გასულ კვირას, ეროვნული ჩემპიონატების მსაჯი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში მცხოვრები 33 წლის ილო ტუღუში მალთაყვის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც გვითხრეს, ტუღუში ნაძვზე იყო ჩამოკიდებული; იქვე იყო მისი ავტომობილიც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, რასაც გამორიცხავენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები.
მათი თქმით, ილო ტუღუში თავს არ მოიკლავდა _ მსაჯის ახლობლებს ეჭვი აქვთ, რომ იგი მოკლეს.
ოჯახი ამ ფაქტს ჩაწყობილ საფეხბურთო თამაშებს უკავშირებს. მათი ინფორმაციით, ილო ტუღუშს სიკვდილამდე ერთ დღით ადრე სახლში მიაკითხეს და მისგან ფულს ითხოვდნენ. ოჯახის წევრები კონკრეტულ პიროვნებებსაც ასახელებენ და ამბობენ, რომ დაძაბული შეხვედრის მიზეზი სწორედ გარიგებული საფეხბურთო თამაშები იყო.
გარდაცვლილის მეუღლე, ეკა ტუღუში ამბობს, რომ სამი პირი, რომლებმაც მის მეუღლეს გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე სახლში მოაკითხეს, მასაც დაემუქრნენ:
„ჩემი ქმარი ჩამომხრჩვალი იყო. იგი თავს არ მოიკლავდა. დამემუქრნენ, მე ხვალ მივფრინავო, მაგრამ ძმაკაცებს ვტოვებ და ისინი მიხედავენ შენს ქმარსო. ის ერთი უბრალოდ ახლდა _ ბახტაძე ირაკლი, ბათუმლები იყვნენ შავი “მერსედესით”. მეორე ჩხაიძეა, ლანჩხუთელი“, _ ამბოს ეკა ტუღუში.
მისივე თქმით, საუბარი 5 000 ლარზე იყო, რომელიც სავარაუდოდ, მის ქამარს უკან უნდა დაებრუნებინა, თუმცა, ვერ შეძლო.
ეკა ტუღუში ამბობს, რომ მისი მეუღლის მანქანა გატეხილია. ილო ტუღუშის მეუღლის მსგავსად, გარდაცვლილის დედაც დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლეს და მისი ვერსიით, ამის მიზეზი ფული იყო.
გარდაცვლილის მეუღლის განმარტებით, მსაჯს აუკრძალეს შეხვედრაზე ინფორმაციის გასაჯაროება და მან დეტალები არც ოჯახის წევრებს გაუმხილა.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ლანჩხუთის „გურიასა“ და თელავის გუნდს შორის რამდენიმე დღის წინ შემდგარ თამაშზე, სადაც “გურიამ” წააგო და მეორე ლიგა დატოვა.
ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტში გამორიცხავენ, რომ ტუღუშის გარდაცვალება გარიგებულ თამაშებს უკავშირდება.
მომხდართან კავშირს უარყოფენ ლანჩხუთის „გურიაშიც“. კლუბის ხელმძღვანელების ინფორმაციით, ტუღუშს „გურიას“ და „თელავის“ მატჩზე არ უმსაჯია და შესაბამისად, მისი გარდაცვალების ამ ფაქტთან დაკავშირება აბსურდია.
გარდაცვლილი მსაჯის მეზობლები ამბობენ, რომ ილოს საფეხბურთო სფეროს წარმომადგენლები სწორედ „გურიას“ და „თელავის“ მატჩის შემდეგ ეძებდნენ.
ის, რომ ტუღუშს, თვითმკვლელობამდე სახლში ნამდვილად მიაკითხეს, ადასტურებს ლანჩხუთის „გურიას“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჩხაიძე.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში ჩხაიძე ტუღუშთან ურთიერთობის დეტალებზეც ყვება.
