მიტოვებული ძაღლები, რომლებიც ლანჩხუთის განუყოფელ რეალობადაა ქცეული, მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. ძაღლების სიმრავლე განსაკუთრებით თვალშისაცემი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, კვების ობიექტებისა და სასურსათო მაღაზიების სიახლოვესაა. ისინი იშვიათობას არც სკოლის ეზოსა თუ დერეფანში წარმოადგენს, სადაც თავისუფლად გადაადგილდებიან, რაც მშობლებისა და პედაგოგების აზრით, ბავშვებს გარკვეულ საფრთხეს უქმნის და ამბობენ, რომ პრობლემის გადასაჭრელად სათანადო ღონისძიებებია გასატარებელი.
„ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ დაცულად ბავშვები დაცულად მაშინაც არ არიან, როცა მშობელი მიყვება გვერდით. ქალაქის ცენტრში, სადაც კი გაივლი, ყველგან მიტოვებული ძაღლია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა, პირველი სკოლის მიმდებარედ, სწრაფი კვების ობიექტებთანაა. იქ ერთდროულად რამდენიმე ძაღლია დადარაჯებული და საშიშროებაც დიდია, საჭმელზე დახარბებულმა ძაღლმა ვინმე არ დაკბინოს. იყო შემთხვევა, როცა ბავშვს ხელიდან გამოგლიჯა ხაჭაპურებიანი პარკი. დაუყოვნებლივ არის ზომები მისაღები. თან ახლა ეტყობა, კანის დაავადებაა გავრცელებული ამ ძაღლებში _ ბეწვები აქვთ გაცვენილი და კანი დახეთქილი. მოკლედ, გზაა გამოძებნი, რომ ჩვენც დაცულები ვიყოთ და ეს დაავადებული ძაღლებიც არ იყვნენ ქუჩაში. ეს პრობლემა ბევრჯერ დავაყენეთ ხელისუფლების წარმომადგენლების წინაშე და იმედია, ერთხელაც ვინმე ყურად იღებს ჩვენს თხოვნას “, _ ამბობენ რიგითი ლანჩხუთელები.
მოსახლეობისვე თქმით, ქუჩის ძაღლები ხშირად მათ ეზოებშიც ჩადის და შინაურ ფრინველებს ესხმის თავს.
ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე კი ჰყვება, რომ ქუჩის ძაღლი მაღაზიაში შეუვარდა და დახლზე დადებული პროდუქტი წაართვა.
მაღაზიაში ვიყავი, უცებ ძაღლი შემოვარდა და დახლზე დადებულ ფუნთუშებს დაეძგერა. ისე სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი, რომ რეაგირება ვერ მოვასწარი, ან რა უნდა მექნა, მშიერ და გაავებულ ძაღლთან რას გავხდებოდი, შეიძლება აქეთ დავეკბინე კიდეც. მაღაზიიდან რომ გამეგდო, ქუჩაში მყოფი მამაკაცები მოვიშველიე. ეს არაა პირველი შემთხვევა, რამდენჯერ ყოფილა, რომ მაღაზიიდან გასული მომხმარებლისთვის მაწანწალა ძაღლს პური ან სხვა პროდუქტი წაურთმევია“, _ ამბობს მაღაზიის მეპატრონე.
როგორც ირკვევა, მიტოვებული ძაღლების პრობლემა ლანჩხუთში, ქალაქის გარდა, სოფლის მოსახლეობასაც აწუხებს. აქ უპატრონო ძაღლები, ძირითადად, სოფლის ცენტრებშია თავმოყრილი.
აღნიშნული პრობლემა საკრებულოს ბოლო სხდომაზე ლესის მაჟორიტარმა, ელისო ჭიჭინაჭემაც გააჟღერა. მისი თქმით, მიტოვებული ძაღლები სოფლის სკოლაში შედიან. ჭიჭინაძემ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ხელმძღვანელობას პრობლემის მოგვარება სთხოვა.
უპატრონო ძაღლების პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით სიტუაციაში გასარკვევად, ა(ა)იპ „ლანჩხუთი–სერვისის“ სამსახურის უფროსს თენგიზ ჭიჭილეიშვილს დავუკავშირდით.
„წინა წლებში ხელშეკრულება გვქონდა გაფორმებული შესაბამის სამსახურთან და ხდებოდა ამ კატეგორიის ძაღლების „დაბირკვა“, დასურათება და ვაქცინაცია. თავშესაფარში ძაღლების გადაყვანა არ ხდებოდა. წელს კი, თანხის უქონლობის გამო, მსგავსი ხელშეკრულება აღარ გაგვიფორმებია. არის დაპირება, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული საამისოდ თანხები და უპატრონო ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა მოხდება“, _ გვითხრა ჭიჭილეიშვილმა.
ის, რომ მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში გასათვალისწინებელია თანხები მიტოვებული ძაღლების თავშესაფარში მოსათავსებლად, ეს მოსაზრება საკრებულოს საფინანსო კომისიის სხდომაზეც დაფიქსირდა.