საბიუჯეტო კოდექსის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტის დოკუმენტი საკრებულოში უნდა შევიდეს არაუგვიანეს 15 ნოემბრისა. კანონის თანახმად, ამის შემდეგ, პროექტი მოტივირებული შენიშვნებით უბრუნდება აღმასრულებელ ორგანოს არაუგვიანეს 25 ნოემბრისა.
ამ პროცედურების გავლის შემდეგ, მერია პროექტზე მუშაობას აგრძელებს და ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში დასამტკიცებლად უნდა შეიტანონ არაუგვიანეს 10 დეკემბრისა, თუმცა, როგორც გაირკვა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ასე არ ხდება _ როგორც იურისტები განმარტავენ, ოზურგეთში მერიის მიერ დარღვეულია კანონიც და რეგლამენტიც.
ამ დრომდე უცნობია, რა პრიორიტეტები აქვს ოზურგეთის მერიას და რა ოდენობის იქნება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
ამ თემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი არ საუბრობს _ კონსტანტინე შარაშენიძე, რომელმაც კაბინეტში შესვლის პირველივე დღეს გამჭვირვალობის და თანამშრომლობის პირობა დადო, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
როგორც ჩანს, შარაშენიძეს კომუნიკაციის პრობლემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთანაც აქვს _ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს, დავით დარჩიას არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის დაიწყებენ ბიუჯეტის განხილვას:
_ ბიუჯეტის პროექტი, ჯერჯერობით, საკრებულოში არ შემოსულა და ამდენად, ზედმეტია საუბარი პრიორიტეტების განსაზღვრაზე. როგორც გვაქვს ინფორმაცია, აღმასრულებელი ამ დღეებში გეგმავს საკრებულოს მიაწოდოს მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი, რომელზედაც მუშაობას კომისიები და ფრაქციები წარმოდგენისთანავე დაიწყებენ. წინასწარ იმის თქმა, რა სახის შენიშვნები და რეკომენდაციები ექნება საკრებულოს, ნაადრევია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას დავით დარჩიამ.
დარჩია ამბობს, რომ კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურთან ჰქონდა, თუმცა, კითხვაზე _ რატომ ჭიანურდება პროცესი პასუხი არ აქვს:
_ თავისთავად, გვქონდა კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად მოკლე დროში დაიწყოს საბიუჯეტო პროცესი და ველოდებით პროექტის წარმოდგენას. ჩვენ მზად ვართ, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად გავახორციელოთ ბიუჯეტის განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, _ ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.
გარდა ამისა, ამ დრომდე სოფლებში მერის წარმომადგენლები არ დანიშნულან, რაც მოსახლეობაზე უკვე აისახა:
_ შეშას ვერ ვჭრით, საქონელს ვერ ვკლავთ. სოფელში ადამიანი არ არსებობს, რომელიც ცნობას გასცემს. ერთ თვეზე მეტია, ასეთი მდგომარეობაა. არც კი ვიცით, ვის უნდა მივმართოთ, _ აღნიშნავენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები ადამიანები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელსაც ამომრჩევლის მანდატი აქვს, მოსახლეობის ეს პრობლემა კარგად იცის, თუმცა, მხოლოდ იმას ამბობს, რომ “გარკვეული ძვრები” შეინიშნება:
_ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ფრაქცია “ქართული ოცნების” მიერ საკრებულოს სხდომაზე დაფიქსირდა. გარკვეული ძვრები შეინიშნება _ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს საკადრო პროცესი, რათა მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ყველა მუნიციპალური სერვისი, _ აღნიშნავს “გურია ნიუსთან” საუბრისას დავით დარჩია.