მისი თქმით, ტუღუშთან, როგორც არბიტრთან, სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ხშირად ჰქონდა საუბრები და კონსულტაციები:
„ვითვალისწინებდი მის რჩევებსა და დარიგებებს _ ჩვენი საუბრები ყოველთვის კონსტრუქციული და ობიექტური იყო. ჩემი და მისი შეხედულებები წინააღმდეგობაში არასდროს მოდიოდა. სწორედ ასეთი მეგობრული ურთიერთობის გამო, თელავში ჩატარებული მატჩისას მსაჯის არაობიექტურობის გამო, როდესაც გავიგეთ 3 დეკემბერს ლანჩხუთში თელავთან მატჩის მომსახურე არბიტრების შემადგენლობა, ბუნებრივია, მე მას დაურეკე და ვკითხე, როგორი იყო მისი შეხედულება აღნიშნულ სამსაჯო ბრიგადასთან დაკავშირებით, რაზედაც მან ტელეფონშივე მიპასუხა, რომ ძალიან კარგი შემადგენლობა იყო“, _ წერს ჩხაიძე.
მისივე წერილით თანახმად, ტუღუში დაპირდა, რომ მსაჯებს, როგორც ლანჩხუთელი, სთხოვდა ლანჩხუთის „გურია“ არ დაეჩაგრათ.
„თან შემეკითხა, სად ვიყავი ფიზიკურად, მე ვუთხარი, რომ ვარ ლანჩხუთში და მთხოვა, შევხვედროდით ერთმანეთს, რაზედაც თანხმობა მივეცი და შევთანხმდით, რომ მის ზარს დაველოდებოდი. ეს ყველაფერი ხდებოდა 1 დეკემბერს, სადღაც, 13 საათიდან 15 საათამდე”, _ აღნიშნავს ჩხაიძე.
მისივე მონაყოლით ირკვევა, რომ ილო ტუღუში მას იმავე ღამეს დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა:
„გრიგოლეთის ბაზაზე ვიყავი და იქ მოვიდა. დაახლოებით 21 საათისთვის. ჩავჯექით ჩემს მანქანაში და ვილაპარაკეთ ისევ მსაჯთა შემადგენლობაზე, სადაც მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ამ ბიჭების პატიოსნებას და კვალიფიკაციას“, _ აღნიშნავს ჩხაიძე.
მისივე თქმით, ამ საუბრის შემდეგ ტუღუშმა თანხა სთხოვა, მაგრამ მას ფული არ ჰქონდა:
„ამის შემდეგ მთხოვა, მეთხოვა გიორგი იმნაიშვილისათვის, რომელიც იმ მომენტში ბაზაზე იმყოფებოდა. ვუთხარი _ მაგას შენც იცნობ, ისეთი ბიჭია, არ გაგაწბილებს და ჯობია შენ უთხრა,-მეთქი. გადმოვიდა მანქანიდან და შევიდა იმ ოთახში, სადაც გიორგი და მისი მეგობარი იმყოფებოდნენ. რამდენიმე წუთის მერე გამოვიდა და მითხრა, ჯიგარი ბიჭი ყოფილაო, დამემშვიდობა და თავისი მანქანით წავიდა. როგორც შემდეგ გავიგე, მას უთხოვია გიორგისთვის სწორედ ის თანხა, რაზედაც ამჟამად არის საუბრები და რაც გიორგის მეორე დღეს მისთვის უსესხებია“, _ წერს ჩხაიძე.
მისივე ინფორმაციით, ტუღუშს მეორე დღესაც შეხვდა _ ლანჩხუთის „გურიის“ და „თელავის“ თამაშის დღეს.
„გვქონდა ჩვეულებრივი შეხვედრა და საუბარი იმის დამატებით, რომ მან მეორე დღეს, როცა გიორგის ფული მიუცია ბათუმში, ჩემთან კიდევ ერთხელ დაადასტურა მისდამი პატივისცემა და მადლიერება”, _ ამბობს ნუგზარ ჩხაიძე და 5 დეკემბერს განვითარებულ მოვლენებს დეტალურად იხსენებს:
„5 დეკემბერს კლუბის ოფისში ვიმყოფებოდი, ალბათ 3-4 საათი იქნებოდა, გიორგიმ დამირეკა და მითხრა, ილო უნდა ჩამოსულიყო _ არ მპასუხობს და იქნებ, შენ გადაურეკოო. რადგანაც ვიცოდი მისი დახმარების შესახებ, ვუთხარი, რომ მე გადავურეკავდი და პასუხს შევატყობინებდი. დავურეკე ილოს _მიპასუხა, რომ ვიღაცას ელოდებოდა და აუცილებლად ბათუმში ჩავიდოდა. ვთხოვე, მას პირადად დაერეკა გიორგისთვის, რაზეც მიპასუხა, რომ უკვე ველაპარაკე და მელოდებაო. საღამოს 6 საათი იქნებოდა, გიორგის დავურეკე და ვკითხე, თუ ჩამოვიდა,-მეთქი. არ ჩამოსულა და არც ტელეფონზე პასუხობსო. მეც დავიწყე რეკვა ილოს ტელეფონზე _ არც მე მიპასუხა“, _ აღნიშნავს ჩხაიძე, რომლის განმარტებით, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა, მისთვის სახლში მიეკითხა.
