ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის ლონდონის სკოლამ გამოაქვეყნა ინფორმაცია ლონდონის მასშტაბით ადამიანთა ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელთა კავშირზე ხმაურის დონესთან. ინფორმაცია ეყრდნობოდა შვიდწლიან კვლევას. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ხმაურიანი ავტომაგისტრალის მახლობელ რაიონებში მცხოვრებლებს უეცარი სიკვდილისა და ინსულტის რისკი გაზრდილი ჰქონდათ.
ლონდონის 8,6-მილიონიანი მოსახლეობიდან საფრთხეში აღმოჩნდა 1,6 მლნ მოსახლე. იმ რაიონებში, სადაც დღის განმავლობაში ხმაურის დონე 60 დეციბელს აღემატებოდა, სიკვდილიანობა 4%-ით იყო გაზრდილი წყნარ რაიონებთან შედარებით. ხმაურიანი რაიონების მცხოვრებლებში ინსულტის შემთხვევებიც უფრო ხშირად აღინიშნებოდა (5%-ით). თურმე ხმაურის გამო ასაკოვანთა ინსულტის დონე 9%-ით იმატებს. ქუჩის ღამის ხმაური (ნორმაზე მნიშვნელოვნად მაღალი) 5%-ით ზრდის ინსულტის რისკს, ოღონდ მხოლოდ ასაკოვნებისას.
სპეციალისტებმა ყველა ფაქტორის (მათ შორის თამბაქოს მოწევა, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, ეთნიკური წარმომავლობა) გათვალისწინებით, საფუძვლიან კვლევებზე დაყრდნობით დაასკვნეს, რომ ხმაური ზრდის არტერიულ წნევას და სტრესის დონეს. სავარაუდოდ, სწორედ ეს იწვევს გულთან დაკავშირებულ პრობლემებს.
საინტერესოა აგრეთვე უტრეხტის უნივერსიტეტის მონაცემებიც – 68 000 ახალშობილის საფუძვლიანი გამოკვლევით აღმოჩნდა, რომ ქუჩის ხმაურის ყოველი 6 დეციბელით მატება ბავშვის წონაში 15-23 გრამით კლებას იწვევდა. ამან შესაძლოა ჰიპერტონიამდე, შაქრიანი დიაბეტის ან გულის პათოლოგიების განვითარებამდე მიგვიყვანოს.