კიდევ ერთი მძიმე თემა მობილობის პროცესის გაჭიანურებაა _ სამსახურის უფროსების თანამდებობები ამ დრომდე ვაკანტურია. არსებული ინფორმაციით, შარაშენიძე კონკურსების გამოცხადებას გეგმავს, თუმცა, როგორც იურისტები განმარტავენ, ეს კანონის დარღვევაა. ამაზე აქცენტს დავით დარჩიაც აკეთებს და იმედოვნებს, რომ მერი სამართლებრივი ჩარჩოდან არ გავა:
_ ხელისუფლებამ კანონმდებლობაში შესული ცვლილებებით მაქსიმალურად უზრუნველყო საჯარო სამსახურში დასაქმებული მოხელეების დაცულობა. მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მობილობის წესიც ითვალისწინებს ახლადშექმნილ მუნიციპალიტეტებში იმ მოხელეთა ინტერესების გათვალისწინებას, რომლებიც დასაქმებულნი იყვნენ. როგორც მედიით გახდა ცნობილი, მერს გადაწყვეტილი აქვს სამსახურის უფროსების ვაკანტურ თანამდებობებზე ღია კონკურსის გამოცხადება, რაც რამდენად ჯდება სამართლებრივ ჩარჩოში სადავოა. ვიმედოვნებ მერი იმოქმედებს კანონმდებლობით და პროცესი არ გავა სამართლებრივი ჩარჩოდან, _ გვითხრა დავით დარჩიამ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ კომენტარი ნატალია ხომერიკის ერთდღიან თანამდებობაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ოზურგეთის მერიიდან 14 დეკემბერს გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას ამ დრომდე საკრებულოც ელოდება:
_ ქალბატონ ნატალიასთან დაკავშირებით კონკრეტული შეკითხვები დავსვით საკრებულოს სხდომაზე, თუმცა, პასუხები ნამდვილად არ იყო დამაკმაყოფილებელი. მივმართეთ კიდეც მერიას და გამოვითხოვეთ შესაბამისი დოკუმენტაცია, თუმცა, ჯერ პასუხი არ მიგვიღია. თუ არსებობს ხელმოწერილი ბრძანება დანიშვნასთან დაკავშირებით, მიმაჩნია, რომ ნატალიას სრულიად ლეგიტიმური უფლება აქვს განაგრძოს მუშაობა სამსახურის უფროსის პოზიციაზე, _ ამბობს დარჩია.
ოზურგეთის მერის მხრიდან კანონის დარღვევაზე საუბრობენ ოპოზიციაშიც. “ევროპული საქართველოს” წევრის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის მიხეილ გოგოტიშვილის თქმით, ოზურგეთს წინ დიდი პრობლემები ელოდება:
_ ბიუჯეტის შემოტანის ყველა ვადა დარღვეულია. ცდილობენ, ამას გამართლება არჩევნების მეორე ტურით მოუძებნონ, თუმცა, ეს არ არის მიზეზი. კანონი ნათლად განსაზღვრავს ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურებს, რაც ოზურგეთში არ გავლილა. წლის დასრულებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და შეუძლებელია ამ დროში ბიუჯეტის განხილვა, მოტივირებული შენიშვნებით უკან დაბრუნება, კომისიებში, ფრაქციებში განხილვა და ადმინისტრაციულ წარმოებაზე დაყენება მოესწროს. ამას თვეზე მეტი მაინც სჭირდება. სავარაუდოდ, გამგეობამ უნდა ხარჯოს წინა წლის კონსოლიდირებული ბიუჯეტის მეთორმეტედი, რაც პრობლემებს შექმნის ყველა უწყებაში და კრიზისი გარდაუვალია, _ ამბობს მიხეილ გოგოტიშვილი.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ყურადღებას მობილობის პროცესზეც ამახვილებს და აღნიშნავს, რომ კონსტანტინე შარაშენიძე პროცესის გაწელვას ცდილობს:
_ ძალიან რთული ვითარებაა, როგორც სოფლებში, ასევე, ქალაქში. ამ დრომდე არ დანიშნულან მერის წარმომადგენლები. ადამიანის პასუხის გამცემი პირი არ ჰყავთ, რომ აღარაფერი ვთქვათ უბრალოდ ცნობის გამცემზე. საახალწლოდ საქონლის დაკვლას და გაყიდვასაც ვერ მოახერხებს ადამიანი და პრაქტიკულად მშიერი შეიძლება დარჩეს. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ქალაქში _ როგორც იცით, ოზურგეთს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი გაუუქმდა და ადამიანებმა არ იციან, ვის უნდა მიმართონ. არადა, კანონი ითვალისწინებს მობილობის წესს, თუმცა, როგორც ფაქტები მოწმობენ, რაღაც ხდება _ ვიღაცა ვიღაცისთვის მიუღებელია და ალბათ, ამის გამო ხდება ეს ყველაფერი. ახლა ითქვა, რომ კონკურსები გამოცხადდება, რაც კანონის დარღვევა და დროის გაწელვაა.