ჩხაიძე იმასაც ამბობს, რომ სოფელში, სადაც გარდაცვლილი მსაჯი ცხოვრობდა, გიორგი იმნაიშვილის და მისი მეგობრის ჩამოსვლამდე მივიდა.
„გიორგის ჩამოსვლამდე ვიდექი ჩოჩხათის ცენტრში, სადაც იდგა პოლიციის საპატრულო მანქანა. შემდეგ მე მივედი პირველად ჭიშკართან. დავიძახე. შორიდან გამომეძახა, ვფიქრობ, დედამისი იყო. ვკითხე, ილო ხომ არაა სახლში,-მეთქი. მითხრეს, არააო. შემეკითხა, ვინ ხარო. დავუძახე, ილოს მეგობარი ვარ, ნუგზარ ჩხაიძე,-მეთქი. მან მითხრა, რომ ჩვენც ვეძებთ, შვილო, და ვერ ვპოულობთო.
მოვბრუნდი უკან და დაველოდე სოფლის ცენტრში მათ ჩამოსვლას. ჩამოვიდნენ, მანქანა დატოვეს ჭიშკართან და ჩემი მანქანით ავედით ილოს კოლეგასთან. მოიკითხეს, რომელიც სახლში არ აღმოჩნდა, ჩამოვედით და დავიძახეთ ილოს ოჯახში. ჭიშკართან ჩამოვიდნენ მამა, დედა და მეუღლე. ვკითხეთ, სად შეიძლებოდა ილოს ნახვა. დედამ სიტყვა-სიტყვით ასე გვიპასუხა _ დილას რომ ადგა, ძალიან შეწუხებული და უხასიათოდ იყოო. ამ დროს მეუღლემ იკითხა _ რაშია საქმე, რატომ ეძებთო? ფეხბურთის ფულთან დაკავშირებით ხომ არაო? მე გამიკვირდა მისი ტონიც და კითხვის შინაარსიც.
რა ფეხბურთის ფული, მეგობრიდან ნასესხები ჰქონია და ამიტომ უნდა მისი ნახვა,-მეთქი. შემეკითხა _ შენ ვინ ხარო? ვუთხარი, რომ ნუგზარ ჩხაიძე ვარ და შენ როგორ ვერ მიცანი,-მეთქი. ამ დროს ჩვენ სამიდან ერთ-ერთმა, ირაკლი ბახტაძემ უთხრა _ მე ირაკლი ვარ, ილოს მეგობარიო. გიორგი იმნაიშვილმაც უთხრა მისი პიროვნების შესახებ. ერთი სიტყვით, შემიძლია ხატის წინაშე ჩემი ექვსი შვილიშვილი დავიფიცო, რომ არავითარ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. არავითარი ხმამაღალი საუბარი არ ყოფილა, ასეთი რამ რომ ყოფილიყო დაახლოებით, 150 მეტრში მყოფი პოლიციის ეკიპაჟი უთუოდ გაიგონებდა და მოვიდოდა”, _ წერს ჩხაიძე და აქვე იხსენებს, რომ გიორგი იმნაიშვილმა ტუღუშის ოჯახის წევრებს დაუბარა, თუ ვისთვის უნდა გადაეცა მისი არყოფნის შემთხვევაში თანხა:
“გიორგიმ უთხრა: მე ასეთი კაცი არ ვარ, რომ ასეთ საქმეზე პიროვნება შევავიწროვო. ხვალ ჩემს საქმეზე წასასვლელი ვარ, მან კარგად იცის, ვის შეიძლება ეს ფული დაუტოვოს. აგერაა ირაკლი, თქვენი ახლობელი ყოფილა. ილოს გადაეცით, მე თუ არა, ეს ხალხი ნახოსო. დავემშვიდობეთ. და პირადად, ბოდიში მოვუხადე შეწუხებისთვის. მე წამოვედი გულიანის მხრიდან ლანჩხუთში, ხოლო ისინი წავიდნენ ბათუმში. მეორე დღეს ვიგებ ამ საშინელ ამბავს”, _ აღნიშნავს ჩხაიძე, რომელიც იქვე დასძენს, რომ მისი სამსახურებრივი უფლებებიდან გამომდინარე, თავს არ მიიჩნევს ვალდებულად, “პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე ვინმეს ანგარიში ჩააბაროს”.
