ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის აწ უკვე ყოფილმა უფროსმა ნატალია ხომერიკმა ოზურგეთის მერის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.
საქმე ეხება მის უკანონოდ გათავისუფლებას, რომელსაც წინ რამდენიმე დანიშვნის და გათავისუფლების ბრძანება ახლავს.
სულ თავიდან რომ დავიწყოთ, 2017 წლის 15 დეკემბერს „გურია ნიუსმა“ ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონსტანტინე შარაშენიძემ 12 დეკემბერს სამსახურის უფროსად დანიშნული ხომერიკი 14 დეკემბერს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლა.
ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იმავე დღეს აღნიშნეს, რომ შარაშენიძემ კანონი დაარღვია. ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე ოზურგეთის მერთან საუბარი ჰქონდა. თალაკვაძემ იმედი გამოთქვა, რომ შარაშენიძე ხომერიკს შეხვედრებოდა სწორ გადაწყვეტილებასაც მიიღებდა.
სიტუაციაში გარკვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმაც სცადეს და განმარტება მერის მრჩეველს იურიდიულ საკითხებში კოკა კიღურაძეს და იურიდიული სამსახურის უფროსს ლაშა თავაძეს საკრებულოს სხდომაზე მოსთხოვეს.
თავაძემ კონსტანტინე შარაშენიძის ეს გადაწყვეტილება საკრებულოზე საკმაოდ უცნაურად ახსნა და აღნიშნა, რომ ხომერიკის დანიშვნის ბრძანება ძალაში შესული არ იყო.
კოკა კიღურაძე უფრო შორს წავიდა და დეპუტატები ჟურნალისტთან გადმოამისამართა:
_ ჟურნალისტს, ვინც ეს ბრძანება გამოაქვეყნა,მოსთხოვეთ ავთენტურობის დადგენა, _ მიმართა კუღურაძემ საკრებულოს დეპუტატებს, სადაც ოზურგეთელთა რჩეულების მხრიდან პროტესტი მოყვა.
თავად შარაშენიძემ კი აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს.
თუმცა, როგორც „გურია ნიუსის“ მიერ ოფიციალურად მოპოვებული დოკუმენტები მოწმობენ ეს ე.წ. „ტექნიკური ხარვეზი“ შარაშენიძემ 20 დეკემბერს „გააპრავა“. მანამდე კი ხომერიკი განყოფილების ხელმძღვანელადაც დანიშნა.
უფრო კონკრეტულად კი 12 დეკემბერს შარაშენიძე წერს #40 ბრძანებას და ნატალია ხომერიკს ნიშნავს ოზურგეთის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსად.
14 დეკემბერს წერს ახალ ბრძანებას ნომრით 42 და 12 დეკემბერის #40 ბრძანებას ძალადაკარგულად აცხადებს ისე, რომ მიზეზს არ განმარტავს.
იმავე დღეს შარაშენიძე კიდევ ერთ ბრძანებას წერს (#43) და ხომერიკს მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის კულტურის განყოფილების უფროსის მე-2-ე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნიშნავს.
20 დეკემბერს შარაშენიძე წერს ახალ, #94 ბრძანებას, რომელშიც წერია: „ ბათილად იქნას ცნობილი ნატალია ხომერიკის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსის, პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მობილობის წესით გადაყვანის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 დეკემბრის #40 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 14 დეკემბრის #42 და ნატალია ხომერიკის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტი და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის კულტურის განყოფილების უფროსის მე-2-ე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მობილობის წესით გადაყვანის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 14 დეკემბრის ბრძანებები“.
შარაშენიძეს ამ ბრძანებაში ბათილობის მიზეზი არ დაუკონკრეტებია, თუმცა იმავე დღეს კიდევ ერთი #95 ბრძანება გამოსცა, რომელიც #40 ბრძანების ბათილად ცნობას ეხება და რომელშიც აღნიშნულია, რომ ხომერიკის სამსახურის უფროსად დანიშვნის ბრძანებისას გამოყენებული იქნება ელექტრონული სისტემა, სადაც „დაშვებული იქნა არსებითი შეცდომა“
ეს ‘არსებითი შეცდომა“ შარაშენიძეს არც ამ დოკუმენტში აქვს განმარტებული და განმარტებას არც სხვაგვარად აკეთებს. მერი კითხვების გაგზავნას ტიტულიანი ფურცლით ელექტრონულ ფოსტაზე ითხოვს და პასუხსაც ამგვარად, მაშინ მოგვაწოდებს, როცა თავად მიიცლის (?!).
თუმცა, განმარტებაზე უარს არ ამბობენ იურისტები, რომლებიც აღნიშნული ბრძანებების გაცნობით შემდეგ ერთხმად ამბობენ, რომ ადგილი აქვს კანონმდებლობის უხეშ დარღვევას და შესაძლო დისკრიმინაციას.
სამართლმცოდნე ლევან ალაფიშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ „მერის აღიარება შესაძლოა გამოძიების დაწყების საფუძველი გახდეს“:
„ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა შეიძლება თუკი მისი მომზადებისას ან გამოცემისას დარღვეულია კანონი ან არსებითად დარღვეულია მომზადების წესი.
ეს უკანასკნელი როგორც წესი კოლეგიურ ორგანოზე ვრცელდება. განსახილველ შემთხვევაში ბათილად ცნობის ბრძანებებით მერი თვითონვე ადასტურებს რომ წინა ბრძანებების გამოცემისას დაირღვა კანონი, მან გააფორმა კანონის დარღვევა.
ეს კი ნიშნავს რომ საკითხი, მერის აღიარება შესაძლოა გახდეს გამოძიების დაწყების საფუძველი, კანონდარღვევისას ადგილი ხომ არ ჰქონდა თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ან სხვა სისხლისსამართლებრივ თუ ადმინისტრაციულ გადაცდომას.
გამოსცე ბრძანება, ორ დღეში ძალადაკარგულად გამოაცხადო და ორ დღეში ორივე ბათილად სცნო _ ეს სამართლებრივად ნონსენსია, არაკომპეტენტურობის საუკეთესო ნიმუშია.
ბათილად ცნობა შესაძლებელია მხოლოდ ძალაში მყოფი აქტისა, ძალადაკარგულად გამოცხადების შემდეგ თავდაპირველმა აქტმა ძალა დაკარგა, სამართლებრივად და ფაქტობრივად არ არსებობს და თუ ასეა რა სცნო ბათილად მერმა? ადვილად დასანახია სამართლებრივი აბსურდი და არაკომპეტენტურობა“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.
ამავე თემაზე: ოზურგეთის მერმა მის მიერ ხელმოწერილი ბრძანების შინაარსი არ იცის _ “არ დამინიშნავს”
ნატალია ხომერიკის ერთდღიანი თანამდებობა _ რა მოხდა ოზურგეთის მერიაში
საია ხომერიკის საქმეზე: “თუ მოხელის თანხმობა არ იყო, დარღვეულია კანონი”
მერის მრჩეველი დეპუტატებს: “მოსთხოვეთ ჟურნალისტს ბრძანების ავთენტურობის დადგენა” (ვიდეო)
ქართველი ხელოვანები ნატალია ხომერიკის მხარდასაჭერად მიმართვას ავრცელებენ (ვიდეო)