იყო უკვე ერთი შემთხვევა, როცა მერმა კანონი დაარღვია _ ვგულისხმობ ნატალია ხომერიკის დანიშვნის და გადანიშვნის ფაქტს. საკრებულოზე მერის მრჩეველმა თქვა, ჟურნალისტებს მოთხოვეთ ხელმოწერის ავთენტურობის დადგენაო; იურიდიული სამსახურის უფროსმა _ ბრძანება ძალაში არ იყო შესულიო. არადა, მერის ბრძანება ძალაში ხელმოწერისთანავე შედის, რაც ეწერა კიდეც ბრძანებაში, სადაც, ასევე, გარკვევით იყო მითითებული ხომერიკის თანამდებობა და სამსახურის უფროსის ხელფასი. ძალიან კომიკური სიტუაციას ქმნიან და კანონს უხეშად არღვევენ. ადამიანებით მანიპულირებენ და ეს ძალიან ცუდია. არ შეიძლება ასე ექცეოდე ვიღაცის გავლენის ქვეშ _ ადამიანს ერთ დღეს ნიშნავდე, მეორე დღეს, ვიღაცის მითითებით ბრძანებას ცვლიდე, _ ამბობს გოგოტიშვილი.
მობილობის პროცესის გაჭიანურების გამო შექმნილ პრობლემებზე საუბრობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” ბესო ქათამაძეც.
დეპუტატის თქმით, მას მერთან კომუნიკაცია აქვს და მისი ინფორმაციით, ბიუჯეტი საკრებულოში მალე შემოვა:
_ პრობლემები, რა თქმა უნდა, არის და ამაზე მქონდა საუბარი მერთან, მის მოადგილესთან. როგორც მითხრეს, ორშაბათიდან სპეციალისტებს მიეცათ უფლება გასცენ ცნობები, რომლებიც მოსახლეობას სჭირდება და ამ ცნობებს ბეჭედს იურიდიული სამსახურის უფროსი არტყამს. ფაქტობრივად, მერის წარმომადგენლის ფუნქცია იურიდიული სამსახურის უფროსს აქვს შეთავსებული. რაც შეეხება მობილობის გაჭიანურებას, რამდენადაც ვიცი, იგი მალე უნდა დასრულდეს. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ პროცესი გამჭვირვალე იყო და თანამდებობებზე შეირჩნენ პროფესიონალები და არა პოლიტიკურად მოტივირებული პირები. მითხრეს, რომ მობილობის პროცესში მყოფ ადამიანებს უკვე დაეგზავნათ შეთავაზებები. მთავარია, ყველაფერი კანონის შესაბამისად წარიმართოს და კითხვები არ დატოვოს ისე, როგორც ეს მოხდა ნატალია ხომერიკის შემთხვევაში, _ ამბობს ქათამაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას.
მისივე თქმით, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის გია მამაკაიშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბიუჯეტის საკრებულოში შეტანა მეორე ტურმა გააჭიანურა და ეს პროცესის ამ კვირაში დასრულდება:
_ პრობლემები რომ არსებობს ფაქტია და იმედია, დროულად მოგვარდება, _ აღნიშნავს ბესო ქათამაძე.