რაც შეეხება საქმის კიდევ ერთი ფიგურანტის, გიორგი იმნაიშვილის კავშირებს “გურიასთან”, როგორც ნუგზარ ჩხაიძის მონათხრობიდან ირკვევა, იგი, ოფიციალური სტატუსის არქონის მიუხედავად, კლუბს მხარდაჭერას უცხადებდა:
“მასზე გამიგია, რომ არის საფეხბურთო საქმეში ღრმად გაცნობიერებული პიროვნება. ფეხბურთელებთან ამყარებდა კარგ ურთიერთობას, ფეხბურთელებს და კლუბს ედგა მხარში, როგორც ფინანსურად, ასევე, საფეხბურთო კარიერის სწორად წარმართვაში. როდესაც გაჟღერდა, რომ შესაძლებელი იყო მისთვის შეეთავაზებინათ კლუბში დაბრუნება, მე, რა თქმა უნდა, თანხმობა განვაცხადე და ვთქვი, რომ ამ გაჭირვების ჟამს, საჭირო იყო მისი კლუბში მოწვევა. როდესაც მის ხედვას და საუბრებს ვაკვირდებოდი, დავრწმუნდი, რომ იგი ლანჩხუთის “გურიასთვის” საჭირო კაცი იყო. ამიტომ, მეც პირადად ვთხოვე დამდგარიყო ჩვენ გვერდით. რაიონის მომავალ ხელმძღვანელობასაც შევახვედრე. ჩემი პოზიცია ამ შეხვედრაზე ცალსახად დავაფიქსირე. იყო სხვა შეხვედრებიც, მაგრამ, სამწუხაროდ, საკითხი ბოლომდე არ გადაწყდა. არ ვიცი, თავი ვინ და რატომ შეიკავა. თუმცა, მე მისი მადლობელი ვარ, რომ ოფიციალური სტატუსის მიუხედავად, გაითვალისწინა კლუბის დირექტორატის მეგობრული თხოვნა და ბოლომდე დარჩა “გურიას” და ლანჩხუთელების გვერდით. ამას ყველაფერს დანახვა და დაფასება სჭირდება”, _ წერს ჩხაიძე და „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს:
_ გაუთქმელობის ხელწერილი დამაწერინეს. შესაბამისად, იმაზე მეტს, რაც დავწერე, ვერ ვიტყვი, _ აღნიშნავს ჩხაიძე.
_ ბატონო ნუგზარ, თქვენ მიერ გამოქვეყნებული წერილი საკმაოდ ვრცელია და თუ გავითვალისწინებთ თქვენს ნათქვამს, რომ გაუთქმელობის ხელწერილი დაწერეთ, გამოდის, რომ ბევრ ინფორმაციას ფლობთ და ამ ინფორმაციის გამჟღავნდება გამოძიების ინტერესებში არ შედის.
_ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. არაფერი განსაკუთრებული. კანონი ითვალისწინებს ასეთ რამეს.
_ განსაკუთრებულ შემთხვევებში კი… ასეთი განსაკუთრებული ინფორმაცია რა გაქვთ? ჩვენ გვითხრეს, რომ საქმე რეალურად გარიგებას უკავშირდება და საუბარია ე. წ. „ხელზე მაზავშიკების“ ჩადებულ ფულზე და ეს თანხა 300 000 ლარს აღწევს… გვითხრეს ისიც, რომ ამ საქმის კურში თქვენც იყავით და გქონდათ ინფორმაცია, რომ თამაშებზე არაოფიციალური ფსონების მიღება ხდებოდა… ამას იმასაც თუ დავუმატებთ, რომ ბოლო თამაშით ლანჩხუთის „გურიამ“, ქვედა ლიგაში გადასვლის გამო, ფედერაციიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაკარგა, ლოგიკას მოკლებული არ უნდა იყოს ტუღუშის ოჯახის ეჭვი, რომ ამ საქმეს ჩაწყობილ თამაშებზე მივყავართ…
_ მე მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. რაც შეეხება გუნდის მიერ დაკარგულ თანხას, ასეც ხდება _ როდესაც გუნდი ლიგიდან ქვეითდება, ბუნებრივია, რომ შემოსავალიც უმცირდება. მაგრამ ილოსთან ეს არაფერ კავშირში არ არის.
_ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავთ, რომ ტუღუშმა იმნაიშვილს პირადად თხოვა თანხა. თუკი ამაში თქვენ ჩარეული არ იყავით, არც შუამავალი ყოფილხართ და არც სხვა დაინტერესება გქონიათ, რატომ მიყევით იმნაიშვილს მსაჯის სახლში?
_ მთხოვა და იმიტომ. არ იცოდა ადგილმდებარეობა.
_ ამ საქმეში კიდევ ერთი საჭვო გარემოებაც ჩანს _ თუ ტუღუშმა ფული 2 დეკემბერს ისესხა, რატომ მოსთხოვა იმნაიშვილმა მას მესამე დღეს თანხა და თან ამ ფორმით?
_ ჩემთანაც რომ მოვიდა ილო, მითხრა, რომ სამი დღით სჭირდებოდა თანხა. სხვა დეტალი არ ვიცი.
_ ბატონო ნუგზარ, გიორგი იმნაიშვილი, 2015 წელს, 6 თვით გუნდის დირექტორი იყო. შემდეგ გაუშვეს და ოფიციალურად მას კლუბთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს. როგორ და რა მიზეზით აღმოჩნდა ის გვიან ღამით საფეხბურთო კლუბის ბაზაზე?
_ წერილშიც აღვნიშნე, რომ გიორგის კლუბში დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან. რაც შეეხება მის ბაზაზე ყოფნას უჩვეულო არაფერია. ის იყო ოთახში ირაკლი ბახტაძესთან ერთად და ესაუბრებოდა ფეხბურთელებს, რადგან მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა ტრანსფერისთვის. ამ ყველაფერს მე გარედან ვხედავდი. ღამე იყო, მაგრამ ოთახში შუქი ენთო.
_ რას ნიშნავს ოთახში მოლაპარაკებებს აწარმოებდა? ღამით, მუნიციპალიტეტის კუთვნილ ბაზაზე უცხო პირები იყვნენ შესულები და თქვენ, დირექტორის მოადგილე, ამას გარედან უყურებდით?
_ამაში უცნაური არაფერია. ხდება ხოლმე ასე. თან იმ ღამით გრიგალი იყო და ოთახში ისხდნენ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩხაიძემ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ამ თემით აუცილებლად დაინტერესდება:
_ ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ კლუბის ტერიტორიაზე უცხო პირები არ უნდა იყვნენ და ამ საკითხით აუცილებლად დავინტერესდები. რაც შეეხება ილო ტუღუშის საქმეს, ეს ჩემთვის დიდი ტრაგედიაა. მე და ილო ერთად გავიზარდეთ. იგი ძალიან შრომისმოყვარე და კარგი ადამიანი იყო. ვერ ვილაპარაკებ დეტალებზე და დაველოდები გამოძიების შედეგებს, _ აღნიშნავს სარიშვილი.
მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილო ტუღუშმა „გურიას“ თამაშის მოგების პირობა მისცა, არასწორია:
_ ამ თემაზე არც კი გვისაუბრია. ზოგადად, ლანჩხუთის „გურიას“ საკითხებში არც ჩავრეულვარ. როცა მერი გავხდი, ჩვენს გუნდს სამი თამაში ჰქონდა დარჩენილი და ჩარევას აზრი არ ჰქონდა. გვქონდა შეთანხმება, რომ მენეჯმენტი, რომელმაც „გურია“ ასეთ შედეგებამდე მიიყვანა, სეზონის დასრულების შემდეგ წავიდოდა და ასეც მოხდა. ოღონდ ეს ტუღუშის გარდაცვალების ფაქტს არ უკავშირდება. ლანჩხუთის „გურიას“ ხელმძღვანელობამ და მთელმა მენეჯმენტმა თანამდებობები იმის გამო დატოვეს, რომ მათი არასწორი პოლიტიკის გამო, კლუბმა კრახი განიცადა, _ გვითხრა სარიშვილმა.
