1927 წელს შედგა ნიკოლოზ შენგელაიას კინოსარეჟისორო დებიუტი ფილმით ,,გიული”, რომელშიც მოთხრობილია საქართველოში მცხოვრები მუსულმანი ქალისა და ქრისტიანი კაცის ტრაგიკულ სიყვარულზე, დრომოჭმულ ჩვეულებებზე, რელიგიურ ფანატიზმზე, საბოლოოდ, რელიგიურმა თემამ უკანა პლანზე გადაიწია და ფილმი მოტყუებული ქმრის შურისძიების ამბად იქცა. კინოსურათის თანარეჟისორი იყო ლეო პუში, ხოლო ოპერატორი და ერთ-ერთი სცენარისტი შენგელაიას მეგობარი მიხეილ კალატოზიშვილი. ,,მე და კოლია ,,მემარცხენეები” ვიყავით, – იგონებდა კალატოზიშვილი, – ჩვენი ესთეტიკური კრედო შემოქმედებით პრაქტიკაში გვინდოდა გაგვეტარებინა. გადავწყვიტეთ ,,მემარცხენული” ხასიათის კინოსცენარის შექმნა თავისუფალ თემებზე… ჩემთვის სრულიად მოულოდნელად კოლიამ გამომიცხადა, რომ შ. არაგვისპირელის მოთხრობიდან ,,გიული” სცენარი უნდა დავწეროთო. ამ მოულოდნელმა განცხადებამ სახტად დამტოვა”. ,,სიყვარულმა მე კი არა, გადარია ტარიელიო…” როგორც ამბობენ, სწორედ ამ მარადიულმა გრძნობამ შეაცვლევინა შენგელაია-,,მემარცხენეს”, რომელიც აცხადებდა, რომ მომავლის ხელოვნებას წარსულის სულიერი კულტურის დაუხმარებლადაც შექმნიდა, საკუთარი მსოფლმხედველობა _ მას ნატო ვაჩნაძე შეუყვარდა და ყველა ღონეს ხმარობდა, რომ მსახიობი საკუთარ ფილმში გადაეღო. თუმცა ცოტა ხნით ადრე, მათ მაგარი დავა მოსვლიათ ფილმთან ,,ქარიშხლის წინ” დაკავშირებით და შენგელიას უთქვამს – ჩემს ფილმში არასოდეს გადაგიღებო… მაგრამ როგორც ხედავთ, გადაიფიქრა. სწორად უთქვამთ, არასოდეს თქვა არასოდეს. თითქოს რა მოსატანია, მაგრამ ამის თაობაზე გამახსენდა ჯეიმს ბონდი და შონ ქონერი, რომელსაც ამ სუპერაგენტის როლმა ისე მოაძულა თავი, რომ ერთხელაც თქვა – რომ შემეძლოს ჩემი ხელით დავახრჩობდი ამ ბონდსაო. ეგრეა, როცა ერთი და იგივე პერსონაჟს თამაშობს მსახიობი, მერე სტერეოტიპი აეკიდება და ყველა მასში მხოლოდ იმ გმირსა ხედავს. ჰოდა, გადაწყვიტა არასოდეს ეთამაშა ეს გმირი. მაგრამ… 1983 წელს მაინც შეასრულა ბონდის როლი და ფილმსაც შესაფერისი სახელი შეურჩიეს: ,,არასოდეს თქვა ისევ არასოდეს”.
სანამ ,,გიულის” გადაღება დაიწყებოდა ბევრი ,,სახელმოხვეჭილი კინორეჟისორი” უარყოფითად შეხვდა ვაჩნაძის გადაწყვეტილებას ეთამაშა ,,უსახელო ახალგაზრდა რეჟისორთან”, ურჩევდნენ თავი არ დაეღუპა და ეს სათუო ნაბიჯი არ გადაედგა. მან რჩევა საკუთარ გურუს ჰკითხა და კოტე მარჯანიშვილმა შენგელაიასთან მუშაობა ურჩია. ფილმში ნატო ვაჩნაძემ შექმნა ტრაგიკული და მტკიცე ნებისყოფის ახალგაზრდა ქალის სახე. ,,მახსოვს სცენა: გიული მიდის საყვარელი მამის საფლავზე. ნ. შენგელაიამ მოიწვია გუნდი და დაავალა მას გაბმული სევდიანი სიმღერების გალობა. მე სიმღერის გავლენის ქვეშ მოვექეცი და დაობლებული, დამწუხრებული ქალიშვილის გრძნობით გავიმსჭვალე, თვალები უნებურად ამიცრემლდა და ამ წუთიდან დაიწყეს სუართის გადაღება. თბილისში, პავალიონებში გადაღების დროს ყოველთვის მზად იყო ფისგარმონია და ვიოლინო. მუსიკა დიდ დახმარებას მიწევდა”. მსახიობისთვის ემოციური ფონის შესაქმნელად ხმოვანი კინოს რეჟისორებიც ხშირად იყენებდნენ ცოცხალ შემსრულებლებს, ამის კარგი მაგალითია სერჯიო ლეონე; ჯეიმს ვუდსის (,,ერთხელ ამერიკაში”) მოგონებების მიხედვით, რეჟისორს გადასაღებ მოედანზე ყოველთვის ჰყავდა მუსიკოსები.
მსხვილი ხედები, წაფენით გადასვლები, შუქ-ჩრდილები -დამწყები რეჟისორები ცდილობდნენ ახალ გამომსახველობით მხატვრულ ფორმების გამოძებნას. ,,…საინტერესოა ურმის ბორბალი, რომლის ყველა განზომილება მოცემულია მოქმედებაში და პირველად იძლევა ამ სურათში ნივთის გათამაშების ნიმუშს”. ბორბალთან დაკავშირებით მხედველობაში აქვთ ფილმის ბოლოს ხარებშებმული ურმებით დევნა, ეს ეპიზოდი ალბათ უნიკალურია, რადგან კინოს იტორიაში ბევრი სხვადასხვა დევნის სცენა (ეტლებით, ცხენებით, მანქანებით, სპილოებით, თვითმფრინავებით, ტრაქტორებით…) გადაღებულა, მაგრამ ურმებით, მე მგონი, არასდროს. ტიციან ტაბიძე ჟურნალ ,,საბჭოთა ხელოვნების” (1927, #6) ფურცლებზე მიესალმა შენგელაიას ფილმის გამოსვლას, თუმცა თავად რეჟისორი საკუთარ ნამუშევარს ,,მოწაფეურ ექსპერიმენტს” უწოდებდა. მიუხედავად ყველაფრისა, ,,გიული” ძალიან სქემატური ფილმი გამოვიდა, თხრობის ერთგვარმა მონოტონურობამ ფილმის გამომსახველობით სტილისტიკაზე იმოქმედა.