თბილისში, ავლაბარში, დმანისის 4 ნომერში, საცხოვრებელი კორპუსის, სადემონტაჟო სამუშაოები, კვლავ უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს.
,,გურია ნიუსი“ აღნიშნულის შესახებ უკვე წერდა. თუმცა, ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია არც მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან და არც ისნის რაიონის გამგეობიდან.
უფრო მეტიც, ადგილზე მისულებს მდგომარეობა ამჯერად კიდევ უფრო საგანგაშო დაგვხვდა _ ტერიტორიაზე, სადაც სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს, დამცავი ღობე სრულად გახსნილია და ნებისმიერ ადამიანს, ბავშვს თავისუფლად შეუძლია ობიექტზე მოხვედრა. სადემონტაჟო სამუშაობის პარალელურად, ხანდაზმულ ქალბატონს სამშენებლო მასალები (ხის მასალა) გაჰქონდა. მისი თქმით, იცის, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შესვლა, რა, თქმა უნდა, საშიშია. „რა უნდა ქნა, როცა გიჭირს და ზამთარში ვერ თბები, სხვა გზა არ გაქვს“, _ გვითხრა ქალბატონმა.
ობიექტზე მომუშავე მუშებმა, ,,გურია ნიუსთან“ საუბარზე უარი განაცხადეს. როგორც თბილისის მერიის პრესსამსახურის გვითხრეს, აღნიშნულ ფაქტს გადაამოწმებდნენ და დაგვიკავშირდებოდნენ, თუმცა, „გურია ნიუსს“ ამ დრომდე არავინ დაკავშირებია, უფრო მეტიც, ისინი ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობენ.
დღემდე ვერ დავადგინეთ, რომელი კომპანია აწარმოებს დმანისის ქუჩის 4 ნომერში სადემონტაჟო სამუშაოებს, ამიტომ ობიექტზე მომუშავე მძიმე ტექნიკაზე მითითებულ ნომერზე დავრეკეთ. თუმცა, ვერც პიროვნებამ, რომელსაც დავუკავშირდით, ვერ გვითხრა კომპანიის სახელი, ვისი დაკვეთითაც ის მუშაობდა და თბილისის მერიასტან გადაგვამისამართა.
,,არ ვიცი რომელი კომპანიის დაკვეთით ვმუშაობთ. როგორც ვიცი მერიის დაკვეთით ხორციელდება სადემონტაჟო სამუშაოები და მათ დაუკავშირდით“, _ გვიპასუხა მან.