ლანჩხუთის მერი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, ნუგზარ ჩხაიძემ გიორგი იმნაიშვილი მასთან მიიყვანა:
_ არჩევნებიდან 2-3 დღეში მოიყვანა ჩხაიძემ იმნაიშვილი ჩემთან და ბესო ტაბიძესთან. საუბარი იყო მის კლუბში დაბრუნებაზე, თუმცა, ამაზე ვერ შევთანხმდით, _ აღნიშნა სარიშვილმა, რომლის თქმით, ამ პიროვნების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
იმნაიშვილის შესახებ ინფორმაცია არც იმ ადამიანებს აქვთ, რომლებიც ლანჩხუთის სპორტის სფეროში მოღვაწეობენ. ამბობენ იმას, რომ ფეხბურთის მოყვარული იმნაიშვილი კლუბში ყოფილმა გამგებელმა ზაზა ურუშაძემ მოიყვანა.
თავად ურუშაძე ამბობს, რომ იმნაიშვილს არ იცნობს და კლუბის ხელმძღვანელად მას არ დაუნიშნავს, რასაც აბსურდს უწოდებენ „გურიაში“.
საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლები პირად საუბრებში ამბობენ, რომ იმნაიშვილი ურუშაძის კადრი იყო და სწორედ მისი კლუბში გამოჩენის შემდეგ დაიწყო „გურიას“ საეჭვო თამაშები, რასაც თავის მხრივ უარყოფს ზაზა ურუშაძე.
გიორგი იმნაიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მას კლუბისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული:
_ როცა კლუბში ვიყავი, ჩემი პირადი, საკმაოდ დიდი თანხა დავხარჯე. ახლაც მთხოვეს დახმარება და იმიტომ ვიყავი მაგათ გვერდზე, _ გვითხრა იმნაიშვილმა.
მისივე განმარტებით, საფეხბურთო კლუბის ბაზაზე მარტო არ იმყოფებოდა და მასთან ერთად კლუბის ხელმძღვანელებიც იქ იყვნენ.
ჩვენი წყარო, ამბობს, რომ გიორგი იმნაიშვილი, როგორც საქართველოში, ასევე, თურქეთში ჩაწყობილი თამაშებით არის დაინტერესებული.
_ აქ საუბარი არ არის 5000 ლარზე _ ამის გამო თავს არავინ მოიკლავდა. ილოს ორი მანქანა ჰყავდა და ბოლო-ბოლო ერთს გაყიდდა და ვალს დააბრუნებდა. რამდენადაც ვიცი, საუბარია დაახლოებით 300 000 ლარზე. რამდენიმე ადამიანს ეს ფული „გურიას“ მოგებაზე ედო _ ოღონდ არა ტოტალიზატორში. არიან ჯგუფები, რომლებიც მსგავს თამაშებზე ფულს „ხელზე მაზავენ“. რამდენადაც ვიცი, ილოსგან პირობა მიიღეს, რომ ამ თამაშს „გურია“ მოიგებდა, თუმცა ასე არ მოხდა. დიდი ფული წააგო ვიღაცამ და პასუხიც მოსთხოვეს ილოს, რომელიც ამ შემთხვევაში გარანტორი იყო და ჯილდო მერე უნდა მიეღო. თორემ, როგორ წარმოგიდგენიათ _ 5 000 ლარი ასესხეს, მესამე დღეს კი სახლში დაადგენენ და მისი ვალების ამბავი ოჯახთან არჩიეს?! ეს 5 000 ლარი წინასწარი ე. წ. „ბე“ იყო, მსაჯისთვის ან ფეხბურთელისთვის. ეს დეტალები გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუმცა, ძალიან რთული იქნება. ილო მკვდარია და ნაკლებ სავარაუდოა, რომ ვინმე გამოვიდეს და თქვას, რომ ამ ყველაფრის უკან ბინძური გარიგებები იყო, _ ამბობს ჩვენი წყარო.
