„ცალკეულ ტერიტორიებზე ან ორგანიზაციებში ისეთი კრიზისული ვითარება, რომელიც ხასიათდება მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების ნორმალური პირობების დარღვევით, გამოწვეულია კატასტროფით, მასშტაბური სამრეწველო ავარიით, ხანძრით, სტიქიური უბედურებით, ეპიდემიით, ეპიზოოტიით, ეპიფიტოტიით ან საბრძოლო საშუალებების გამოყენებით და რომელიც საფრთხეს უქმნის ან/და შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოსახლეობის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, იწვევს ან შეიძლება გამოიწვიოს მსხვერპლი, ადამიანთა დაშავება ან/და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი“, _ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე ასეა განმარტებული საგანგებო სიტუციები, რომელიც მიმდინარე წლების განმავლობაში ძალიან ხშირად იქმნება ჩვენს ქვეყანაში.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული ჩამონათვალიდან მასშტაბურობით ხანძრები გამოირჩევა, რომლის ჩასაქრობად მეხანძრე-მაშველებს ზოგჯერ რამდენიმე კვირაც კი სჭირდებათ.
მიმდინარე წელს, საქართველოში, ტყეებსა და ბაზრობებზე გაჩენილი ხანძრების პარალელურად არა ერთი განცხადება გაკეთდა იმის შესახებ, რომ ჩვენი მაშველები გმირები არიან:
„ისინი მუშაობდნენ და მუშაობენ იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ უსაფრთხოდ. მუშაობენ საკუთარი სიცოცხლის ფასად და არაადამიანურ პირობებში“.
ეს რომ მართლაც ასეა, „გურია ნიუსის“ მიერ გადაღებული კადრებითაც მტკიცდება _ მაშინ როცა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობის ყოველთვიური გასამრჯელო ათასობით ლარს შეადგენს, რიგითი თანამშრომლების ანაზღაურება 500-800 ლარის ფარგლებში მერყეობს.
ეს იმ დროს, როცა მათ 24-საათიანი მორიგეობა უწევთ და ადამიანების დასახმარებლად დახეული ფეხსაცმელებითაც კი დადიან.
როგორც გავარკვიეთ, ჩოხატაურის სამაშველო სამსახურის 24 თანამშრომლიდან აღჭურვილობა ნახევარსაც კი არ აქვს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მათთვის ფეხსაცმელიც კი ვერ გაიმეტა _ 24 მაშველიდან ჩექმა, რომელთა უმეტესობა უკვე დახეულია, მხოლოდ 10 მაშველს აქვს (საუბარია ჩვეულებრივ, სამხედრო ჩექმაზე).
ამ თემაზე ისინი ღიად არ საუბრობენ _ ზემდგომიდან მიღებული მითითებების თანახმად, მათ შენობაში შესვლის უფლება არ მოგცეს, თუმცა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ გადაგვეღო, რა პირობებში უწევთ ჩოხატაურელ მაშველებს მუშაობა.
2015 წელს, სტატიის _ „მაშველები, რომლებიც სასწრაფოდ შველას საჭიროებენ“, „გურია ნიუსში“ გამოქვეყნების შემდეგ, სადაც საუბარი იყო იმ ადამიანურ პირობებზე და ავარიულ შენობაზე, რომელშიც ჩვენი დროის თანამედროვე გმირებს მუშაობა უწევდათ, მათ შენობა გამოუცვალეს.
თუმცა, ახალი თავშესაფარი ბევრად უკეთესი ნამდვილად არ არის _ მაშველებს არც სააბაზანო აქვთ, არც ნორმალური საპირფარეშო და არც ნორმალური საცხოვრისი.
თუმცა, როგორც გავიგეთ, მათთვის ამაზე მძიმე მოსახლეობის საყვედურებია იმის გამო, რომ გამოძახებაზე დაგვიანებით მიდიან ხოლმე.
_ ვიცით, რომ მართლები არიან _ მათ დროულად სჭირდებათ შველა, მაგრამ დაგვიანება ჩვენი ბრალი არ არის. არ ვიცით, ეს როგორ უნდა ავუხსნათ. გაჭირვებაში მყოფ ადამიანს არ აინტერესებს, რომ ჩვენი მანქანები მოძველებულია, რომ ხშირად გზაშიც კი ფუჭდება, _ აღნიშნა ჩვენთან პირად საუბარში ერთ-ერთმა მაშველმა.
გაუმართავი, საბჭოთა კავშირის დროინდელი სახანძრო მანქანები რომ პრობლემაა ამაზე „გურია ნიუსი“ არაერთხელ წერდა.
უფრო მეტიც, 2015 წლის მაისში, გურიაში ჩამოსულ პრემიერს „გურია ნიუსმა“ იმ პრობლემების ჩამონათვალი მიაწოდა, რომელიც რეგიონის მუნიციპალიტეტებს აწუხებთ და რომლის მოგვარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.
ჩვენთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ მთავრობისგან „მაქსიმალური ხელშეწყობა“ იქნებოდა.
კითხვაზე, ფლობდა თუ არა ინფორმაციას გურიის მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების შესახებ, იცოდა თუ არა, რომ ჩოხატაურში სახანძრო მანქანების ავარიულობის გამო, იმავე წელს 5 სახლი დაიწვა, გვიპასუხა:
„ჩემი დავალებით ჩვენ დავამუშავეთ პროექტი და მთელი საქართველოს მასშტაბით წელსვე დავიწყებთ სახანძრო მანქანების შესყიდვას. ლიზინგით ავიღებთ ამ მანქანებს და ყველა რეგიონს მოვამარაგებთ. წელს ეტაპობრივად დაიწყება რეგიონის მომარაგება.“
ამ ინტერვიუდან ერთი თვის შემდეგ, პრემიერის პრესსამსახურს იმის გასარკვევად დავუკავშირდით, როგორ სრულდებოდა ღარიბაშვილის დაპირება:
„წლის ბოლომდე ჩოხატაურისთვის ეს პრობლემაც მოგვარდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიდის მზადება საერთაშორისო ტენდერის გამოსაცხადებლად და ტენდერის საფუძველზე შესყიდული სახანძრო მანქანები წლის ბოლომდე უკვე გადანაწილდება რეგიონების მიხედვით“, _ მოგვწერეს მაშინ პრესსამსახურიდან.
თუმცა, მას შემდეგ რამდენიმე თვე კი არა, წელი გავიდა _ უფრო რომ დავაკონკრეტოთ, დაპირების გაცემიდან სამი წლის ბოლო მიილია და ჩოხატაურს ახალი სახანძრო მანქანა ამ დრომდე არ მიუღია.
უფრო მეტიც, როგორც გავარკვიეთ, იმდროინდელი პრემიერის დაპირება ტყუილი აღმოჩნდა _ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო მანქანების შესაძენად ტენდერი არ გამოუცხადებია.
_ სამწუხაროდ, ისევ ისეთი მდგომარეობაა, როგორიც 2015 წელს იყო. თუმცა, ახალი, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი იმისთვის იქმნება, რომ მან უზრუნველყოს სამაშველო სამსახურის ტექნიკური აღჭურვა, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ა. შ., _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სოფო მდინარაძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ შეტანილი ცვლილებების პაკეტის თანახმად, რომლის განხილვებიც საკანომდებლო ორგანოში უკვე მიმდინარეობს, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი პრემიერის დაქვემდებარებული ორგანო იქნება.
ცნობილია ისიც, რომ ცენტრს გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს _ ადამიანი, რომელიც ორი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და რომლის დაქვემდებარებაში შედიოდა სამაშველო სამსახური, რომლისთვისაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ დროის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა.