოადგილის პოსტზე თქვენი დანიშვნა გამოიწვევს თუ არა საზოგადოების უკმაყოფილებას და ხომ არ ფიქრობთ რომ ამით შარაშენიძისა და თქვენი, ანუ ყოფილი “ნაციონალების“ ერთად ყოფნა საბოლოოდ დადასტურდება?
_ რაც შეეხებება “ნაციონალებს“, მე არასდროს არ ვყოფილვარ პარტიის თავმჯდომარე და არც წევრი _ ვიყავი მაღალი თანამდებობის პირი. რაც შეეხება კოტესთან ჩემს ურთიერთობას, ჩემი საქმიანობის გამოცდილებით, თუნდაც, საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს, ვფიქრობ, რომ შემიძლია გვერდში დავუდგე და მზად ვარ ამისთვის, _ განმარტავს მამეშვილი.
ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე ამბობს, რომ ალეკო მამეშვილი მისი მოადგილე არ იქნება, თუმცა, აღნიშნავს რომ ბავშვობის მეგობართან კოორდინაციაში ყოფნას აპირებს:
_ ალეკოს აქვს არასამთვრობო ორგანიზაცია, რომელთანაც კოორდინაციაში ვიქნებით. იგი სხვადასხვა პროექტების გახორციელებისა და სოფლის მეურნეობის კუთხით დამიდგება გვერდში, _ გვითხრა შარაშენიძემ.
ერთი სიტყვით, 2012 წელს კაბინეტებში „ანგელოზები იჯდნენ“ და „ერთ-ერთი ანგელოზი“, სავარაუდოდ ისევ დაბრუნდება ხელისუფლებაში.