მისივე ინფორმაციით, ამ სქემაში ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული, რაც გარდაცვლილმა მსაჯმაც კარგად იცოდა:
_ ილომ იცოდა, რა კატეგორიის ხალხთან ჰქონდა საქმე. რამდენადაც ვიცით, მას ამ ინფორმაციის გამჟღავნებითაც დაემუქრნენ. იგი თავმოყვარე ბიჭი იყო და ვერ დაუშვა, რომ მის სახელს ჩრდილი მიყენებოდა. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ გადადგა ასეთი ნაბიჯი, _ ამბობს ჩვენი რესპოდენტი, რომელსაც ვინაობის გახმაურება არ სურს.
ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს იმნაიშვილი. მისი თქმით, არასოდეს დაინტერესებულა ჩაწყობილი თამაშებით და ამის არანაირი ფაქტი არ არსებობს:
_ ილო მეგობრების საშუალებით გავიცანი. დახმარება მთხოვა _ სამი დღით ისესხა 5 000 ლარი. ის თანხა მეც სხვისთვის მქონდა მისაცემი. მანქანის ფული იყო. ამიტომაც მივაკითხე სახლში. თუმცა, მისი ოჯახისთვის არ მითქვამს რომ ვალისთვის ვიყავი მისული. მანქანიდან არც კი გადმოვსულვარ. მასთან ბოლო საუბარი 5 დეკემბერს მქონდა. მითხრა, რომ 6 დეკემბერს თანხას მომცემდა. დაძაბული საუბარიც კი არ ყოფილა ჩვენს შორის და ამის გადამოწმება ნებისმიერს შეუძლია. ამოიღონ ჩანაწერები. რა გარიგებული თამაშები, რა ჩაწყობა?! ილო ბავშვთა ფეხბურთის მსაჯი იყო და სიმართლე გითხრათ, მასზე მეტ ხალხს მე ვიცნობდი. თამაშებზე საერთოდ არ გვისაუბრია. შეიძლება ნუგზარ ჩხაიძე ეკითხებოდა მას რაღაცეებს, მაგრამ ეს მე არ მჭირდება. ჭორია ის, რომ თითქოს მან „გურიას“ თამაშის მოგების პირობა მომცა. ამაზე სიტყვაც კი არ თქმულა. მართალია, გარდაცვლილია, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, რაც ყველამ იცის _ ილო თამაშობდა ტოტალიზატორში, კაზინოში. ეს ე. წ. „ხელზე გამაზვები“ არ ვიცი, რა არის, მაგრამ ის ვიცი, რომ ილო სერიოზულად თამაშობდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას იმნაიშვილმა, რომელიც გამორიცხავს, რომ მსაჯმა თავი მისგან ნასესხები 5 000 ლარის ვერდაბრუნების გამო მოიკლა:
_ ბოლო-ბოლო 10 000ლარიანი მანქანა ყავდა. გამორიცხულია, რომ მას ეს ნაბიჯი ჩემი ვალის გამო გადაედგა, _ აღნიშნავს იმნაიშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას.
საქმე რომ არა 5000 ლარს, არამედ სხვა რამეს ეხება, სჯერა ნუგზარ ჩხაიძესაც:
_ ილოს თვითმკვლელობის დღესაც ვესაუბრე. მითხრა, რომ გზაში იყო და დასავლეთიდან მოდიოდა. ტელეფონში ბევრი ვერ ვისაუბრეთ, რადგან სავარაუდოდ ავტობანზე იყო _ ტრაილერების ხმა მესმოდა. ჩემთვის რომ ეთქვა, რომ პრობლემა ჰქონდა, აუცილებლად მოვძებნიდი გამოსავალს, მაგრამ მსგავსი არაფერი უთქვამს. არ მჯერა, რომ 5 000 ლარის გამო მოიკლა თავი. როგორც ჩანს უფრო დიდი პრობლემები ჰქონდა და ამას გამოძიება დაადგენს, _ აღნიშნავს ნუგზარ ჩხაიძე.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას ფოთის პოლიციის სამმართველო აწარმოებს. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული. შინაგან საქმეთა სამინისტროში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ და გვირჩევენ, გამოძიების დასრულებას დაველოდოთ.