საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგისა და ლიგა 3-ის ქვედა ჯგუფის გათამაშება დასრულდა. დარჩა მხოლოდ ორი საპლეიოფო მატჩი, რომლის წილისყრაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 23 ნოემბერს გაიმართა.
წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ ლიგა 3-ის საგზურისთვის 27 ნოემბერს, სამტრედიაში ერთმანეთს შეხვდებიან ზესტაფონის „მარგვეთი“ და წყალტუბოს „სამგურალი 2“, ხოლო 28 ნოემბერს, გორის „ქართლის“ სტადიონზე – დუშეთის „არაგვი“ და წალენჯიხის „სქური“.
რეგიონული ლიგაში წარმატებას მიაღწიეს ჩოხატაურის „ბახმარომ“, რომელმაც ა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ხელვაჩაურის „მაჭახელამ“, თბილისის „საბურთალო 2-მა“ და თბილისის „ვარკეთილმა“.
ლიგიდან გავარდნილების ვინაობა ასეთია: ზუგდიდის „ოდიში 2“, გურჯაანის „ალაზანი“ და ახალქალაქის „აბული“. მათ ადგილს ღია ლიგის გამარჯვებულები – ბათუმის „მეტა“, თბილისის „სპაერი“ და „თბილისი“ დაიკავებენ.
ლიგა 3-დან კი ოთხი კლუბი დაქვეითდა: თერჯოლის „საპოვნელა“, ცხინვალის „ლიახვი“, ხარაგაულის „ჩხერიმელა“ და ზუგდიდის „ოდიში 1919“.
ბოლო ტური გადამწყვეტი იქნება ეროვნულ ლიგაში. ჩემპიონობისთვის ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და ქუთაისის „ტორპედო“ შეხვდებიან.
35-ე ტურში უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა თბილისის „დინამომ“. დედაქალაქურ დერბიში დინამოელები „საბურთალოს“ დაუპირისპირდნენ და ფრედ 0:0 ითამაშეს. მოპოვებული ქულით „საბურთალომ“ მეოთხე ადგილი გაინაღდა და იმ შემთხვევაში თუ საქართველოს თასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო“ გახდება არსებობის განმავლობაში პირველად თბილისური კლუბი ევროტურნირებზე იასპარეზებს.
უშუალო კონკურენტის წარუმატებელი თამაშით ისარგებლა ქუთაისის „ტორპედომ“ და არსებული ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. ქუთაისელებმა საკუთარ მოედანზე ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლეს და მეტოქე დამაჯერებლად, ანგარიშით 2:0 დაამარცხეს.
გარკვეულია ის გუნდიც რომელიც ეროვნულ ლიგას დაემშვიდობება. ქობულეთის „შუქურამ“ გათამაშებაში 21 ქულა დააგროვა და მომდევნო სეზონს ლიგა სამში დაიწყებს. გადასარჩენად კი „დინამო“ ბათუმი და „კოლხეთი 1913“ იბრძოლებენ.
ეროვნულ ლიგა 2-ში ჩემპიონი რუსთავის „რუსთავი“ გახდა, ხოლო აღზევდებიან თუ არა ზედა ლიგაში ამას მარტვილის „მერანი“ და ბოლნისის „სიონი“ პლეიოფში გაარკვევენ.
დაძაბული სიტუაციაა ცხრილის ქვედა ნაწილში, საპლეიოფო ზონიდან თავის დაღწევის თანაბარი შანსი აქვთ ლანჩხუთის „გურიას“ და ცხინვალის „ცხინვალს“. ისინი 37-37 ქულით მეშვიდე მერვე ადგილს იყოფენ. გასარკვევია ასევე ვინ დაემშვიდობება ეროვნულ ლიგა ორს პირდაპირ ზუგდიდის „ზუგდიდი“ თუ ტყიბულის „მეშახტე“.
ლიგა 2 ბოლო ტური 25 ნოემბერს გაიმართება.