“მინდა გამოვხატო უპირობო მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ” _ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინელ კოლეგასთან ვოლოდიმირ გროისმანთან შეხვდრისას.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, საუბრის მთავარი თემები იყო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, ეკონომიკური კავშირების გააქტიურება და ორი ქვეყნის საერთო ევროპული მისწრაფებები იყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანს ოფიციალური ვიზიტისა და “აბრეშუმის გზის ფორუმში” მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
“ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოგესალმებით საქართველოში. მინდა, მივესალმო თქვენს პირველ ოფიციალურ ვიზიტს და მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ მონაწილეობთ “აბრეშუმის გზის ფორუმში”. მინდა, ასევე ხაზი გავუსვა საქართველოსა და უკრაინას შორის ბოლო პერიოდში მზარდ დინამიკას, ასევე მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო უკრაინის პრეზიდენტის წარმატებული ვიზიტი, რომელიც ახლო წარსულში შედგა და ასევე ხაზი გავუსვა ჩვენი ქვეყნების ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მნიშვნელობას. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო უპირობო მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ჩვენი მხრიდან გვსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი თანმიმდევრული პოზიციის გამო საქართველოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ძვირფასო მეგობარო ვოლოდიმირ, მოგესალმებით საქართველოში”, – მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინელ კოლეგას.
თავის მხრივ, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მაღალ დონეს გაუსვა ხაზი:
“მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო ბატონი პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და ჩვენი თანამშრომლობის მაღალი დონე. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ვიზიტი იქნება მორიგი ნაბიჯი ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისკენ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ასევე აღვნიშნო ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი“,- აღნიშნა ვოლოდიმირ გროისმანმა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით, საქართველოს გუშინ ეწვია, ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ გროისმანი შეხვედრას, საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ქალაქ თბილისის მერთან გამართავს.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოს 28 ნოემბერს დატოვებს.